აქტუალური
ვმუშაობთ ყველა სახელმწიფოსთან კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებთან მიმოსვლის აღდგენის საშუალებას მოგვცემს - ირაკლი ჩიქოვანი

 საქართველო, 7 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა გუშინდელ ბრიფინგზე ყურადღება გაამახვილა ევროპული საბჭოს მიერ საკუთარი წევრი სახელმწიფოების მიმართ მიღებულ რეკომენდაციაზე, რომ 15 ქვეყანა, მათ შორის საქართველო, უსაფრთხო ქვეყნების სიაშია შეყვანილი.

ჩიქოვანის თქმით, აღნიშნული ფაქტი ხაზს უსვამს, რომ როგორც ხელისულფებამ, ისე საქართველოს მოქალაქეებმა „კოვიდ-19“-თთან ბრძოლის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი შედეგის მიღწევა შეძლეს, რასაც საერთაშორისო აღიარება მოჰყვა.

ჩიქოვანის შეფასებით, სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან ეს აღიარება არის ძალიან მნიშვნელოვანი და საქართველო მუშაობს ყველა სახელმწიფოსთან მიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით კონკრეტული სამოქმედო გეგმისთვის.

ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენთვის სასიამოვნოა, რომ ეს აღიარება არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების, ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების მხრიდან, მაგრამ ეს რეკომენდაცია როგორც იცით არ არის სავალდებულო და თითოეულ სახელმწიფოს ევროპული საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით აქვს თავისუფლება, დააწესოს კონკრეტული პროცედურები მიმოსვლასთან დაკავშირებით.

საქართველო მუშაობს ყველა სახელმწიფოსთან, რომ შევიმუშაოთ ძალიან კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რაც დაკავშირებული იქნება იმ პროცედურებთან, რომლებიც ამ ქვეყნებთან მიმოსვლის აღდგენის საშუალებას მოგვცემს. ამასთან, არის გარკვეული ლოჯისტიკური, ტექნიკური საკითხები, რომლებსაც, რამდენიმე თვის შემდგომ, რაც პრაქტიკულად გაჩერებულ რეჟიმში ვიყავით, მსოფლიო გაჩერებულ რეჟიმში იყო, სჭირდება მოწესრიგება და მოგვარება.

ეს მოლაპარაკებები არის ძალიან ინტენსიური, მოითხოვს ინდივიდუალურ მოლაპარაკებას და ამ თვალსაზრისით ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული შედეგები, რომლებზეც დამატებით კიდევ იქნება მსჯელობა.

კონკრეტულ მიმართულებებთან და ვადებთან დაკავშირებით შეგვიძლია, ვისაუბროთ მოგვიანებით და ამას საზოგადოებას გავაცნობთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო აღმოჩნდა უსაფრთხო სახელმწიფოების ჩამონათვალში და როგორც ჩვენ, ისე ჩვენი ევროპელი კოლეგები იზიარებენ მოსაზრებას, რომ შემდგომში მიღებული ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს თანმიმდევრული, მეცნიერულ კვლევებსა და ეპიდემიოლოგების რჩევებზე დაყრდნობილი. ამ გადაწყვეტილებებმა არ უნდა დააზიანონ ის გადაწყვეტილებები, რომლებიც აქამდე იქნა მიღებული და მოგვიტანა ასეთი დადებითი შედეგი“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.