საზოგადოება
ანრი ოხანაშვილი - მოლოდინი გვაქვს, რომ ოპოზიციას ბინძური, პოლიტიკურად უზრდელური და არაადეკვატური საარჩევნო კამპანია ექნება

 საქართველო, 22 ივლისი, საქინფორმი. მოლოდინი გვაქვს, რომ ოპოზიციას ბინძური, პოლიტიკურად უზრდელური და არაადეკვატური საარჩევნო კამპანია ექნება, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებზე ოპოზიციის განცხადებებს ოხანაშვილმა არასერიოზული უწოდა და მათ მსგავსი შეფასებებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

"ნამდვილად არ ვაპირებ, რომ "ოპოზიციის უშინაარსო განცხადებებზე სერიოზული კომენტარი გავაკეთო, ვინაიდან ეს ადამიანები პოლიტიკურად თავხედები და ცინიკოსები არიან. მათ ვურჩევ, რომ არასერიოზული განცხადებებისგან თავი შეიკავონ. როდესაც საუბარია იმაზე, რომ ჯანსაღი კონკურენტული გარემო უნდა შევქმნათ, ეს ნიშნავს იმას, რომ ელემენტარული პატივისცემა და პოლიტიკური კორექტულობა მართებს ყველა პოლიტიკურ ჯგუფს. ჩვენ ვიცით და მოლოდინი გვაქვს, რომ მათ ბინძური, პოლიტიკურად უზრდელური და არაადეკვატური საარჩევნო კამპანია ექნებათ. ჩვენ ამ დღის წესრიგში არ შევდივართ, ვინაიდან ისინი წარსულის ჯგუფები არიან, ჩვენ კი მომავლისკენ ვიყურებით. დარწმუნებული ვართ, რომ 2020 წლის არჩევნების შედეგად, საზოგადოებასთან ერთად მომდევნო წარმატებულ 4 წელს შევქმნით.

ჩვენი გუნდისთვის კრიტერიუმები პირველ რიგში, არის პროფესიონალიზმი, კვალიფიციურობა, საზოგადოების განწყობა, რეპუტაცია, პოლიტიკური გამოცდილება და სახელმწიფოებრივი აზროვნება“, - განაცხადა ოხანაშვილმა.