უცხოეთი
ჰასან რუჰანი - ირანელმა ხალხმა აჩვენა, რომ ნებისმიერ ზეწოლასთან გამკლავება დაჩოქების გარეშე შეუძლია

 საქართველო, 27 ივლისი, საქინფორმი. ირანის პრეზიდენტის ჰასან რუჰანის განცხადებით, კორონავირუსთან ირანის ხუთთვიანმა ბრძოლამ, ისევე როგორც ქვეყნის წინააღმდეგ ორ წელზე მეტი ხნის წინ დაწესებულ სანქციებთან მისმა გამკლავებამ აჩვენა, რომ ირანს შეუძლია სირთულეებს გაუძლოს.

„ირანელმა ხალხმა ამ ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ისევე კორონავირუსთან ხუთთვიანი ბრძოლის მანძილზე, აჩვენა, რომ მას აქვთ საკმარისი ძალა, ნებისმიერ ზეწოლას დაჩოქების გარეშე დაუპირისპირდეს,“- განაცხადა ირანის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, მტერი ირანელებს ვერ გატეხს, თუნდაც მათ წინააღმდეგ კიდევ 10 სანქციაც დააწესოს.

„მტერმა კიდევ 10 სანქციაც რომ დააწესოს ირანელი ხალხის გასატეხად, ამას მაინც ვერ მიაღწევს“, - აღნიშნა ჰასან რუჰანიმ.

შეგახსენებთ, ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო მას შემდეგ გამწვავდა, რაც დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, ამერიკამ 2018 წელს ბირთვული შეთანხმება დატოვა და ირანს 2015 წელს მოხსნილი სანქციები ხელახლა დაუწესა.

interpressnews.ge