საქართველო, 21 აგვისტო, საქინფორმი. ფრანგი მწერალი, ფილოსოფოსი და ჟურნალისტი ბერნარდ-ჰენრი ლევი, რომელიც მედიაში "ლიბერალიზმის ნაცრისფერ კარდინალად" მონათლეს, ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატ სვეტლანა ტიხანოვსკაიას შეხვდა. ლევის თქმით, შეხვედრა ვილნიუსში გაიმართა. თუ რა იყო მათი საუბრის საგანი, ლევიმ არ დააკონკრეტა. მწერალმა აღნიშნა, რომ ტიხანოვსკაიასთან შეხვედრამ აღაფრთოვანა და მას ”ბელარუსის რევოლუციის სახე” და „ტირანი ლუკაშენკოს” ოპოზიცია უწოდა.
ლევი ცნობილია სხვადასხვა ქვეყანაში ლიბერალური ღირებულებების და რევოლუციური მოძრაობების მხარდაჭერით. კერძოდ, 1999 წელს მან ნატოს ქვეყნებს მოუწოდა დახმარებოდნენ „კოსოვოს გათავისუფლების არმიას“ და დაეწყოთ იუგოსლავიის დაბომბვა, ასევე მხარდაჭერა აღმოეჩინათ იჩქერიის არაღიარებული ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ასლან მასხადოვისთვის. ამასთან, ფრანგი ჟურნალისტი მხარს უჭერდა საქართველოში „ვარდების რევოლუციას“ 2003 წელს და „ევრომაიდანს“ უკრაინაში 2014 წელს. ლევი ასევე მონაწილეობდა "არაბული გაზაფხულის" მოვლენებში, გამოდიოდა ლიბიის ლიდერის, მოამარ კადაფის წინააღმდეგ, და სთავაზობდა სირიაში პრეზიდენტ ბაშარ ასადის რეჟიმთან გამკლავებას ლიბიის სცენარის მიხედვით.