პუბლიკაციები
14 წლის გვანცა ყუფარაძე 18 თვე მარტო ამყოფეს საკანში, მაგრამ ცრუ ჩვენება მაინც ვერ მიაცემინეს

gvanca_yufaraZeგანზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაპატიმრებული 14 წლის გვანცა ყუფარაძის საქმე საქართველოს მართლმსაჯულე­ბისთვის რეზონანსული აღმოჩნდა. ქართველი თუ უცხოელი უფლებადამცველების მცდელობის მიუხედავად, გოგონას ციხიდან დახსნა ვერ მოხერხდა. გვანცა ყუფარაძეს 10 წელი მიუსაჯეს – 5 წლით პატიმრობა და 5 წლით პირობითი. იგი, უკვე მეხუთე წელია, სასჯელს იხდის. გვანცა ყუფარაძის საქმეში დღემდე უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა და ურთიერთგამომრიცხავი გარემოებები არსებობს, თუმცა ეს სასამართლოს რატომღაც არ გაუთვალისწინებია. გამოძიებას არ დაუსაბუთებია, როგორ მოახერხა 14 წლის გოგონამ თანატოლის ორი ბასრი საგნის მეშვეობით დაჭრა ისე, რომ მას ოდნავი დაზიანებაც არ მიუღია. ასევე,  გაურკვეველია, რატომ იქცა მართლმსაჯულებისთვის ფრიადოსანი მოსწავლე ერთ დღეში საზოგადოებისთვის საშიშ და დაუნდობელ მკვლელად. ვინაა დაინტერესებული გვანცა ყუფარაძის პატიმრობით და რა ახალი გარემოებები და დარღვევები აღმოჩნდა აღნიშნული საკითხის ირგვლივ. ამის თაობაზე “საქართველო და მსოფლიოს” გვანცას მამა - ალექსანდრე ყუფარაძე ესაუბრა.

მიუხედავად იმისა, რომ გვანცა ყუფარაძე ერთი შეხედვით ყველა შესაბამის კრიტერიუმს აკმაყოფილებდა, რატომ უთხრა მას უარი კომისიამ პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე?

– პატიმართა ვადაზე ადრე გათავისუფლების კრიტერიუმები განისაზღვრება საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ბრძანებულების მიხედვით თუ პატიმარი დადებითად ხასიათდება და აკმაყოფილებს შესაბამის კრიტერიუმებს, მისი ვადამდე გათავისუფლებაც შესაძლებელია. მაგრამ, რატომღაც ასე არ მოხდა გვანცას შემთხვევაში. არადა, გვანცას სანიმუშო დახასიათება და ყველა პირობა აქვს ვადაზე ადრე გასათავისუფლებლად. მას ყველა ღონისძიებაში აქვს მონაწილეობა მიღებული და კარგი ქცევისა და სანიმუშო სწავლისთვის დამატებითი ოთხი პაემნის უფლებაც კი მიანიჭეს. არ ვიცი, ოჯახური პირობების შეფასებაში მინუსქულა რატომ დაუწერეს. მყავს მეუღლე, ერთადერთი შვილი გვანცა და პირველი ჯგუფის ინვალიდი, უსინათლო, 85 წლის დედა და ეს თუ არის ნაკლი, არ ვიცი. ადმინისტრაციის მიმართ ზრდილობიანი მოქცევაც თურმე მინუსად ფასდება. რად­გან ნაკლი ვერ უპოვეს, ჩაწერეს, თითქოს მშობლებთან ხშირი კონტაქტი არ აქვს და რისკის ფაქტორიდან გამომდინარე, ვუწერთ მინუს ერთ ქულასო. არ მესმის, ეს რას ნიშნავს. მონაცემები სპეციალურად გააყალბეს. კანონით, გვანცა უკვე თავისუფალი უნდა იყოს, ვინაიდან, მან საპატიმრო სასჯელის ორი მესამედი უკვე მოიხადა, მაგრამ, მაინც არ გაათავისუფლეს.
ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან კიდევ გასაგებია ასეთი საქციელი, მაგრამ ყველაზე მეტად იმან გამაოცა, რომ ოქმს ხელს ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ზვიად დევდარიანიც აწერდა, რომელმაც ჟურნალისტის დასმულ შეკითხვაზე გვანცას სახელიც კი ვერ გაიხსენა. ის ამბობს, არ შევკრებილვართ და არ განგვიხილავს ეს საკითხი, არ ვიცნობ ამ საქმესო. 
სწორედ აქ აღმოვაჩინე სერიოზული დარღვევა, მინისტრის ბრძანებულება ეწინააღმდეგება პატიმრობის კოდექსის 42-ე მუხლს. პატიმრობის კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად, პატიმრის გათავისუფლება ევალება ადგილობრივ საბჭოს, ამ კომისიის წევრებს უნდა ემოქმედათ ადმინისტრაციული წესით, ზეპირი მოსმენით. მინისტრის დებულება კი, კანონის გვერდის ავლით, კომისიას დამატებით ფუნქციას ანიჭებს და საბჭოს საქმის განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშეც შეუძლია. ეს სერიოზული დარღვევა და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხია, რადგან გამოდის, ისინი ყალბ დოკუმენტზე აწერენ ხელს. მინისტრი კანონზე მაღლა აყენებს თავს. უახლოეს დღეებში, მე მივმართავ სასამართლოს დებულების ამ ნაწილის გასასაჩივრებლად.
როგორ ფიქრობთ, ვინაა დაინტერესებული გვანცას პატიმრობით?
– უნდოდათ, გვანცას ეღიარებინა ის, რაც არ მომხდარა. 14 წლის არასრულწოვანი 18 თვე მარტო ამყოფეს საკანში და მაინც ვერ გატეხეს. ტყუილი არ თქვა და პედაგოგების ბრძანება, ნუ ამბობ სიმართლეს, სკოლის პრესტიჟი შეილახებაო, არ გაითვალისწინა. მაინც სიმართლე თქვა, ფანჯრიდან კი არ გადმოვარდა თორნიკე ტყემალაძე, როგორც თქვენ ამბობთ, არამედ დაჭრესო.
ხელისუფლებას არ შეუძლია საკუთარი შეცდომის აღიარება. თუ ვინმე გაუმართლებიათ, ციხის კედლებში  მოხვედრამდე, რადგან ციხიდან გათავისუფლების შემთხვევაში, უკანონო პატიმრობის გამო, პატიმარს უკვე კომპენსაცია ეკუთვნის, რაც ხელისუფლებას, რა თქმა უნდა, არ აწყობს. 
საზოგადოებაში გავრცელებული ვერსიის თანახმად, საქმეში ფიგურირებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კო­მიტეტის თავმჯდომარის პავლე კუბლაშვილის გვარი...
– ამის შესახებ მეც მსმენია, თუმცა მე არ მაქვს კონკრეტულად კუბლაშვილის ბრალეულობის დამადასტურებელი ფაქტე­ბი. როდესაც პავლე კუბლაშვილი გამოვიდა და განაცხადა, მე ეს საქმე შევისწავლე და დაზარალებულ ტყემალაძეს 7 ჭრილობა აქვს მიყენებულიო, საზოგადოებაში ეჭვი სწორედ აქედან გაჩნდა, რადგან დაზარალებულს რეალურად 33 ჭრილობა აქვს.
ახალგაზრდული მოძრაობა „არას“ წევრები იკვლევდნენ ამ საქმეს და აღმოაჩინეს, რომ ჩხუბში ერთ-ერთი მონაწილის ახლო ნათესავია „სოდის“ ყოფილი თანამშრომელი, ამჟამად კი უშიშროების თანამშრომელი ვინმე ბეჟიტაშვილი, რომლის მეუღლე ნანა ბეჟიტაშვი­ლიც მოსამართლეა და ისინი მეგობრობენ ძმებ კუბლაშვილებთან. „არას“ წევრი ოთო ბექაური, სამინისტროს წინ აქციაზე დაიჭირეს, რადგან კუბლაშვილები პირველად სწორედ მან დაადანაშაულა. 
მოძრაობა „არას“ წევრები აცხადებენ, რომ აქვთ დამნაშავეების ფოტოები და, თუ გამოძიებას დააინტერესებს, მზად ვართ, ინფორ­მაცია მივაწოდოთო. მაგრამ ეს ფაქტი არც ხელისუფლებისთვის და არც გამოძიებისთვის საინტერესო არ აღმოჩნდა. 
როგორ მოხვდა დანაშაულის ადგილზე გვანცა?
– გვანცა შემთხვევით შეესწრო თორნიკე ტყემალაძის დაჭრის ფაქტს, რომელშიც 4 პირი მონაწილობდა. მე ამ დამნაშავეებთან საქმე არ მაქვს, ამ ადამიანებით გამოძიება უნდა დაინტერესდეს. მათ ჩემი შვილისთვის არაფერი დაუშავებიათ. 
თავიდან გვანცას სახელი საერთოდ არ ფიგურირებდა ამ საქმეში. არსებული ვერსიის თანახმად, ტყემალაძის დაჭრა ამავე სკოლელის, ხატია ბედოიძის სახელს უკავშირდებოდა. სწორედ ამ გოგონას დეიდაშვილი იყო ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილე. ვინაიდან ტყემალაძემ ამ გოგონას ტელეფონი ჩააბარა ლომბარდში, იგი შურისძიების მიზნით დაჭრეს, მაგრამ ის გოგო საქმიდან მალე საერთოდ გააქრეს. ეს ყველაფერი კარგად იცოდა ორმა პედაგოგმა,  რომლებმაც სისხლის კვალიც წაშალეს. 
რატომ წაშალეს კვალი, რა დაინტერესება ჰქონდა სკოლის ადმინისტრაციას?
– წინააღმდეგ შემთხვევაში სკოლის დირექციის პასუხისმგებლობის საკითხი დადგებოდა, კანონში პირდაპირ წერია, რომ სკოლის ტერიტორიაზე უცხო პირების ყოფნის გამო, პასუხისგებლობა სკოლის დირექციას ეკისრება. მნიშვნელოვანი იყო ასევე სკოლის პრესტიჟის საკითხიც. 1 საათზე მოხდა დანაშაული და პოლიცია დანაშაულის ადგილზე საღამოს 8-9 საათზე მივიდა.
თუ გვანცამ  დაჭრა თანატოლი ბიჭი, ბუნებრივია, წინააღმდეგობის გაწევის მომენტში მსუბუქი დაზიანება მასაც უნდა მიეღო. ამასთან, ისიც საინტერესოა, აღმოჩნდა თუ არა სისხლის კვალი გვანცას ტანისამოსზე?
– წარმოიდგინეთ, 33 ჭრილობას რომ მიაყენებ ადამიანს, ერთი წვეთი სისხლი მაინც მოგეცხება. გვანცა პირველივე დაკითხვაზე თავად მივიყვანე, მაშინ მოწმის სახით დაიკითხა. მეორე თუ მესამე დღეს კიდევ მიმაყვანინეს და გვანცას ტანისამოსზე, „შპრიცით“ სისხლის კვალის დატოვებას ცდილობდნენ. 
დაზარალებულმა თორნიკე ტყემალაძემ რამდენიმეჯერ შეცვალა ჩვენება, რატომ დაადანაშაულა გვანცა, რა შეიძლებოდა მას გვანცას საწინააღმდეგო ჰქონოდა?
– პოლიციაში თორნიკე ტყემალაძეს დაემუქრნენ და შეაშინეს. მას უნდა დაესახელებინა, ვინ დაჭრა და გვანცა დამნაშავეების ამოსაცნობად უნდა მისულიყო, მაგრამ რატომღაც ეს პროცესი ჩაიშალა. არანაირი პროცესუალური ნორმები არ ჩატარებულა. მხოლოდ მიდიოდნენ და სთხოვდნენ, გვანცა, იქნება დანაშაული აღიაროო. 
რა დასახელდა დანაშაულის ჩადენის მოტივად?
– საქმეც ეგაა, რომ დანაშაულის ჩადენის მოტივიც არ არსებობს. ამას გარდა, დანაშაულის თვითმხილველიც არ არსებობს.
მართლა გითხრათ მოსამართლემ, თქვენს ადგილზე მოვკლავდი  თორნიკე ტყემალაძესო?
– მოსამართლე დალი მეტრეველმა გვითხრა, ერთადერთი შვილის პატრონები ხართ და როგორ იტანთ ასეთ რამეს, თუ გაბრალებთ და მართლები ხართ, მოკალითო, მე თქვენ ადგილზე მოვკლავდიო. პროცესი დახურული იყო და ჩვენ გარდა, არავინ ესწრებოდა. გვანცა შეეპასუხა, მე ხომ აქ ვზივარ და ჩემი მშობლებიც, გინდათ, აქ ჩასვათო? ჩვენი პროვოცირება სურდათ. 
4 წელია, სამართლებრივი გზით ვიბრძვი და მომავალშიც ასე გავაგრძელებ. უფლისთვის მიმინდვია დამნაშავეებისთვის სამაგიეროს გადახდა. სამართლებრივად კი ბოლომდე ვიბრძოლებ და არაფერს დავთმობ. 
გვანცამ სიცრუის დეტექტორზე გამოცდა მოითხოვა, რა პასუხი მიიღო?
– გვანცა ითხოვდა, მეც და თორნიკეც სიცრუის დეტექტორზე გამოგვცადონო, მაგრამ სიცრუის დეტექტორი არ გვაქვსო, ასე უპასუ­ხეს. 
სარჩელი გაგზავნილია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, როდის განიხილავს ევროსასამართლო გვანცა ყუფარა­ძის საქმეს?
– გვანცას საქმე ევროსასამართლოშია გაგზავნილი და, როდესაც სიმართლე გაირკვევა, 25 კაცი, რომელთა შორის ზოგიერთი ხელისუფლების წარმომადგენელიცაა, საბრალდებო სკამზე აღმოჩნდება.

ესაუბრა
შორენა ცივქარაშვილი

 

http://geworld.net/analisys/1254.html