რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: ხელისუფლების ვერტიკალი, ანუ რისი მოსმენა სურთ მოქალაქეებს ქართველი ხალხისადმი ბიძინა ივანიშვილის წინასაარჩევნო მიმართვაში

     ის, რაც საქართველოში დღეს ხდება, ძალიან ჰგავს 2003 წელს, როცა საპარლამენტო არჩევნები გაყალბებულად ჩაითვალა და "ვარდების რევოლუციით" დასრულდა. ოღონდ სააკაშვილი - ჟვანია - ბურჯანაძის “ტროიკის” ნაცვლად დღეს შექმნილია 26 „კომისრის“ რევკომი - 26 ოპოზიციური პარტიის ლიდერისგან შემდგარი რევოლუციური კომიტეტი და ლოზუნგი – "ყველა, შევარდნაძეს გარდა!" ჩაანაცვლა ლოზუნგმა "ყველა – ივანიშვილის წინააღმდეგ!".

   როგორც მაშინ, დღესაც თანმიმდევრულად ინგრევა სახელისუფლო ვერტიკალი - მმართველი პარტიის პოლიტიკის გატარება, მაშინ - შევარდნაძის "მოქალაქეთა კავშირის", დღეს - ივანიშვილის "ქართული ოცნების" - არასავალდებულო გახდა, ან სულად არის უგულებელყოფილი ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების სხვადასხვა შტოს, ცალკეული სამინისტროების და უწყებების მიერ, რომელთა ხელმძღვანელები თანამდებობებზე დარჩენას არჩევნების შემდეგაც აპირებენ - ახალ, როგორც ისინი ვარაუდობენ, კოალიციურ მთავრობაში.

   ძალოვანი სტრუქტურების შუა რგოლი დღესაც დაკომპლექტებულია დაკავებული თანამდებობებისთვის შეუფერებელი კორუმპირებული თანამშრომლებით, რომლებმაც კარიერა სააკაშვილის რეჟიმის დროს გაიკეთეს. დღეს ისინი მიზანმიმართულად აწყობენ საბოტაჟს მათი პასუხისმგებლობის ქვეშ არსებულ ყველა დეპარტამენტში, მათთვის მისაწვდომ მუშაობის ყველა უბანზე. მზარდი კრიმინალი და მოქალაქეების უნდობლობა სამართალდამცავი სტრუქტურების მიმართ არის ამ მანკიერი საკადრო პოლიტიკის შედეგი, ხოლო საინფორმაციო პოლიტიკა ისევ რევოლუციური არხების ხელშია, მაშინ - „ რუსთავი 2“, დღეს - მთავარი არხი“, მაშინ - დარდუბალა“, დღეს - ვანოს შოუ”. ერთადერთი ინსტიტუტია საქართველოში, რომლის მოქმედებაშიც არსებობს ლოგიკა, ეს უწინდებურად, აშშ-ის ელჩია, მაშინ - რიჩარდ მაილსი, დღეს - კელი დეგნანი.

ქართველ საზოგადოებაში ნიჰილიზმს იწვევს სხვა საკითხებიც, რომლებიც ეხება ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას, მაგრამ მათზე პასუხის გაცემა არავის შეუძლია - საქართველო, მგონი, ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც დანამდვილებით არავინ იცის - ვინ არის სახელმწიფოს მეთაური: პრეზიდენტი, პრემიერ–მინისტრი, პარლამენტის, თუ მმართველი პარტიის თავმჯდომარე? და თუ არსებობს ქვეყნის ლიდერი, მაშინ რატომ არ მიმართავს იგი დღეს ქართველ ხალხს, როგორც ეს ყველა ქვეყანაში კრიტიკულ ვითარებში, ან წელიწადში ერთხელ მაინც ხდება? განა არჩევნების წინ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, რომელიც შემდეგ აყალიბებს მთავრობას, საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერმა არ უნდა გააცნოს ამომრჩეველს ქვეყნის სახელმწიფო პრიორიტეტები და ეროვნული ინტერესები, თუკი ისინი, რა თქმა უნდა, ჩამოყალიბებულია?

მაგალითად, მე წარმოვიდგენდი ამას როგორც პირდაპირ ტელეეთერს, სადაც ბიძინა ივანიშვილი, კერძოდ, განაცხადებს შემდეგს:

”ძვირფასო თანამემამულენო!

ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ჩვენგან, საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვენ, ჩატარდეს თავისუფალი, დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნები და ჩვენ ასეთ არჩევნებს ჩავატარებთ! კიდევ ჩვენი დასავლელი პარტნიორები მოითხოვენ, რომ ახალი პარლამენტი იყოს უფრო წარმომადგენლობითი, უფრო მრავალფეროვანი და მრავალპარტიული, და ეს უკვე დამოკიდებულია არა ჩვენზე, ხელისუფლებაზე, არამედ თქვენზე, ამომრჩეველებზე! აირჩევთ პარლამენტში ერთ, ორ ან ყველა დარეგისტრირებულ პარტიას, თქვენი გადასაწყვეტია, ვინაიდან შემდეგ ამ პარლამენტსა და მთავრობასთან მოგიწევთ ცხოვრება! არჩევნები ერთადერთი დღეა, როდესაც თქვენ უშუალოდ ხელმძღვანელობთ სახელმწიფოს, განსაზღვრავთ მის მომავალს, შემდეგ კი თქვენ ამ უფლებას დელეგირებთ თქვენს რჩეულებს.

როდესაც თქვენ გსურდათ ხელისუფლების შეცვლა, ამას ყოველთვის აღწევდით, გინდოდა გამსახურდიას არჩევა, თუ შევარდნაძის და სააკაშვილის შეცვლა - თქვენ ეს მოახერხეთ! ამიტომ გააკეთეთ არჩევანი ახლაც, რის შემდეგაც საერთაშორისო დამკვირვებლებს, ხელისუფლებას, ოპოზიციას და უცხოელ ელჩებს მოუწევთ ამ არჩევანის გათვალისწინება. თქვენ, ხალხი, ერთადერთი გარანტი ხართ, რომ ოპოზიცია ვერ შეძლებს ქვეყანაში რევოლუციური სცენარის გამეორებას, თქვენ ერთადერთი ხართ, ვინც შეძლებთ თქვენი ხმების დაცვას, ნებისმიერი გარე წნეხის მიუხედავად!

თუ გაინტერესებთ, რას გეგმავს ქართული ოცნება“, ჩვენ ვიმსჯელეთ და დავადგინეთ შემდეგი პრიორიტეტები. უპირველეს ყოვლისა, მიგვაჩნია, რომ დღეს საქართველოს ხელისუფლების მთავარი ამოცანაა შევინარჩუნოთ საქართველო, როგორც კოვიდ=ეპიდემიისგან თავისუფალი არეალი. ეს არის ჩვენი მიღწევა, რომელიც აღიარა მთელმა მსოფლიომ, და ჩვენ ამით უნდა ვიხელმძღვანელოთ ყველა სხვა საკითხის გადაჭრისას, რომლებიც უშუალოდ ეხება სახელმწიფო უსაფრთხოებასა და ეროვნულ ინტერესებს. სანამ მსოფლიოში პანდემია მძვინვარებს, ჩვენ ვერ ვიგრძნობთ თავს უსაფრთხოდ, თვით ისეთი უზარმაზარი სახელმწიფოც, როგორიც უკრაინაა, დღეს მიუახლოვდა უფსკრულის პირს, როგორც მისმა პრეზიდენტმა აღიარა, რადგან იქ ვერ უმკლავდებიან კორონავირუსს. არანაკლებ ცხადი მაგალითია მეზობელი სომხეთი, რომლის ისედაც მცირე მოსახლეობა დღითიდღე დნება. ხსნა მხოლოდ ვაქცინაშია, მსოფლიოში კი მხოლოდ ერთი ვაქცინაა რეგისტრირებული - რუსული, რომლის მისაღებად უკვე გრძელი რიგია და რომელსაც ბელარუსი პირველი მიიღებს.

სწორად გამიგეთ - საქართველო პირველ რიგში უნდა გადარჩეს, რათა შემდეგ ვიფიქროთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და სხვა პრობლემებზე, ამიტომ ჩვენ, „ქართულ ოცნებას“, მიგვაჩნია, რომ მიზანშეწონილია რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთმომგებიანი საქმიანი პარტნიორული დიალოგის დაწყება. მით უმეტეს, რომ, როგორც ლავროვმა თავის ბოლო ინტერვიუში თქვა, რუსეთი "სრულად უჭერს მხარს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსალიანსის მთავრობის მიერ 2012 წლის ინიცირებული ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზაციის კურსს". ანუ, მოსკოვში მზად არიან დიალოგისთვის და და ამაზე კრემლის დაყოლება არ დაგვჭირდება, პირიქით!

სააკაშვილისგან განსხვავებით, რომელიც უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავდა რუსეთსა და პუტინს, თუმცა სინამდვილეში რუს ინვესტორებს გადასცა საქართველოს ეკონომიკის ყველა სტრატეგიული და არასტრატეგიული დარგი, ჩვენ არ მოვატყუებთ ჩვენს მოქალაქეებს: განა დღეს საქართველოს არ აქვს კონტაქტი რუსეთთან?! რუსეთს მტკიცედ უკავია საქართველოს მეორე სავაჭრო პარტნიორის პოზიცია 1,33 მილიარდი აშშ დოლარის მთლიანი საქონელბრუნვის მოცულობით. სწორედ რუსეთში ბოლო წლების განმავლობაში საქართველო წარმატებით ყიდის თავისი ღვინის 2/3. რუსეთი კვლავაც ლიდერობს საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობის თვალსაზრისით - 430 მილიონი დოლარი, და რუსი ტურისტების რაოდენობით - 1,5 მილიონი ადამიანი. თუ ეს არაა კონტაქტი, დიალოგი და ურთიერთობა, მაშ რაღაა კონტაქტი, დიალოგი და ურთიერთობა?! მაშ რატომ არ უნდა დავიწყოთ მოლაპარაკება, რათა, მაგალითად, შევძლოთ რუსეთს ვაქცინა ვთხოვოთ, რაც უკრაინას არ შეუძლია? ჩვენი კათოლიკოს–პატრიარქის სიბრძნის წყალობით, რომლის ლოცვითაც საქართველო სასწაულით გადაურჩა პანდემიას, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ არ აღიარა ტომოსი ახალი უკრაინული ეკლესიისთვის. ეს არის კიდევ ერთი, თუნდაც ჰუმანიტარული, მაგრამ ეკონომიკურზე არანაკლებ მნიშვნელოვანი არგუმენტია რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის!

   მოდით ვიყოთ გულწრფელი - ვის დარჩება საქართველო, თუ ჩვენ ყველანი დავიღუპებით ან კორონავირუსით, ან შიმშილით, მით უმეტეს, რომ ევროპაც და აშშ–მუდმივად მიგვითითებენ რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების აუცილებლობაზე? ჩვენ ვხედავთ, როგორ გაიზარდა ბოლო პერიოდში ინფიცირებულთა რიცხვი აფხაზეთში, დახმარებას ვთავაზობთ მათ მკურნალობაში, მაგრამ რატომღაც ჯიუტად ვერ ვამჩნევთ, რომ აფხაზეთის ამჟამინდელი დე ფაქტო ხელმძღვანელობა - ბჟანია, ანქვაბი, შამბა - ღიად გვთავაზობს დიალოგს. როდის აქეთია აღარ გვესმის ჩვენი აფხაზი და ოსი ნათესავების?! სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ - "ქართულ ოცნებას" აქვს ამბიციები და რესურსი ამ პრობლემის გადასაჭრელად , რათა არ გადასცეს ის მძიმე მემკვიდრეობად მომდევნო ხელისუფლებებსა და შთამომავლებს, როგორც ეს გააკეთა "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ"!

   ძვირფასო თანამემამულენო!

დღეს „ქართული ოცნება“ იძულებულია იმუშაოს საგანგებო რეჟიმში და გადაჭრას საარსებო პრობლემები მათი წარმოშობის კვალდაკვალ, ამიტომ ჩვენ დაზღვეული არ ვართ შეცდომებისგან - როგორც მოგეხსენებათ, არ ცდება ის, ვინც არაფერს აკეთებს. დიახ, ჩვენ ვიზიარებთ თქვენს უკმაყოფილებას და ვაღიარებთ სრულ პასუხისმგებლობას კოჰაბიტაციის გამო, რომელიც პრაქტიკულად გრძელდება – ეს ჩვენი ერთ-ერთი მთავარი შეცდომაა. ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, უმოკლეს ხანში გავასუფთავოთ სახელმწიფო სტრუქტურები, სამართალდამცავი ორგანოები და სასამართლო სისტემა კორუმპირებული მესაბოტაჟეებისგან, თუნდაც ისინი პროფესიონალები იყვნენ. ამავდროულად, ჩვენ დავაფასებთ ჩვენი ერთგული მხარდამჭერების შრომას, რომელთა წყალობითაც ჩვენ 9 წელია ვართ ხელისუფლებაში, მაგრამ მათი დამსახურებები საქართველოს წინაშე დაუმსახურებლად დავივიწყეთ...

   მმართველი პარტია, სახელმწიფო და ხალხი ვერ იარსებებს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, „ქართული ოცნების“ სახელმწიფო პოლიტიკა არ არის კერძო ბიზნესი, ამიტომ იგი უპირობოდ უნდა განხორციელდეს მთავრობისა და ხელისუფლების ყველა შტოს მიერ, რადგან ნაკარნახევია მრავალეროვანი ქართველი ხალხის ინტერესებით! ამიტომ ჩვენ აუცილებლად გავაძლიერებთ ხელისუფლების ვერტიკალს - დემოკრატია სულაც არ ნიშნავს ანარქიას, რომელსაც უთუოდ გამოიყენებენ საქართველოს არაკეთილმოსურნეები.

   ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მინდა დაგისვათ თქვენ, ჩემო ძვირფასო თანამემამულეებო, სამი შეკითხვა:

- მიგაჩნიათ თუ არა, რომ ხელისუფლების ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიმართული იქნება პანდემიისგან საქართველოს მოსახლეობის გადარჩენისკენ, შეესაბამება საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებს?

- მიგაჩნიათ თუ არა, რომ ხელისუფლების ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიმართული იქნება საქართველოს ეკონომიკის უსწრაფესად გაძლიერებისკენ, სახელმწიფო ბიუჯეტის შევსებისკენ, და, მაშასადამე, ახალი სამუშაო ადგილების შექმნისკენ და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ, შეესაბამება საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებს?

- მიგაჩნიათ თუ არა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღდგენა მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით, შეესაბამება მის სახელმწიფოებრივ ინტერესებს?

   თუ 31 ოქტომბერს თქვენი უმრავლესობა ხმას მისცემს ქართული ოცნების“ სასარგებლოდ, მაშასადამე თქვენ იწონებთ ჩვენს პოლიტიკას!“, - ვფიქრობ, რომ დღეს საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობას, რომლის 75%, აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ბოლო გამოკითხვის თანახმად, რუსეთთან დიალოგის მომხრეა. მმართველი პარტიis თავმჯდომარისა და დამფუძნებლისგან სურს მსგავსი რამ მოისმინოს.

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო-
ხიდირბეგიშვილი
2020 წლის 27 აგვისტო
საქართველო, თბილისი