პუბლიკაციები
ოლეგ ტიმჩენკო: „საქართველოსა და რუსეთის ბედი კიდევ გადაიკვეთება!“ (საუბარი მეორე)

tim9სამხატვრო აკადემიის პროფესორი ოლეგ ტიმჩენკო ცნობილი და მოთხოვნადი მხატვარია, იტაცებს ექსპერიმენტები. რომანტიკოსია, უყვარს მუსიკა და თავის ნაწარმოებებში მის ხორცშესხმასაც მშვენივრად ახერხებს. თუმცა ყურადსაღები თემა, რომელზეც დღეს საინფორმაციო-ანალიტიკურ სააგენტოსაქინფორმთანსაუბრობს, მხატვრის მორიგი ხმამაღალი პროექტი კი არა, თავად გახლავთ: მისი წარსული და აწმყო, გვარიშვილობა, ცხოვრებისეული ფილოსოფია და, რა თქმა უნდა, პოლიტიკური მრწამსიდღეს ხომ პოლიტიკაზე მარტოოდენ ზარმაცები არ ლაპარაკობენ...  

ალი ბაბა და კომპანია

– ჩვენი პირველი საუბრისას ბრძანეთ, რომ არაერთხელ შეგეძლოთ საზღვარგარეთ დარჩენა. რამ შეგიშალათ ხელი?

– ნამდვილად ასეა. ძნელი იყო ბოლო ნაბიჯის გადადგმა; სამშობლოს, მეგობრების დატოვება და, თუნდაც, ჩვევების შეცვლა აღარ მინდოდა. თუმცა ყველაზე მთავარი მაინც ის იყო, რომ მთელი ჩემი ცხოვრების საქმეს აქ ვერ დავტოვებდი.

– მხედველობაში გაქვთ იმ წლებში საბჭოთა კავშირში გახმაურებული „მეათე სართულზე“?

– ჯგუფი „მეათე სართულზე“ მეგობრებთან ერთად შევქმენი. ხუთნი ვმუშაობდით აკადემიის სახურავზე, მიტოვებულ სახელოსნოში. სწორედ ეს შენობა მოუვიდა თვალში მამუკა ცეცხლაძეს სადიპლომო ნაშრომზე მუშაობისას. ჩვენ კი – ნინო ცეცხლაძე, მამუკა ჯაფარიძე, კარლო კაჭარავა და მე, როგორც შეგვეძლო, მხარში ვედექით ჩვენს კურსდამთავრებულს. ჯგუფის დაარსების იდეა სპონტანურად იშვა. მოვაგროვეთ მუყაო, შევიძინეთ საღებავები, მოვიმარაგეთ ყველაფერი და ორი თვე სახურავზე ისე დავდიოდით, როგორც სამსახურში. შემდეგ მარჯანიშვილის თეატრში გადავბარგდით, სადაც მამუკა ცეცხლაძემ მხატვრად დაიწყო მუშაობა. „მეათე სართულზე“ აწყობდა გამოფენებს – აქაც და უცხოეთშიც, სხვადასხვა აქციას. ჩვენზე ალაპარაკდნენ. დღემდე ახლო მეგობრები ვართ, თუმცა, სამწუხაროდ, იშვიათად ვხვდებით.

– ახლახან თქვენი ნამუშევრების გამოფენა გაიმართა ბაქოში. ამბობენ, სურათები მავანმა ბიზნესმენმა შეიძინა ჯერ კიდევ გამოფენის დასრულებამდე...

– აღმოსავლურ სტილში შესრულებული ექსპოზიცია საგამოფენო დარბაზში – „Kichik QalArt“ – გაიხსნა. „Ali Baba“-ზე მუშაობა დიდმა ბიზნესმენმა და ხელოვნების სფეროს მცოდნემ, ბატონმა ოლივიემ შემომთავაზა. ერთმანეთი გალერეა „გალაში“ მოწყობილ ჩემს წინა ექსპოზიციაზე – „სფინქსი – საგანძურის მცველი“ – გავიცანით. გურამ წიბახაშვილმა და კოკა რამიშვილმა წარგვიდგინეს ერთმანეთი. თითქმის პირველსავე დღეს ოლივიემ ყველა გამოფენილი სურათის შეძენის სურვილი გამოთქვა. გალერეის მფლობელმა გამოფენის დაცალკევება არ მოისურვა და, უნდა ითქვას, რომ ფასიც შეუფერებელი აღმოჩნდა. ბითუმად გამოდიოდა! „ალი ბაბასთან“ დაკავშირებით კი ყველაფერი რიგიანად მოგვარდა – ოლივიემ მთელი სერია წინდაწინ იყიდა, ისე, რომ ნამუშევრები არც უნახავს. აი ასეთ ავანტიურას ჰქონდა ადგილი. ყველაფრის მოსაგვარებლად ერთი თვე მომცეს – სხვაგვარად გამოფენა გალერეის მჭიდრო გრაფიკიდან ამოვარდებოდა. საშინელი ცაიტნოტი მქონდა, დღედაღამ ვმუშაობდი. ყველაზე პატარა ტილო 1 მ 70 სმ იყო 2 მ-ზე!

– რატომ ასეთი ზომები?

– გალერეა ხომ სამსართულიანია – 300 კვადრატულ მეტრს შევსება უნდოდა.

– უზარმაზარი პანო ერთ თვეში – ხალტურა ხომ არ იყო?

– თავს არ ვიზოგავდი. „მოგზაურობა“, „ძვირფასი ქვები“, „ჯადოსნური ფრინველი“, „ჰარემი“ და, რა თქმა უნდა, „ალი ბაბა“ – არაბული ზღაპრების ეს დაუვიწყარი გმირი. გამოფენას წარმატება ხვდა წილად. ასე რომ, თავდაუზოგავად ტყუილად არ მიმუშავია.

– თქვენ ხშირად და აქტიურად აწყობთ გამოფენებს...

– იტალიას თუ არ ჩავთვლით. სხვათაშორის, დასავლეთსა და ევროპაში ფერწერული გამოფენები არ მქონია. რატომ? უცხოელ დამთვალიერებელს ინსტალაციები და კოლაჟები აინტერესებს. ყველაზე აქტიურად გარდაქმნის წლებში ვმუშაობდი. საბჭოთა ხელოვნებაზე მაშინ დიდი მოთხოვნა იყო. საქართველოში სტუმრობას მოუხშირეს ხელოვნებათმცოდნეებმა და კურატორებმა საფრანგეთიდან, გერმანიიდან...

 

„პოლიტიკური ლაბირინთებიდან თავის დაღწევა მხოლოდ ხალხს შეუძლია“

– დღეს როგორაა საქმე, პოლიტიკა ცხოვრებას გირთულებთ?

– რუსულ-ქართული საწუხარია... მტკივნეული და საწყენია რამდენიმე წლის წინანდელ პოლიტიკურ მოვლენებზე ფიქრი. ყველაზე სახიფათო კი ის ფაქტია, რომ წარსული არ „დასრულებულა“ – ნეგატივი დღემდე ტივტივებს. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ნორმალურად მოაზროვნე ადამიანს – ქართველი იქნება თუ რუსი, ასეთი ურთიერთობები საძირკველშივე ხელს არ აძლევს. რა თქმა უნდა, მხედველობაში მაქვს ჩვენი თავი – უბრალო მოკვდავნი, ისინი, ვისთვისაც არაფერი გვიკითხავს! რაც შეეხება პოლიტიკოსებს – მათ თამაშებსა და ლაბირინთებში გარკვევა შეუძლებელია. ოთხი წლის წინათ სამსახურებრივ საქმეზე მოსკოვში ჩასვლა მომიხდა. მეგობრების მონახულებაც შევძელი. იმ დროისათვის ურთიერთობები უკვე დაგვეძაბა. თუმცა არავითარი ამრეზილობა ჩემ მიმართ, თბილისელის მიმართ, არ მიგრძვნია. ახლახან პეტერბურგიდან და მოსკოვიდან მეგობრები – მხატვრები ჩამომივიდნენ. აქ ნამდვილი კავკასიური ხელგაშლილობით შევეგებეთ; აბა, სხვაგვარად როგორ იქნებოდა! არაფერი შეცვლილა – არც მათი და არც ჩვენი მხრიდან. მეგობრები მამშვიდებდნენ, ღიმილით ამბობდნენ – ეს აბსურდია! და თუმცა, ხელოვნება მუდამ განცალკევებულად დგას, პოლიტიკა ჩვენც შეგვეხო. იძულებითმა ვაკუუმმა დიდად დაგვაზარალა, კონტაქტები ხომ შეწყდა...

აგვისტოს ომმა გეგმებიც აწეწა – მოსკოვში დაგეგმილი გამოფენის გადადებაც უკეთესი დროისთვის მომიხდა, ეს დრო კი არა და არ დადგა! დღესაც მეპატიჟებიან რუსეთში – ქართული ხელოვნება ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს კვლავაც აინტერესებს. ცნობილი ხელოვნებათმცოდნეები და კონცეპტუალისტები – ლიონა ბაჟანოვი, ანდრეი ეროფეევი, ვიქტორ მეზიანოვი, ლენა რომანოვა – ერთობლივ პროექტებს მთავაზობენ. და ეს ჩვენი პირველი გამოცდილება როდი იქნება. ერთად გვიმუშავია ჩერნოგორიაში, მონტენეგროში იუგოსლავიის ომის დროს. სამხედრო თვითმფრინავით ვმგზავრობდით. შემდეგ კი რუსები და ქართველები მხარდამხარ მთელი თვე საერთო საქმეს ვემსახურებოდით. ასეთი რამ არ დაგავიწყდება. აი რას ნიშნავს ახლო ურთიერთობები. მათი დარღვევა შეუძლებელია, მიუხედავად პოლიტიკანთა ძალისხმევისა. ახლა რუსეთში ჩასვლა მხოლოდ ახლო ნათესავის ვიზით ან ოფიციალური მიწვევით შემიძლია. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, დეიდაშვილი და ნათლული ახლო ნათესავებად აღარ მიიჩნევიან! მაგრამ მჯერა, რომ დროთა განმავლობაში ყველაფერი კალაპოტში ჩადგება. მეგობრობა და ერთობლივი სამუშაო ხომ დარჩა, რაც გვაერთიანებს. დარწმუნებული ვარ, ბევრის გულის გასახეთქად, ჩვენი ბედი კვლავაც გადაიკვეთება.

– საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“, რომელსაც ახლა წარმოვადგენ, „ფერფლიდან აღდგა“ მას შემდეგ, რაც 2006 წელს მისი ლიკვიდაცია მოახდინეს, რათა რუსთაველის პროსპექტზე მდებარე მისი კუთვნილი პრესტიჟული შენობა გაეყიდათ. რას გვისურვებდით?

– გისურვებთ, რომ ინტენსიურად გემუშაოთ, საქინფორმი არ შეავიწროვონ, ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება არსებობდეს... მეტი რა სჭირდება ჟურნალისტს?..

 

ესაუბრა დიანა შერეშაშვილი