პოლიტიკა
სოხუმში მყოფი ებრაული დელეგაცია: ჩვენი ვიზიტი ორ ქვეყანას შორის მჭიდრო ურთიერთობების დასაწყისი იქნება

israel-zivgi"არსებობს მსგავსება ორ - ებრაელ და აფხაზ ხალხს შორის. თქვენც პატარა ხალხი და პატარა სახელმწიფო ხართ პრობლემატური მეზობლებით". ეს განცხადება სოხუმში ვიზიტით მყოფმა ებრაული დელეგაციის წევრმა ისრაელის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ოპერატიული სამმართველოს ყოფილმა ხელმძღვანელმა ისრაელ ზივმა სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრ სერგეი შამბასთან შეხვედრაზე გააკეთა.

ებრაული დელეგაცია, რომელსაც ჰოლდინგ "Global CST"-ის უფროსები - ისრაელის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ოპერატიული სამმართველოს ყოფილი ხელმძღვანელი ისრაელ ზივი და მოქმედი პრემიერის ყოფილი სახედრო მდივანმა მეირ კლიფი ხელმძღვანელობენ, აფხაზეთში გუშინ, მოსკოვში აფხაზ სეპარატისტთა ლიდერთან სერგეი ბაღაფშთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჩავიდა და 15 აპრილამდე დარჩება.

ისრაელ ზივმა, აფხაზური მხარის ინფორმაციით, მადლობა გადაუხადა "მთავრობის ხელმძღვანელს" იმისთვის, რომ მათ აფხაზეთის მონახულების საშუალება მიეცა.

მისი თქმით, მათ ვიზიტს აფხაზეთში ისტორიული მნიშვნელობა აქვს. მისი თქმით, დელეგაციის წევრები აფხაზეთში თავს ისე გრძნობენ, როგორც საკუთარ სახლში.

"ჩვენ აქ მოხერხებულად და კომფორტულად ვართ, ხოლო აფხაზეთის პრემიერ-მინისრთან შეხვედრამ კი ცხადყო, რომ ჩვენ შეხების წერტილები გვაქვს", განცხადა მან და გამოთქვა იმედი, რომ ისრაელის დელეგაციის ვიზიტი აფხაზეთში "ორ ქვეყანას შორის კარგი და მჭიდრო ურთიერთობების დასაწყისი იქნება".

თავის მხრივ, აფხაზური მხარის ინფორმაციით, სერგეი შამბამ დაარწმუნა სტუმრები, რომ აფხაზეთი დაინტერესებულია ისრაელთან თანამშრომლობით.

"ჩვენ ვიცით, რომ ისრაელში არის წამყვანი ტექნოლოგიები ეკონომიკის იმ მიმართულებებით, რომლებიც გვაინტერესებს და ჩვენთვის პრიორიტეტს წარმოადგენს. ამიტომაც ვამახვილებთ ყურადღებას კავშირების განვითარებაზე სამედიცინო და სოფლის მეურნეობის სფეროში", _ განაცხადა შამბამ და აღნიშნა, რომ იგი ასევე მხარს უჭერს აფხაზეთსა და ისრაელს შორის თანამშრომლობას და აფხაზეთის ეკონომიკაში ინვესტიციების მიზიდვას.

"ურთიერთობები, რომლებიც ამჟამად ჩვენ შორის მყარდება, გვაძლევს საფუძველს, იმედი ვიქონიოთ, რომ შევძლებთ მრავალი ჩვენი გეგმის რეალიზებას. უკვე კმაყოფილნი ვართ იმით, რომ საქმე გვაქვს ძალიან სერიოზულ, ავტორიტეტულ კომპანიასთან, რომელსაც ჩვენთვის სასარგებლო დიდი გამოცდილება აქვს", _ განაცხადა შამბამ.

http://ghn.ge/news-39785.html