პოლიტიკა
ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, ინგლისური ენა და ბოლოს ქართული – რა იქნება შემდეგი "პრიორიტეტი“

initsiativaროგორც ცნობილია, ევროსაბჭომ საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო, რომელსაც წინ ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში უძღოდა. ორივე დოკუმენტი საკმაოდ კრიტიკული იყო საქართველოსთან მიმართებაში. ცნობილია ისიც, რომ ევროსტრუქტურებისთვის ძირითად პრიორიტეტებს შორის, სასამართლოსა და მედიის თავისუფლებისა და თავისუფალი არჩევნების გარდა, ეთნოუმცირესობების უფლებების დაცვაცაა.

კრიტიკული დოკუმენტების გამოქვეყენებას, რატომღაც, დაემთხვა პრეზიდენტ სააკაშვილის კიდევ ერთი ახალი ინიციატივა, რომელიც, ერთი მხრივ, ქართული ენის მოვლას, მეორე მხრივ კი, სწორედ ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვას ეხება. ხელისუფლებას რომ ქვეყნის განვითარების კონკრეტული გეგმა და პრიორიტეტული მიმართულებები არ გააჩნია, ამაში საზოგადოება ყოველდღე რწმუნდება. პრიორიტეტი მმართველი გუნდისთვის ხან – ტურიზმი, ხან – სოფლის მეურნეობის განვითარება, ხანაც ინგლისური ენის პოპულარიზაციაა. ამჯერად პრეზიდენტმა სააკაშვილმა პრიორიტეტად ეროვნული უმცირესობებისთვის ქართული ენის მაღალ დონეზე სწავლება დაასახელა. საგანგებოდ მოწვეულ გუშინდელ თათბირზე, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების, ასევე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრები და ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორები ესწრებოდნენ, მან საზღვრისპირა რეგიონებში ქართული ენის გაძლიერებული სწავლების შესახებ ისაუბრა. პრეზიდენტმა მათ გარკვეული დავალებებიც მისცა:

1) კურსის აღება იმაზე, რომ მომავალი წლის ბოლომდე ყველა არაქართულენოვან სკოლაში საგნების 30% მშობლიური ენის პარალელურად ქართულად ისწავლებოდეს;

2) თუკი ბაკალავრები, რომლებსაც მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელება სურთ, წავლენ და ქართულის მასწავლებლად იმუშავებენ რეგიონებში, 500-ლარიანი ხელფასის გარდა, ერთწლიანი მუშაობის შემდეგ, სახელმწიფო მაგისტრატურაში სწავლას სრულად აუნაზღაურებს;

3) დოქტორანტურის ყველა სტუდენტს კრედიტებში ჩაეთვლება ქართული ენის სწავლება. ყველა ადგილობრივი მასწავლებელი კი, ვინც საგნებს ორ ენაზე ასწავლის, მაგალითად, მათემატიკას ასწავლის ქართულად და აზერბაიჯანულად, ან გეოგრაფიას – ქართულად და სომხურად, მიიღებს 200-ლარიან დანამატს. ეს პედაგოგები გაუთანაბრდებიან მათ, ვინც ატესტაციას გადის და ეს მათაც ატესტაციის ჩაბარებად ჩაეთვლებათ;

4) უნდა გაიხსნას ქართული ენის სახლები ყველა მნიშვნელოვან დასახლებულ პუნქტში, სადაც ისწავლიან არა მხოლოდ სკოლის მოსწავლეები, არამედ ყველა ასაკის ადამიანები;

5) პატრიოტთა ბანაკებში დამსვენებელთა კონტინგენტის ნახევარი მაინც, უნდა იყვნენ ისინი, ვინც ქართულად არ ლაპარაკობენ ან ლაპარაკობენ ცუდად. მაგალითად, ანაკლიის ბანაკში, რომელიც წელს ზეკლასის იქნება, უნდა იყვნენ ქართულის მასწავლებლები და  მას, ვინც ამ  სამოთხეში წავა დასასვენებლად, ყოველდღე ნახევარი ან ერთი საათი ქართულის გაკვეთილი ექნება;

„მოგიწოდებთ, რომ უახლოეს ორ თვეში წარმომიდგინოთ ამომწურავი პროგრამა. მოქმედება ხვალიდანვე დავიწყოთ“, – დასძინა პრეზიდენტმა.

P.S. რაღა თქმა უნდა, ხელისუფლების ახალი პრიორიტეტი, მშობლიური ენის მოვლისა და დაცვის თვალსაზრისით, ცუდი არაა, თუმცა ამ მხრივ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ თითქმის არაფერი გაკეთებულა. ხელისუფლებამ ზრუნვა ჯერ ინგლისურ ენაზე დაიწყო, არადა, ალბათ, ნამდვილად ჯობდა, ამ პროგრამაში ჩადებული თანხები ჯერ მშობლიური ენის გასაძლიერებლად გამოეყენებინა. გარდა ამისა, „პრიორიტეტული“ ინგლისური ენის პარალელურად, ალბათ, ურიგო არც რუსული ენის სწავლების გაძლიერება იქნებოდა, რადგან თითქმის ყველა მეზობელ ქვეყანასთან რუსულ ენაზე გვიწევს საუბარი. პრეზიდენტის გარდა, რუსული ენა თითქმის აღარავინ იცის ისე კარგად, რომ მეზობელს დაელაპარაკოს. მცოდნე პრეზიდენტთან საუბარი კი, მოგეხსენებათ, რუსეთის ხელისუფლებას არ სურს.