საზოგადოება
გიორგი ვაშაძე - „ქართული ოცნება“ 37% -ზე მეტს ვერ აიღებს, ბატონ გახარიას სანაძლეოს დავუდებ

 საქართველო, 13 ოქტომბერი, საქინფორმი. „ქართული ოცნება“ 35 -37%-ზე მეტს ვერ აიღებს, თუ გინდათ, ბატონ გახარიას სანაძლეოს დავუდებ დებატებზე, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ ხალხის რისხვის ეშინია.

ხომ ამბობენ 54%-ს ავიღებთო, მე ვამბობ 35%-ს. სანაძლეოს დავუდებ და გამოვიდნენ მაშინ და აღიარონ, რომ ცდებოდნენ. კვერცხი გავუტეხოთ თავზე იმას, ვინც მოიტყუება. რაც გინდათ, ის მოვიფიქროთ. როგორ შეიძლება ასეთი მხარდაჭერა ჰქონდეს პარტიას, რომელმაც გააღარიბა ქვეყანა და უმუშევარი დატოვა 220 000 ადამიანი? გააკოტრა მცირე და საშუალო ბიზნესი და ერთადერთი, რაც გააკეთა არის ის, რომ დიდი ფული იშოვა საქართველოში. 15 მილიარდი ვალი რომ ავიღეთ 8 წლის მანძილზე, რამეს ეტყობა ეს? ეს ფული რომ გაფლანგეს და ჯიბეში წაიღეს, მათ ჰგონიათ, რომ ხალხმა ეს არ იცის?“, - განაცხადა ვაშაძემ.

მისივე განცხადებით, კვლევების მიხედვით „სტრატეგია აღმაშენებელი“ მესამე ადგილზეა.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, პარტიის შემდეგი მიზანია მეორე ადგილის დაკავება და ოპოზიციურ ფლანგზე გადამწყვეტი ხმის მოპოვება.

ჩვენ ყველა კვლევაში მყარად მესამე ადგილზე ვართ და ყოველდღიურად ეს მხარდაჭერა იზრდება. გუშინ ვიყავი ველისციხის ბაზარში და ჩემთვის მთავარი კვლევა არის, როდესაც ადამიანები მოდიან და პირდაპირ გეუბნებიან, რომ აქვს საქმის კეთების იმედი, გეუბნებიან: „მომბეზრდა ეს კინკალაობა და გაუთავებელი საუბარი წარსულზე“. ეს არის ჩემი მთავარი ტესტი და ის უამრავი ასობით და ათასობით ადამიანი, ვინც სოციალური ქსელებით გვეკონტაქტება, ვისაც ფიზიკურად ვხვდებით და ა.შ.

„სტრატეგია აღმაშენებელი“ არის მომავლის ძალა. ჩვენი შემდეგი მიზანი არის, რომ გვქონდეს გადამწყვეტი ხმა ოპოზიციურ ფლანგზე და ჩვენს გარშემო მოხდეს ოპოზიციური ბლოკის ფორმირება. ჩვენ ამას მივაღწევთ, დრო დარჩენილია. ახლა ხდება საბოლოო ფორმირება გადაწყვეტილებების“, - განაცხადა ვაშაძემ.