საზოგადოება
სოსო ფხაკაძე - ხელისუფლება აპირებს არა მარტო 200-ლარიანი დახმარების გაგრძელებას, არამედ იქნება ახალ ღონისძიებათა მთელი პაკეტი

 საქართველო, 21 ოქტომბერი, საქინფორმი. 200-ლარიან დახმარებასთან დაკავშირებით, თუ სწორად მახსოვს, პრემიერმა ახსენა, რომ ეს გაგრძელდება და მეტი კონკრეტიკა არ ყოფილა, თუმცაღა ხელისუფლება, ჩვენ როგორც გავიგეთ, აპირებს არა მარტო ამ დახმარების გაგრძელებას, არამედ იქნება ღონისძიებათა ახალი პაკეტი, – ამის შესახებ „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც სოსო ფხაკაძემ აღნიშნა, ყველას კარგად ესმის, რომ პანდემია არსად წასულა, განგრძობითი ხასიათი აქვს და ეს გრძელდება.

გულახდილად გეტყვით, ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ ყველა სამუშაო ადგილი შეგვენარჩუნებინა. თუმცაღა იყო რამოდენიმე შემთხვევა, როდესაც უხელფასო შვებულებაში იყვნენ ადამიანები, ეს განსაკუთრებით აპრილი-მაისის თვეებში. სწორედ საგადასახადო შეღავათები, საშემოსავლო გადასახადის კუთხით, მაქსიმალურად დაგვეხმარა, რომ შეგვენარჩუნებინა ძალიან დიდი რაოდენობა, 98% ჩვენი თანამშრომლების. ეს ვადები, როგორც გითხარით, უკვე იწურება ამ თვის ბოლოს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნოთ ადამიანები სხვადასხვა კომპანიაში, ამ მხრივ სახელმწიფომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. დარწმუნებული ვარ, რომ გარკვეული ღონისძიებების გატარება მოუწევს ხელისუფლებას, რაც რაციონალური და სწორია“, – განაცხადა ფხაკაძემ.