სამართალი
სერგეი შამბა - ბანკზე თავდასხმისთვის ძებნილი აფხაზეთის სამართალდამცავი ორგანოების ხელში თუ აღმოჩნდება, ვისაუბრებთ ქართულ მხარესთან მისი გადაცემის შესახებ

 საქართველო, 23 ოქტომბერი, საქინფორმი. აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შამბა აცხადებს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, ზუგდიდში ბანკზე თავდასხმისთვის ძებნილმა პირმა ე.წ. საზღვრის გადაკვეთა შეძლოს.

როგორც სერგეი შამბამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, თუ თავდასხმისთვის ძებნილი ე.წ. საზღვარს გადაკვეთს, ე.წ. სამართალდამცავი ორგანოების ხელში აღმოჩნდება.

„ჩვენი სამსახურები ორიენტირებულები არიან ამ სიტუაციაზე და მოლოდინის რეჟიმში იმყოფებიან. მესაზღვრეები გაფრთხილებულები არიან. თუ ის საზღვარს გადაკვეთს, აფხაზეთის სამართალდამცავი ორგანოების ხელში აღმოჩნდება და შემდეგ ვისაუბრებთ ქართულ მხარესთან მისი გადაცემის შესახებ. ჩემი აზრით, საზღვრის გადაკვეთა ნაკლებად სავარაუდოა. აფხაზი და რუსი მესაზღვრეები იცავენ საზღვარს. ასევე, მობილიზებულები არიან ჩვენი სპეცსამსახურები. ისინი მოლოდინის რეჟიმში არიან. ასე რომ, საზღვრის გადაკვეთა არც ისე იოლი იქნება. ნებისმიერი საზღვრის გადაკვეთა თეორიულად შესაძლებელია, თუმცა იმ ადგილებში, სადაც მას საზღვრის კვეთა შეუძლია, უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია“, – განაცხადა სერგეი შამბამ.

ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირი 21 ოქტომბერს შეიჭრა და მძევლები აიყვანა. დღის ბოლოს თავდამსხმელმა მძევლების უმეტესობა გაათავისუფლა და ბანკის შენობა სამ მძევალთან ერთად დატოვა. გვიან ღამით დარჩენილი სამი მძევალიც გათავისუფლდა. შსს-ს ცნობით, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით.