აქტუალური
მიხეილ სააკაშვილი - 31 ოქტომბრის შემდეგ დღევანდელ მეტოქეებს უნდა გავუწოდოთ ხელი და საქართველოს ერთად ავუშენოთ მომავალი

 საქართველო, 26 ოქტომბერი, საქინფორმი. ივანიშვილი ემზადება დიდი გაყალბებისთვის, ჩვენ ეს ყველამ კარგად ვიცით. რა თქმა უნდა, ის მიმართავს ათასგვარ ხრიკებს, მაგრამ დაე ემზადოს გაყალბებისთვის, ჩვენ ვემზადებით დიდი გამარჯვებისთვის, - ამის შესახებ რუსთავში “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატის დავით კირკიტაძის წარდგენაზე საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში ყველაფერი “ნაციონალური მოძრაობის” პერიოდში გაკეთდა.

ყველაფერი არის გაკეთებული “ნაციონალური მოძრაობის” მიერ და ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის გაფუჭებულია. გაფუჭების რესურსი საქართველოში ამოწურულია, გასაფუჭებელი ქვეყანაში ძალიან ცოტა რამ დარჩა. ახლა ისევ გაკეთების დროა, ისევ აღმშენებლობის დროა და ვის შეუძლია აღმშენებლობა თუ არა იმ ხალხს, ვისაც ეს ერთხელ უკვე ნაკეთები აქვს. გული გულს, მხარი მხარს, ერთმანეთის გვერდზე დგომით ჩვენ ყველაფერს შევძლებთ, ყველაფერი გამოგვივა. ყველაფერი კარგად მიდიოდა, რომ არა 2012 წლის კატასტროფა.

მინდა მივმართო ყველას, მათ შორის მათ ვისაც ჩვენთვის ხმა არ მოუცია - მეგობრებო, ახლა დგება დრო საქართველოს ხელახლა გაერთიანების და შეკრების. 8 წელი ივანიშვილი გვყოფდა, ივანიშვილმა გადაგვკიდა ერთმანეთს. მე მინდა ვუთხრა ყველას, რომ 31 ოქტომბრის შემდეგ აუცილებლად ჩვენს დღევანდელ მეტოქეებს უნდა გავუწოდოთ ხელი და ვუთხრათ დავივიწყოთ წარსული მტრობა, ყველანაირი ბოღმა და მოდით, ყველამ ერთად ვიმუშაოთ იმაზე, რომ ქართველი ერი გამთლიანდეს და საქართველოს ერთად ავუშენოთ მომავალი. ჩვენ გვაქვს გამარჯვების ძალა, პატიების ძალაც, მოწინააღმდეგეებისთვის ხელის გაწოდების ძალაც და ჩვენ გვაქვს ყველასთან ერთად ახალი საქართველოს შენების ძალა”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.