სამართალი
პაატა იმნაძე - კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა წლის ბოლომდე მომზადდება და გაზაფხულიდან იქნება ხელმისაწვდომი

 საქართველო, 28 ოქტომბერი, საქინფორმი. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა წლის ბოლომდე მომზადდება და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნისთვის გაზაფხულიდან იქნება ხელმისაწვდომი, - ასე პასუხობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე „ინტერპრესნიუსის“ შეკითხვას, რომლის მიხედვით, საზღვარგარეთ მოღვაწე ზოგიერთი ქართველი ექიმი მიიჩნევს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საერთოდ არ იქნება.

წლის ბოლომდე რამდენიმე ვაქცინა ნამდვილად იქნება, გარდა ამისა, ვიცით, რომ ჩინეთში უკვე გამოიყენება კიდეც ერთი ვაქცინა. ასე, რომ ჩვენი აზრით, გაზაფხულიდან რამდენიმე ვაქცინა უკვე იქნება მსოფლიოში. ჩვენამდე როდის მოვა უცნობია, ჯერ იმ ქვეყნებში იქნება, რომლებიც თვითონ აწარმოებენ საკუთარი ქვეყნებისთვის და იმედი გვაქვს, რომ გაზაფხულიდან იქნება ხელმისაწვდომი სხვა ქვეყნებისთვისაც“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ კი განაცხადა, რომ ვაქცინების საკმაოდ დიდი რაოდენობა უკვე შექმნილია და კლინიკური კვლევის ბოლო ფაზას გადის.

ინდივიდუალურად ყველა ადამიანს აქვს მოსაზრების გამოთქმის უფლება, მაგრამ ზოგადი ტენდენცია გლობალური ჯანმრთელობის ძირითადი ორგანიზაციების ყველამ იცის, რომ მსოფლიო აქტიურად მუშაობს ვაქცინის შექმნაზე, ვაქცინების საკმაოდ დიდი რაოდენობა შექმნილია, რომლებიც გადიან კლინიკური კვლევის პირველ, მეორე და მესამე ფაზას. მესამე ფაზაშია დაახლოებით 10 ვაქცინა და ის დიდი ალბათობით იქნება. თუ რამდენად ეფექტურია ეს ვაქცინა, ამას გვიჩვენებს მომავალი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.