პუბლიკაციები
გია ყრუაშვილი: „რკინიგზის ნგრევა სწორედ ონოფრიშვილის დროს დაიწყო, ეზუგბაიას დროს კი მთლად განადგურდა“

gia_kruashviliმოძრაობა თავისუფალი საქართველოს წევრი, ყოფილი რკინიგზელი გია ყრუაშვილი თავის დროზე პრეზიდენტის გვერდით, როგორც თავად ამბობს, ტანკსაც უდგებოდა წინ. დღეს ის ნაციონალური მოძრაობის მიერ ჩადენილ ცოდვებზე საუბრობს და სკანდალურ განცხადებებს აკეთებს. საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ კორესპონდენტი მიმდინარე წლის 20 აპრილს საქართველოს რკინიგზის ყოფილ რევიზორს ესაუბრა და სთხოვა, კომენტარი გაეკეთებინა რამდენიმე საკითხზე.

გია ყრუაშვილი: თავის დროზე აქტიურად ჩავერთე „ვარდების რევოლუციაში“, ერთ-ერთი პირველი ვიყავი საქართველოს რკინიგზიდან. მატარებლის მემანქანედ ვმუშაობდი 1986 წლიდან. ზვიად ძიძიგური ეკლესიას რომ აშენებდა, მე მრევლი ვიყავი, ვგალობდი, გალობას ვასწავლიდით ამ ტაძარში. ერთხელ ზვიადმა მიშა სააკაშვილიც მოიყვანა. მის იდეებს, რასაც ის ადრე ჰპირდებოდა ხალხს, მეც ვეთანხმებოდი და ამის გამო მტრებიც კი მყავდა საქართველოს რკინიგზაზე. სულ მიშას გინებაში იყვნენ და თურმე სამართლიანადაც... ნეტავ მაშინ დამეჯერებინა მათთვის... დღეს ისინი თანამდებობებზე არიან და, ფაქტობრივად, მილიონები აქვთ მოპარული. ასეა – ყველა მიშასნაირი ხდება მის გვერდით თანამდებობაზე. ფულის გამო საქართველოს რკინიგზა დაასამარეს“.

როგორდაასამარეს“ – რას გულისხმობთ? ხელისუფლება თვლის, რომ ეს მომგებიანი დარგია, ამასვე ამტკიცებს მისი ყოფილი ხელმძღვანელი დავით ონოფრიშვილი, რომელიც დღეს თითქოს ოპოზიციაშია...

გია ყრუაშვილი: ეგ საქმე კარგად ვიცი. ბავშვი მივედი იქ და ვერავინ მასწავლის ლიანდაგსა და ვაგონს. ვიცი, რა ხდება დღეს რკინიგზაზე, რაც უნდა ილაპარაკო ეზუგბაიამ და იმ ნარკომანმა, კომერციული დირექტორი რომ ჰყავს, ჯინჯოლია, ყოველდღე სტრიპტიზბარში რომ ზის. დღეს რკინიგზას 5 დირექტორი ჰყავს და მათგან არცერთი არ არის რკინიგზელი. სამგზავრო გადაზიდვების დირექტორი ბულია მერაბიშვილის კადრი ახალციხიდან, რომელსაც სამგზავრო გადაზიდვების არაფერი გაეგება. გადაზიდვებზე 5 მატარებელი დადის და 120 დირექტორი ჰყავთ, რომლებსაც 2000-2000 ლარი აქვთ ხელფასი. მაშინ სულ სამი ხელმძღვანელი ჰყავდათ და 160 მატარებელი დადიოდა. დღეს ყველამ თავისი საყვარელი იყვანა იქ. მე თანამდებობის ამბიცია არ მქონდა, თუმცა მაშინ მქონდა შანსი.

ვინმემ შემოგთავაზათ სხვა – გაცილებით მაღალ თანამდებობაზე გადასვლა... რით იყო ეს განპირობებული?

გია ყრუაშვილი: არავის არაფერი შემოუთავაზებია, მაგრამ არც მე მქონდა ამბიცია. მე რომ იქ ვმუშაობდი, ის საქმე ვიცოდი და მაკმაყოფილებდა. მაშინ რომ მცოდნოდა, მიშა ასეთი სულელი იყო, როგორ დავუდგებოდი გვერდში? ახლა ჩავდექი ამ ქვეყნის მშენებლობის ფერხულში. აქ ვარ და ნახონ, 5 შვილით სად ვცხოვრობ.

ერთ დღესაც დავით ონოფრიშვილი მოვიდა ჩვენთან წარმოებაში და, არ ვიცი, რა თვალით შემომხედა, დაავალა თანმხლებებს – ეს ბიჭი დეპარტამენტში წავიყვანოთ მოძრაობის რევიზორადო. დეპოდან წამოსვლა საერთოდ არ მინდოდა, მაგრამ გადმომიყვანეს. დეპარტამენტში მუშაობის პერიოდში უშიშროების ერთ-ერთმა თანამშრომელმა მიხმო კუდის შენობაში და მითხრა, რკინიგზის ერთ-ერთ მუშაკისთვის დანომრილი ფული მიმეცა. 5000 დოლარზე იყო ლაპარაკი. როგორც კი ამ ფულს გადავცემდი, დააკავებდნენ. ამაზე კი მე ვერ წავიდოდი. სხვათაშორის, დღეს ეს კაცი დიდ თანამდებობაზეა.

უარი რომ ვთქვი, მესამე დღეს დამიბარა გენერალურმა ინსპექციამ – განცხადება დაწერე და წადიო.

ონოფრიშვილს შევუთვალე – ხუთი შვილი მყავს და სახლში ნუ გამიშვებ, თუ აქ არ გჭირდები, ისევ დეპოში გადამიყვანე-მეთქი. შეხვედრაც არ მოინდომა ჩემთან.

რკინიგზის გაუბედურება სწორედ ონოფრიშვილის დროს დაიწყო. ხუთი წელია, რაც ქუჩაში დამტოვეს. სააკაშვილისთვის ტანკს ვუდგებოდი და რა დანაშაული მიმიძღვის მის წინაშე, ვერ ვხვდები.

ბატონო გია, მომიტევეთ თამამი კითხვისთვის – აქამდე რატომ არაფერ თქვით?

გია ყრუაშვილი: როცა გავიგე, რომ ფინანსური პოლიცია შევიდა რკინიგზაზე, მალულად კი არა, პირდაპირ მივედი ფინანსურ პოლიციაში და ვუთხარი, რომ ვითანამშრომლებდი მათთან და ერთი ენახათ, როგორი წესიერი კაცი იყო ონოფრიშვილი. სწორედ მაშინ აღმოუჩინეს მას უამრავი დარღვევა. რევიზორი თენგიზ წიკლაური, რომელიც შეუშვეს, სააკაშვილის კარის მეზობელი იყო. კეზერაშვილმა სწორედ იმიტომ გაგზავნა, რომ ყველაფერი ამოექექა. ონოფრიშვილი ჟვანია კადრი იყო და კეზერაშვილს გულზე არ ეხატებოდა. ამ საქმისთვის წიკლაური გამოიყენეს, დააწერინეს მილიონიანი აქტები. ონოფრიშვილს ზუსტად დაუსვეს მოპარული თანხების ოდენობა, დააბრუნებინეს და გაუშვეს.  

საქართველოს რკინიგზაში მერე ირაკლი ეზუგბაია მიიყვანეს, კეზერაშვილის კადრი, რომლის „წყალობითაც“ საერთოდ დაიღუპა რკინიგზა.

ამბობთ, რომ ფინანსურ პოლიციასთან თანამშრომლობდით. კერძოდ, რას აკეთებდით, რით გამოიხატებოდა თქვენი თანამშრომლობა?

გია ყრუაშვილი: ტარიფებზე, ტვირთებზე ვფლობდი ინფორმაციებს, ძველ რკინიგზელებთან მქონდა ურთიერთობები და მათთან ვაკავშირებდი. ეზუგბაიას მოსვლის შემდეგ რევიზორი წიკლაურიც მოიშორეს თავიდან. სამსახურიდან გაათავისუფლეს ყველა, ვინც აქტებს წერდა. ეს საქმე შეაჩერეს და 25 უზარმაზარი აქტი ფინანსურ პოლიციაში თაროზე შემოდე. ეს მიშამაც მშვენივრად იცის. 

–     გმადლობთ კითხვებზე გულღია პასუხებისთვის!

 

საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“