აქტუალური
ირმა ინაშვილი - კობახიძე ძერჟინსკი ბედნიერია, რომ არ ვარ პარლამენტში, მაგრამ ძალიან ხანმოკლე აღმოჩნდება მისი ეს ბედნიერება

 საქართველო, 6 იანვარი, საქინფორმი. დღეს ვითომ დასავლური კობახიძე ძერჟინსკი უკანონო პარლამენტიდან გველაპარაკება დასავლური ღირებულებების და დემოკრატიული ფასეულობების დაცვაზე,- ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ კომუნისტური პარტიის რეჟიმში მოქმედებს.

„მინდა ვუპასუხო ამ იარლიყების მიკერების თემას, რაც მანკიერებაა ქართულ პოლიტიკაში და ჩვენ ბოლოს და ბოლოს უნდა დავამთავროთ პოლიტიკური იარლიყების მიკერების ასეთი უზნეო პრაქტიკა. მესმის, რომ კობახიძე ძერჟინსკი ბედნიერია, რომ არ ვარ პარლამენტში. მინდა ვუთხრა, რომ ის დროებითაა ბედნიერი, ძალიან ხანმოკლე აღმოჩნდება მისი ეს ბედნიერება. დაინიშნება ახალი არჩევნები და კობახიძე აღარ იქნება პარლამენტში. რუსული შემადგენელი, რაზეც ის საუბრობს, მე პარლამენტში ვსაუბრობდი საქართველოს ინტერესების დაცვაზე, ესაა რუსული შემადგენელი? მე ვლაპარაკობდი მშვიდობაზე, შერიგებაზე აფხაზებთან და ოსებთან, ესაა რუსული შემადგენელი? ახლა მე მინდა გითხრათ, რომ ვითონ დასავლური „ქართული ოცნება“ მთელი ამ წლების განმავლობაში კომუნისტურ საქართველოს აგებდა და ბოლოს მიაღწია, რომ კომუნისტური პარტიის რეჟიმში მოქმედებს ახლა. ვითომ დასავლურმა „ქართულმა ოცნებამ“ მოსპო პარლამენტში პოლიტიკური დებატები და პოლიტიკური პროცესი. ისე დაამახინჯეს და ერთ პარტიაზე მოირგეს რეგლამენტი, რომ მაგალითად, 4 დეპუტატი ფრაქციას ვერ ქმნის და არავითარი ბერკეტი არ აქვს, რომ პარლამენტში პოლიტიკური დებატი გაუწიოს „კომუნისტურ ოცნებას“. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მოხდება დიდი გამოფხიზლება ამ ქვეყანაში და თვალის ახელა იმაზე, რა სახელმწიფოს ქმნის „ქართული ოცნება“, - აღნიშნა მან.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ გუშინ განაცხადა, რომ „პატრიოტთა ალიანსის” რუსული შემადგენელი არ შევიდა პარლამენტში.