აქტუალური
ბადრი ჯაფარიძე - „ქართული ოცნება“ უნდა შეეგუოს რეალობას, მოიკრიბოს გამბედაობა და შეთანხმებაზე წამოვიდეს

 საქართველო, 14 იანვარი, საქინფორმი. მსუყე წინადადებაა, როდესაც ნერგავ ტექნოლოგიებს, რომ „კარუსელები“ და ბიულეტენების ჩაყრა არ იყოს? ეს არის ოპოზიციისთვის მსუყე წინადადება, თუ ეს არის წინადადება, რომელიც გაყალბებას ამცირებს? გამოდის, რომ „ქართული ოცნებისთვის“ ესაა დიდი დათმობა, თუ „კარუსელები“ აღარ იქნება - ეს ხომ აღიარებაა, რომ „კარუსელები“ გამოიყენებოდა,- ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ ელექტრონული წესით არჩევნების ჩატარების ინიციატივასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, ეს წინადადება არა ოპოზიციისთვის მსუყე შეთავაზება, არამედ ტექნოლოგიური გაუმჯობესებაა და ამომრჩევლის ინტერესში შედის.

„აღიარებენ, რომ აქამდე ჩვენ "კარუსელებს" ვატარებდით და ახლა ისეთ ტექნოლოგიებს დავნერგავთ, რომ "კარუსელები" და ჩაყრა აღარ იქნება. მაშინ თქვან, რომ ეს კეთდებოდა და თუ ეს კეთდებოდა და "კარუსელებზე" აგებული შედეგების საფუძველზე პარლამენტი ფუნქციონირებს, რატომ არ თანხმდებით იმაზე, რომ ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს. კიდევ ერთი წინადადებაა. ეს ხომ არაა სერიოზული წინადადება - 90 დღის შემდეგ გადათვლა, როდესაც გადათვლის მოთხოვნა იყო არჩვენების მეორე დღეს და 250 უბნიდან. მხოლოდ 6-ში გადათვალეს და რომ დაინახეს, რომ იყო ქაოსი და ოპოზიციას ხმები მასობრივად ჰქონდა დაკლებული, რა გააკეთეს - შეწყვიტეს გადათვლა. ელოდებოდნენ 90 დღეს. ნებისმიერი ტექნოლოგიური გაუმჯობესება ემსახურება ოპოზიციას თუ იმას, რომ არ მოხდეს გაყალბება. ოპოზიციის ინტერესშია მარტო, რომ გაყალბება არ მოხდეს თუ ხელისუფლების ინტერესში უნდა იყოს? ამიტომ, რატომ ითვლება ეს ოპოზიციისთვის მსუყე წინადადებად. არ არის ეს ოპოზიციისთვის მსუყე წინადადება. ეს არის ტექნოლოგიური გაუმჯობესება მომავალი არჩევნებისთვის, რომ შემცირდეს კარუსელების და ჩაყრების რისკი, რაც არის ხალხის ინტერესში“,- განაცხადა ჯაფარიძემ.

ბადრი ჯაფარიძე ასევე გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილის განცხადებას „ქარაქუცა პარტიებთან“ დაკავშირებით და აღნიშნა, რომ სერიოზულად არ უნდა აღიქმებოდეს იმ ადამიანის შეფასებები, ვინც კრიზისის პირობებში პოლიტიკას ტოვებს და ოპოზიციას ასე აფასებს. „სწორედ მის საქციელში ჩანს, როგორი პასუხისმგებლობით უდგება ის თავის ვალდებულებებს“,- განაცხადა ჯაფარიძემ.

ამასთან, კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა, რომ „ლელომ“ პარლამენტში შესვლის თაობაზე აზრი შეიცვალოს, ჯაფარიძე ამბობს, რომ ეს მხოლოდ პოლიტიკური შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში მოხდება. მისივე თქმით, პარლამენტი კვლავ ერთპარტიულია და 4 ადამიანის შესვლა არაფერს ცვლის.

4 ადამიანის დამატებას ერთპარტიულობისთვის არაფერი შეუცვლია. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ 4 და თუნდაც 6 ადამიანის დამატება არ ცვლის მოცემულობას და რეალურად ეს მაინც ერთპარტიული პარლამენტია და დარჩება ასე სანამ ოპოზიციის უმრავლესი ნაწილი პარლამენტში არ შევა. ოპოზიციის დიდი ნაწილი კი შევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკური შეთანხმება მოხდება. ამიტომ „ქართული ოცნება“, ფაქტია, უნდა შეეგუოს ამ გარემოებას, უნდა მოიკრიბოს გაბედულება და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა წამოვიდეს შეთანხმებაზე და მივცეთ ქართველ ხალხს საშუალება სამართლიანი არჩევნების გზით აირჩიოს ის ხელისუფლება, რომელსაც ენდობა“,- განაცხადა ჯაფარიძემ.