სამართალი
პატიმრების შეწყალების უკანონო სქემას ელენე თევდორაძემ ფარდა ახადა – პროკურატურა უფლებამოსილებებს ამეტებს

tevdoradzeროგორც ცნობილია, სააღდგომოდ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 266 მსჯავრდებული შეიწყალა. აქედან 227 მსჯავრდებულმა საპატიმროები უკვე დატოვა, 24-ს სასჯელის ვადა გაუნახევრდა, ორს პირობითი მსჯავრი მოეხსნა, 13-ს კი სასჯელის ვადა შეუმცირდა. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ აღნიშნა, რომ შეწყალებულ მსჯავრდებულებს შორის 12 ქალია, თუმცა საქინფორმთან საუბრისას შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ელენე თევდორაძემ განსხვავებულ ციფრებზე ისაუბრა. ამასთან, მას იმ ინფორმაციის შესამოწმებლადაც დავუკავშირდით, რომელიც პრესაში 27 აპრილს გავრცელდა და რომლის მიხედვითაც შეწყალებულთა სიაში აღმოჩნდა თბილისის მერის – გიგი უგულავას ახლო ნათესავი, ვინმე გოდერძიშვილი, რომელსაც სასამართლოს მიერ მისჯილი 11 წლიდან მხოლოდ 7 თვე ჰქონდა მოხდილი.

თევდორაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსგავსი გვარი კომისიის შესაწყალებელ პატიმართა სიაში არ ყოფილა და დასძინა, რომ, „სამწუხაროდ, შესაძლოა, ამ პატიმრის გათავისუფლება პროკურატურის ჩარევით მოხდა“.

საქინფორმი პროკურატურის პრესსამსახურსაც დაუკავშირდა, სადაც კატეგორიულად უარყვეს, რომ პატიმართა შეწყალების საკითხში უწყებას რაიმე კავშირი აქვს. პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაკავშირება კი, სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ.

საკითხის გასარკვევად კვლავ თევდორაძეს მივმართეთ:

ქალბატონო ელენე, ჩვენ დავუკავშირდით მთავარ პროკურატურას, სადაც გვითხრეს, რომ შეწყალების საქმესთან არანაირი შეხება არ აქვთ...

– კარგით რა! კარგით რა! (იცინის) ისინი, რა თქმა უნდა, ამას არასოდეს არ ამბობენ, თორემ ჩვენ მიერ განხილულ სიებს მაინც იქ აგზავნიან, მე ვიცი! და მერე მიდის პრეზიდენტთან.

– იმის თქმა გინდათ, რომ პროკურატურა არაოფიციალურად არის ჩართული ამ საქმეში?

რა თქმა უნდა! მათ არ აქვთ არანაირი უფლება, რადგან ვინც სჯის, მას არ აქვს უფლება, მერე აპატიოს, ამაშია საქმე სწორედ...

თუმცა პროკურატურა კატეგორიულად უარყოფს ამას...

როგორ? კარგით რა!

ესე იგი პროკურატურის მხრიდან კანონდარღვევას აქვს ადგილი?

ნუ, რა ვიზამთ?!.

და საპატრიარქოს სიებიც იქ მიდის, ქალბატონო ელენე?

მე მგონი, საპატრიარქოს სიებიც იქ მიდის, იმიტომ, რომ მე რამდენჯერმე გამიკეთებია ეს განცხადება ხმამაღლა და პასუხი, რომ „ეს ასე არ არის“, არ უთქვამთ. წარმოიდგინეთ, საპატრიარქოსმ 1000 პატიმრის სია გადააგზავნა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ჩვენი იყო 121. თუმცა ჩვენ სიიდან ამოგვიგდეს ერთი არასრულწლოვანი. ჩვენ მაინც გადავეცით მისი გვარი, თუმცა დარწმუნებული ვიყავით, რომ არ შეიწყალებდნენ. მოკლედ, ჩვენი და საპატრიარქოს სიებიდან სულ 266 პატიმარი შეიწყალეს. მაშინ ვისი იყო დანარჩენი? დაზუსტებით ვერაფერს გეტყვით, რადგან საპატრიარქოდან სია პირდაპირ არ მიდის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. მე რასაც გეუბნებით, რა თქმა უნდა, ეს არ არის ხმამაღლა სათქმელი, სამწუხაროდ, მაგრამ რა თქმა უნდა, ის ათასკაციანი სია გაიგზავნა პროკურატურაში, მათ დატოვეს ეს რაოდენობა, ვფიქრობ, რამდენიმე თავისიც დაამატეს და გააგზავნეს შემდეგ უკვე პრეზიდენტთან ხელმოსაწერად... მაგრამ, მე არ ვფიქრობ, რომ ამისი გაჟღერება არის საჭირო...

რატომ, ქალბატონო ელენე, საზოგადოებამ ხომ უნდა იცოდეს, რა ხდება რეალურად?

იცით რა, გადასარევად იციან ჩვენი პატიმრების ოჯახებმა ეს. რა თქმა უნდა, ეს არ არის სწორი, თუმცა თავის დროზე მე პირდაპირ მითხრა პრეზიდენტმა – „აბა, რა ვქნა, მე ხომ არ ვარ დარწმუნებული, რომ ყველა შესაწყალებელია, ვის გვარსაც თქვენ მიგზავნითო“...