რელიგია
საპატრიარქოს განცხადება – მელაშვილის საქმიანობა მარტივად დაიყვანება აზერბაიჯანის მიერ მოთხოვნილი მიწების შეუპასუხებლად გაფორმებაზე

 საქართველო, 1 თებერვალი, საქინფორმი. 29 იანვარს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წინასწარი პატიმრობიდან კარტოგრაფების ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გირაოს სანაცვლოდ გამოშვებას გამოეხმაურა და იმედი გამოთქვა, რომ „გამოძიება ისეთივე შემართებითა და მიზანდასახულობით მიმდინარეობს“.

მართლმადიდებელი ეკლესიის თქმით, სახელმწიფოს ვალია, „საზოგადოებასა და ეკლესიას დაუმტკიცოს, რომ გაჩენილი ეჭვები გარეჯის საკითხის პარტიულ-პოლიტიკურ კომბინაციებში გამოყენების შესახებ მხოლოდ ეჭვებია და აპირებს, ეს საქმე ბოლომდე მიიყვანოს“.

ამასთან, ეკლესიამ მელაშვილი გათავისუფლებისას დავით გარეჯის მონასტრის ბერისადმი „კადნიერი განცხადების“ გამოც გააკრიტიკა და საპასუხოდ აღნიშნა: „რა შესძინა [თავად მელაშვილმა]… ქვეყანას? მისი საქმიანობა ხომ მარტივად დაიყვანება აზერბაიჯანის მიერ მოთხოვნილი მიწების შეუპასუხებლად გაფორმებაზე?

სასამართლომ საპარლამენტო არჩევნებამდე სამი კვირით ადრე დაკავებული ილიჩოვა და მელაშვილი წინასწარი პატიმრობიდან 28 იანვარს მას მერე გაათავისუფლა, რაც პროკურატურამ მოულოდნელად მათთვის წინასწარი პატიმრობის გირაოთი ჩანაცვლება მოითხოვა. პროკურატურის თქმით, ამჯერად გამოძიება მთელ ძალისხმევას იმ „ზემდგომი თანამდებობის პირების“ გამოსვლენად მიმართავს, რომლებიც კარტოგრაფებს საქართველოს მიწების აზერბაიჯანისადმი გადაცემას „ავალებდნენ“.