პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - კატეგორიულ უარს ვაცხადებთ ნებისმიერ მოლაპარაკებაზე, რომელიც რიგგარეშე არჩევნებს უკავშირდება

 საქართველო, 23 თებერვალი, საქინფორმი. ჩვენ კატეგორიულად ვაცხადებთ უარს ნებისმიერ მოლაპარაკებაზე, რომელიც უკავშირდება რიგგარეშე არჩევნებს. ეს საკითხი არის დახურული და არ განიხილება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციას არ სურს არც რიგგარეშე არჩევნები, არც სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები. ღარიბაშვილის განცხადებით, ოპოზიციას ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა უნდა.

„ეს გაუთავებელი ურთიერთბრალდებები, ურთიერთშეურაცხყოფები არავის სიამოვნებს, მაგრამ როდესაც თავს გესხმიან, გაბრალებენ ყველაფერს, გლანძღავენ უშვერი სიტყვებით, არნახული აბსურდული ბრალდებებით, ცილისწამებებით, გიჩნდება ერთადერთი სურვილი, უპასუხო და არ დატოვო რეაგირების გარეშე. რა თქმა უნდა, ეს არის კარგად გათვლილი მიზანი, მათ იციან, რომ ეს ყველაფერი მოსახლეობისთვის არის აუტანელი. ასე გაგრძელება შეუძლებელია. მეორე მხრივ, ჩვენ უნდა დავინახოთ პოზიტივი ამ უნიკალურ შესაძლებლობაში. ვთქვათ პირდაპირ, რომ ვერ ვინატრებდით, „ნაციონალური მოძრაობის“ ამ რადიკალური დესტრუქციული ძალების წარმომადგენლები არ შემოსულიყვნენ პარლამენტში. ეს შეიძლება, ყოფილიყო ჩვენი ოცნება, მაგრამ ასე მოხდა ბუნებრივად, მათივე არჩევანითა და სურვილით. თუ მოახერხებენ ოპოზიციის წარმომადგენლები, გაემიჯნონ სააკაშვილის ძალადობასა და შანტაჟს, ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით. მზად ვართ კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის, დიალოგისთვის, ცხარე დებატებისთვის, რაც ჯდება თანამედროვე, დემოკრატიული ქვეყნისთვის მიღებულ პრაქტიკაში. მაგრამ, ჩვენ კატეგორიულად ვაცხადებთ უარს ნებისმიერ მოლაპარაკებაზე, რომელიც უკავშირდება რიგგარეშე არჩევნებს. ეს საკითხი არის დახურული, ეს საკითხი არ განიხილება. მათ არ სურთ არც რიგგარეშე არჩევნები, არც სამართლიანი არჩევნები, არც დემოკრატიული არჩევნები. მათ სურთ ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა. სწორედ ამიტომ არიან ისინი გასული კონსტიტუციური ჩარჩოებიდან. სწორედ ამიტომ, უმოკლეს ვადაში, ჩემი ერთ-ერთი პირველი ამოცანა, პრიორიტეტი იქნება, აღვადგინო კონსტიტუციური წესრიგი ამ ქვეყანაში, რომ არავინ იდგეს ამ ქვეყანაში კანონზე მაღლა და კანონი უნდა აღსრულდეს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.