სამართალი
ირაკლი ღარიბაშვილი - ყველა მოქალაქე, განურჩევლად პოლიტიკური კუთვნილებისა, ვალდებულია, დაემორჩილოს კანონის აღსრულებას

 საქართველო, 24 თებერვალი, საქინფორმი. ყველა მოქალაქე, განურჩევლად პოლიტიკური კუთვნილებისა, ვალდებულია, დაემორჩილოს კანონის აღსრულებას, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ „ნიკა მელია არის კრიმინალი“.

„მე გუშინ ვრცლად ვისაუბრე ნიკა მელიასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ მინდა, გავაკეთო შემდეგი კომენტარი, რომ ნიკა მელია არის კრიმინალი, სხვა საქმეზე მას აქვს მისჯილი და სასამართლომ დაადგინა, რომ იგი არის კრიმინალი.

მე შეგახსენებთ, რომ ბატონი მელია გასამართლებული იყო ბანკი „ქართუს“ გაკოტრების საქმეზე. ეს მეორე საქმე, რისთვისაც პოლიციამ მაღალ დონეზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავა იგი, უკავშირდება სწორედ ამ შენობის შტურმის ორგანიზებას, რომელიც მან და მისმა თანაორგანიზატორებმა დაგეგმეს და ჩვენი სახელმწიფო ძლიერების გამოცდა გადაწყვიტეს.

კიდევ ერთხელ მინდა, გითხრათ ყველას, რომ ჩვენ ვაშენებთ სამართლებრივ სახელმწიფოს. ყველა მოქალაქე, განურჩევლად მისი მდგომარეობისა, მისი პოლიტიკური კუთვნილებისა თუ გემოვნებისა, არის ვალდებული და იქნება ყველა ვალდებული, რომ დაემორჩილოს კანონის აღსრულებას“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.