სამართალი
თეა წულუკიანი - ქალბატონმა ანიტამ არ იცის, რომ ქალთა მე-5 კოლონიის „პატიმარი“ ვარ და „საკანში“ სალომე ზურაბიშვილი მყავს

 საქართველო, 26 მარტი, საქინფორმი. ანიტა ანიტაა, რასაც უნდა, იმას იტყვის, მაგრამ მან არ იცის, რომ მე არა კულტურის მინისტრი, არამედ ქალთა მე-5 კოლონიის პატიმარი ვარ, რადგან როცა იუსტიციის მინისტრი ვიყავი, ქალბატონმა ანიტამ Facebook-ზე „გამასამართლა“ და „ციხეში ჩამსვა“, - ასე უპასუხა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა „რადიო იმედის“ ეთერში, გადაცემაში „კვირის პოლიტიკა“ საოპერო მომღერლის, ანიტა რაჭველიშვილის განცხადებას.

„ანიტა რაჭველიშვილმა და ლაშა ბუღაძემ უნდა ილაპარაკონ ის, რასაც ფიქრობენ. მათი განცხადებები ჩემს ერთ კონკრეტულ ეთერს არ მოჰყოლია. ეს პროცესი იქამდე დაიწყო. ხანდახან ყველას გვიჭირს საქმისა და პოლიტიკის ერთმანეთისგან განსხვავება. ბატონმა პაატა ბურჭულაძემაც გააკეთა მწვავე განცხადება. მისი მაგალითი რომ ავიღოთ, ის არის უზარმაზარი მასშტაბის ხელოვანი, მაგრამ, როგორც პოლიტიკოსი, ისაა ხელმოცარული. მან თავი ჩემს კოლეგად შემომთავაზა. თავის რეალურ და ნამდვილ პროფესიაში ის ნამდვილად შეუდარებელია. ასევეა ქალბატონი ანიტაც. ანიტა ანიტაა, რაც უნდა, იმას იტყვის, მაგრამ მან არ იცის, რომ მე არ ვარ კულტურის მინისტრი. მე ვარ ქალთა მე-5 კოლონიის პატიმარი, რადგან როცა იუსტიციის მინისტრი ვიყავი, ქალბატონმა ანიტამ Facebook-ზე „გამასამართლა“ და „ციხეში ჩამსვა“. იმის მერე, „სასჯელს ვიხდი“. ეს ხუმრობით. ასევე, საკანში მყავს სალომე ზურაბიშვილი, რომელიც, ასევე, ქალბატონმა ანიტამ, Instagram-ზე თუ რომელიღაც სხვა ქსელში, გაასამართლა და ისიც „ციხეში ჩასვა“. ქალბატონ ანიტას, რატომღაც, ქართველი პოლიტიკოსი ქალები არ უყვარს, ან - უყვარს, მაგრამ ჩვენ არ ვუყვარვართ. ეს არც დასაძრახია, არც - შემაშფოთებელი. ეს ნორმალური პროცესია. ეს ჩემთვის პრობლემა არაა. ისინი ილაპარაკებენ იმას, რაც უნდათ, მაგრამ საზოგადოება თავად გადაწყვეტს, რა არის სწორი და რა - არა. თუ შენ ამ დონის ხელოვანი ხარ და ქართველებს ეუბნები, რომ ვიღაც მინისტრი არ მომწონს და ჩემს შემოქმედებას არ გაზიარებ, ეს მინიმუმ, დასანანია. მინისტრი დღეს არის და ხვალ არ იქნება. ანიტას, პაატას თუ სხვების შემოქმედება საუკუნეებს დარჩება“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ანიტა რაჭველიშვილმა განაცხადა, რომ თეა წულუკიანი დიქტატორია. „ჩემი ფეხი არ დადგება სცენაზე საქართველოში, სანამ კულტურას წულუკიანი მართავს“ - განაცხადა მან.