პოლიტიკა
საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ რეფერენდუმის 30 წლისთავი აღნიშნა

 საქართველო, 1 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს პირველმა პირებმა გუშინ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებიდან 30 წლისთავი აღნიშნეს. 1991 წლის 31 მარტს მთელ საქართველოში, მათ შორის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის უბნებზე მისული 3 326 100 ამომრჩევლიდან 99.08%-მა მხარი დაუჭირა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას.

საიუბილეო თარიღის აღსანიშნად ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას საფლავი ყვავილებით შეამკეს. გამსახურდია, რომელიც დღეს 82 წლის გახდებოდა, დამოუკიდებლობის მომხრე მოძრაობის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ლიდერი იყო.

[ზვიად გამსახურდიას] პიროვნული ღვაწლი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის საქმეში განუზომელია“, – თქვა პრემიერ-მინისტრმა.

„დღესაც გვჭირდება ის ერთიანობა, სულისკვეთება და მიზანსწრაფულობა, რაც 1991 წლის 31 მარტს მძლავრად იგრძნობოდა საქართველოში – გვჭირდება ჩვენი ხვალინდელი დღის შესაქმნელად“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა Twitter-ზე დაწერა, რომ ამ დღემ სათავე დაუდო „ახალ, გათავისუფლებულ“ საქართველოს, რამდენადაც 1991 წლის რეფერენდუმზე ამომრჩეველმა „ევროპისა და განვითარების გზა აირჩია“.

რეფერენდუმის საფუძველზე, უზენაესმა საბჭომ 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადება საბჭომ 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის ორი წლისთავს დაამთხვია.

საბჭოთა მმართველობამ საქართველოში 70 წელს გასტანა. 1918 წლის 26 მაისს გამოცხადებული საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა საბჭოთა რუსეთმა 1921 წლის თებერვალ-მარტში დაიპყრო და მოგვიანებით, 1922 წელს საბჭოთა კავშირში შეიყვანა. დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას საბჭოთა მმართველობა არასდროს უცვნია.