რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: სოხუმისა და ცხინვალის დაბრუნებასთან ერთად ქართველებმა იმაზეც უნდა ვიფიქროთ, რომ ბათუმი არ დავკარგოთ!

   გასულ კვირას სოციალურ ქსელებს მოედო პროვოკაციულ-ანიმაციური ფილმი, რომელიც წარმოადგენს საქართველო-თურქეთის ომის მოდელირებას ამაზრზენი ფინალით — მარცხდება საქართველო და ვკარგავთ აჭარას! სამწუხაროდ, ეს ფაქტი ჩვენთან საგანგებო ყურადღების ცენტრში არ მოქცეულა. გასაგებია, რომ ერთგვარ ფაბრიკაციასთან გვაქვს საქმე, მაგრამ არსებობს კი კვამლი უცეცხლოდ?! არადა, როცა ფარული აუდიოჩანაწერები ან პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოფაილები ჩნდება ინტერნეტში, საზოგადოება უმალ გამოიბამს ხოლმე ას ყურსა და ას თვალს! ახლა კი სამარისებური სიჩუმე სუფევს — რუსოფობიით გაჟღენთილი პოლიტბნელიტა და სააკაშვილის ირგვლივ შეჯარული ოპოზიციური ბოზმონდიც დუმს! არადა, ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, როგორ გააქტიურდებოდნენ ეს მართლაც ბნელეთის მოციქულები, თურქული ოკუპაციის ნაცვლად ანიმაციურ ფილმში რუსული აგრესიის მორიგი გამოვლენა რომ ყოფილიყო ასახული! გახსოვთ, 2010 წელს უცაბედად როგორ შეწყდა ტელეარხი „იმედის“ საღამოს საინფორმაციო გამოშვება ”საქართველოში რუსეთის მოულოდნელად დაწყებული შეჭრის პირდაპირი რეპორტაჟით”, შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ ეს online კი არა, სააკაშვილის ბრძანებით იმიტირებული კადრები იყო?! როგოც ჩანს, რეჟისორები მოდელირებული "ქრონიკის“ დამდგმელთა გაგებით, აგრესია მხოლოდ რუსული შეიძლება იყოს და არავითარ შემთხვევაში - თურქული! Fake-ნიუსთა გამავრცელებლებმა იმდენი იძახეს — რუსი მოდის!“, „მგელი მოდის!-ო, რომ მგელი მართლაც მოვიდა, ოღონდ სამხრეთიდან! ასეა, როცა დედაენისეულ სიბრძნეს ივიწყებენ თუ გვავიწყებენ!

ახლა კი რამდენიმე სცენა თურქული სასწავლო-შემეცნებითი ფილმიდან:

კადრს მიღმა ისმის დიქტორის ხმა: ძვირფასო მეგობრებო! განვიხილოთ ომის სცენარი, რომელიც თურქეთსა და საქართველოს შორის მოხდა. სცენარის მიხედვით, მხარეებს არც მოკავშირეები ჰყავთ და არც ბირთვული იარაღი გააჩნიათ. ომის დაწყების მიზეზი გახდა თურქების მიერ ტყის გაჩეხვა მახაკალაში (ანუ მაჭახელას ხეობაში, რომელსაც 2012 წელს ნაციონალური პარკის სტატუსი მიენიჭა - ..), თურქეთის ართვინის ოლქის მიმდებარედ (საქართველოს ისტორიული მიწა-წყალი, ბათუმის ოლქის სამხრეთი, რომელიც 1878 წლიდან შედიოდა რუსეთის იმპერიაში და გადავიდა თურქეთის გამგებლობაში 1921 წლის მოსკოვისა და ყარსის შეთანხმების კვალდაკვალ. პოტსდამის კონფერენციაზე სტალინმა სცადა, დაებრუნებინა საქართველოსა და სომხეთისთვის თურქეთისათვის გადაცემული ტერიტორიები, მაგრამ საქართველოს დღევანდელმა სტრატეგიულმა ხელმძღვანელებმა - აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა აღნიშნული საკითხი დაბლოკეს - ..).

დავუბრუნდეთ ფილმს: დიქტორის განცხადებით, მაჭახელაში ტყის გაჩეხვის გამო ქართული მხარე ოფიციალურ ანკარას საპროტესტო ნოტას უგზავნის, რის გამოც თურქები ბოდიშსაც კი იხდიან და გამოთქვამენ მზაობას, გაიღონ ფულადი კომპენსაცია, რათა კონფლიქტი მშვიდობიანად გადაიჭრას, მაგრამ ქართული მხარე უარზეა. დიპლომატიური მიწერ-მოწერაც უშედეგოა და ვითარება სერიოზულად იძაბება.

შემდგომ მოტანილია მონაცემები თურქეთისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების შესახებ: თურქეთი — 750 ათასი ჯარისკაცი, საქართველო — 45 ათასი ჯარისკაცი; თურქეთი - 2500 ტანკი, საქართველო - 150 ტანკი; თურქეთი — 600 შვეულმფრენი, საქართველო — 50 შვეულმფრენი; თურქეთი — 500 თვითმფრინავი, საქართველო — 30 თვითმფრინავი; თურქეთი — 150 ხომალდი, საქართველო — 10 ხომალდი. ხმა კადრს მიღმა: თურქეთის შეიარაღებისა და ცოცხალი ძალის უპირატესობის მიუხედავად, 3 ქართული ხომალდი მაინც შევიდა თურქეთის ტერიტორიულ წყლებში და დაბომბა ტრაპიზონის სახმელეთო ზოლი, რის შემდეგაც თურქეთმა კვლავ შესთავაზა საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრა, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაემუქრა თურქეთის არმიის შეტევით, რაც საქართველოსთვის სავალალოდ დასრულდებოდა. საქართველომ ამ შეთავაზებაზეც უარი განაცხადა, უფრო მეტიც, დააკავა ბათუმში თურქეთის მოქალაქენი, რის შემდეგაც ანკარამ წამოუყენა ულტიმატუმი — ან ისინი 12 საათამდე გათავისუფლდებიან, ან ყველა მძიმე შედეგისათვის პასუხისმგებლობა ქართულ მხარეს დაეკისრებაო! მაგრამ საქართველომ უგულებელყო თურქეთის ულტიმატუმი, მოახდინა ართვინის ოკუპაცია, გაუსწორდა იქაურ მშვიდობიან მოსახლეობას, და მიუერთა ართვინი საქართველოს“.

„საქართველოს არმიის შეტევა გაგრძელდა. მან ჩააღწია ერზრუმამდე და დაიპყრო იგი. ანკარამ გაგზავნა შეიარაღებული ძალები და ორი ავიაგამანადგურებელი F-16. მათ სარაკეტო დარტყმა მიაყენეს ქართულ არმიას, რის შემდეგაც მან უკან დახევა დაიწყო. ამ მომენტში რუსეთმა საქართველოს მიაწოდა 2 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი C-300, რომლებმაც ართვინში თურქეთის ორივე F-16 გაანადგურეს. ანკარა განრისხდა და აქტიურად დაიწყო თავისი ტერიტორიების დაბრუნება, რისთვისაც ერზრუმში ქვეითი ჯარი გაგზავნა. ამავე დროს ქართველების სადესანტო ხომალდმა გადმოსვა ტრაპიზონთან თავისი საზღვაო ქვეითები, რომლებიც თურქებმა გაანადგურეს და გაათავისუფლეს ერზრუმი.

საპასუხოდ თბილისმა გაგზავნა 5 თვითმფრინავი Су-25, რომლებმაც დაიწყეს ერზრუმის დაბომბვა და გაანადგურეს თურქული დაჯგუფება. Cу-25-ები ღრმად შეიჭრნენ თურქეთის ტერიტორიაზე და ჩამოგდებულ იქნენ C-400 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი(რომლებიც გასულ წელს თურქეთმა რუსეთისაგან შეიძინა - ა.ხ.). ხუთი Cу-25-დან გადარჩა მხოლოდ ერთი თვითმფრინავი, რომელიც საქართველოში დაბრუნდა. ამის შემდეგ რუსეთის მიერ საქართველოსთვის გადაცემული C-300-მა ართვინის თავზე ჩამოაგდო თურქეთის უპილოტო საფრენი აპარატი, მაგრამ უმოკლეს დროში თურქული ავიამზიდი მიუახლოვდა ართვინის სანაპირო ზოლს და მისი ბორტიდან აფრენილმა ორმა უპილოტო საფრენმა აპარატმა გაანადგურა ქართველების კუთვნილი C-300. იგრძნო რა საფრთხე, ქართელმა შეიარაღებულმა ძალებმა განახორციელეს სარაკეტო შეტევა თურქულ ავიამზიდზე, თუმცა, რაკეტებმა მიზანს ვერ მიაღწიეს, რადგან განადგურებულ იქნენ თურქეთის რაკეტსაწინააღმდეგო კომპლექსების მიერ.

ამის შემდეგ თურქეთს ბრძოლაში შეჰყავს დამატებითი ძალები — 50 ტანკი და 25 ქვემეხი, რომლებიც უპილოტო საფრენ აპარატებთან ერთად იწყებენ ართვინის შტურმს. ამასთანავე, თურქები იყენებენ ანტირადარულ სისტემებს და ქართველების შეიარაღებაში დარჩენილ მეორე C-300-ს უკვე აღარ ძალუძს, აღმოაჩინოს თურქული რაკეტები და უპილოტო თვითრინავები, რომლებიც მალევე ანადგურებენ მას. ამჯერად ქართულ შეიარაღებულ ძალებს საბრძოლო არენაზე გამოჰყავთ სამი შვეულმფრენი, რომლებსაც თურქული C-400 ანადგურებს, ხოლო მისი ქვეითი ჯარი ართვინში შედის და ქართული არმიისაგან მის გათავისუფლებას იწყებს. ქართველების 17 ტანკი, რომლებიც არდაღანის პროვინციის მხრიდან ერთვება ბრძოლაში, აგრეთვე განადგურებული იქნენ თურქული ავიაციის მიერ“.

კადრს მიღმა ხმა გვამცნობს, რომ ამის შემდეგ სამხედრო მოქმედებები უკვე საქართველოს ტერიტორიაზე გრძელდება: „თურქული გემები გამოდიან ტრაპიზონიდან. მათ გემბანზე 74 ტანკი და 11 ათასი ჯარისკაცია, რომლებიც იკავებენ ბათუმს, მიუხედავად იმისა, რომ ქართული არმია კვლავ უშედეგოდ ცდილობს ართვინის დაცვას. ბათუმის კვალდაკვალ თურქული არმია შედის ფოთში და ახდენს აფხაზეთის მთელი ტერიტორიის ოკუპაციას. იმის შიშით, რომ თურქები თბილისსაც აიღებენ, ქართული მხარე იწყებს თბილისის მიმდებარე ტერიტორიების დანაღმვას, თუმცა, თურქეთის დივიზია „K“ არდაღანიდან, რომელმაც აიღო იმერეთი, უკვე თბილისის კართანაა. თურქული სატანკო ქვედანაყოფები აჭარის გავლით საქართველოს დედაქალაქის გარშემო ჯგუფდებიან, თუმცა, დანაღმულ თბილისში შეღწევა რთულია. და მიუხედავად ამისა, უახლესი თურქული ტექნოლოგიის გამნაღმველი მოწყობილობების დახმარებით თბილისის მისადგომები განაღმულია. პარალელურად თურქული F-16-ები ბომბავენ თბილისის შემოგარენს.

საბოლოოდ საქართველო აღიარებს ომში დამარცხებას და ითხოვს ზავს. თურქეთი თანხმდება, ოღონდ შემდეგი პირობით: საქართველომ უნდა გადაუხადოს თურქულ მხარეს 1 მილიარდი დოლარი და გაათავისუფლოს თურქული ექსპორტი საბაჟო გადასახადებისაგან. ვინაიდან საქართველოს თანხები არ გააჩნია, თურქეთი სანაცვლოდ ისაკუთრებს ბათუმს და თურქული პროდუქციაც ყოველგვარი გადასახადების გარეშე შემოედინება საქართველოში”.

ფილმის დასასრული.

... ასეთია სასწავლო-შემეცნებითი ანიმაციური ფილმის ფინალი, მაგრამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აინუნშიც არ აგდებს ქართულ-თურქული ურთიერთობებისათვის ეგზომ საზიანო პროვოკაციას, არც ნორას აგზავნის და არც თურქეთის ელჩს ეძახის! მაგრამ იქნებ არც მთლად პროვოკაციასთან გვაქვს საქმე?! აკი, პუტინის თქმით, ერდოღანი პირში მთქმელი კაცია, რომელიც არასოდეს მალავს საკუთარ სურვილებს!. წელიწადნახევრის წინათ კი ერდოღანმა პირდაპირ განაცხადა: „ჩვენი ფიზიკური საზღვრები განსხვავდებიან ჩვენს გულებში გავლებული საზღვრებისაგან. განა შეიძლება რიზე ბათუმისაგან განასხვავო? ისტორიკოსთა უმეტესობა თვლის, რომ თურქეთის საზღვრებში უნდა შედიოდეს კვიპროსი, ალეპო, მოსული, სალონიკი, ბათუმი. მხოლოდ დამოუკიდებლობის დაკარგვის შემთხვევაში დავკარგავთ ჩვენ აღნიშნული ტერიტორიებისადმი ინტერესს!“.

ბოლო წინადადებაში ერდაღანმა მიანიშმა დამოუკიდებლობადაკარგულ საქართველოზე, რომელსაც გაუნელდა ინტერესი თავისი ტერიტორიებისადმი — ართვინის, არდაღანისა და ერზრუმის ნაწილის მიმართ, რომლებიც ტაო-კლარჯეთის შემადგენლობაში შედიოდა! ხოლო აჭარის დაკარგვით საქართველო სამუდამოდ დაივიწყებს აფხაზეთსა და სამაჩაბლოს, მითუმეტეს, თუ რუსეთის მიმართ ფაშინიანივით მოიქცევა! ამიტომაც დღეს ქართველებმა სოხუმისა და ცხინვალის დაბრუნებასთან ერთად იმაზეც უნდა იფიქრონ, რომ ბათუმი არ დაკარგონ!

ქართველებს არ შემოუკრავთ განგაშის ზარებისათვის, როდესაც თურქეთის სასკოლო სახელმძღვანელოში გამოჩნდა რუკა, რომელზეც ბათუმი თურქეთის შემადგენლობაშია შეტანილი და „ბათუმ-კალედ“ იწოდება! იქნებ ქართველებს დაავიწყდათ თურქეთში მცხოვრები 500 ათასი მუსულმანი აფხაზი, რომლებსაც საკუთარი გულისა თუ ერდოღანის კარნახით, შეიძლება ისტორიულ სამშობლოში დაბრუნების სურვილი გაუჩნდეს?! ქართველებმა ანეკდოტად გაიხადეს თურქეთის გენშტაბის გეგმები და ოდნავადაც არ აშფოთებთ, რომ ბათუმის აეროპორტი თურქული ტურისტული გზამკვლევების მიხედვით მათ შიდა აეროპორტად მიიჩნევა! ქართველებს არ აფიქრებთ აჭარაში გახსნილი 300-მდე ახალი მეჩეთი, რომელთა რაოდენობა ასლან აბაშიძის მმართველობის დროს მხოლოდ სამს აღწევდა! ქართველები ყურადღებას ამახვილებენ არაკონტროლირებადი აფხაზეთის ტერიტორიაზე სომხური მოსახლეობის სიჭარბეზე, მაგრამ თვალთახედვის მიღმა რჩებათ, რომ აჭარის მოსახლეობის მესამედი მუსულმანია და 30 პროცენტზე მეტი — ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი! „მეჩეთები ჩვენი ყაზარმებია, მინარეთები კი — ჩვენი ხიშტები!“ — ბრძანა ერდოღანმა ჩვეული პირდაპირობით, რის გამოც სცემს მას პატივს პუტინი. როგორც ჩანს, ქართველებს არ სჭრით ყურს, რომ ბათუმში ქართულ ლაპარაკს თურქული ბაასი ახშობს. ვგონებ, არც ის გვაღელვებს, რომ ავტონომიური რესპუბლიკა ცხოვრობს თურქეთიდან ყოველწლიურად შემოდინებული 500 მილიონი დოლარით. აკი, თურქეთმა ასლან აბაშიძის შემდეგ აჭარაში ლამის 3 მილიარდი დოლარი „ჩატუმბა“! აი, რატომ სცემდა ბუკსა და ნაღარას სააკაშვილი ე.წ. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ — ასლანი გაიქცა, აჭარა თავისუფალიაო! კი მაგრამ, რისგან ან ვისგან არის თავისუფალი?! დაფიქრდებიან კი ამაზე ქართველი Facebook-მომხმარებლიები, უაღრესად საშიში პროპაგანდისტული ფილმი თურქეთ-საქართველოს მოდელირებულ ომზე უწყინარ მულყფილმად რომ მიაჩნიათ?!

თუ ინტერნეტში გავრცელებული პროვოკაციული ანიმაციის მიხედვით ომი მაჭახელაში თურქების მიერ ტყის გაჩეხვის საბაბით დაიწყო, სავსებით შესაძლებელია, იგი მართლაც გაჩაღდეს ქართველების მხრიდან ნამახვანჰესის მშენებლობის ბლოკირების გამო, რომლის უკანაც თურქული კომპანია „ENKA“ დგას. თურქეთის ელჩმა საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანმა იქედნურად წაგვკბინა „ანტითურქული, თურქოფობიული თუ ისლამოფობიული პროპაგანდის“ გამო, რაკიღა „სამშენებლო ობიექტზე ჯვარი იქნა აღმართული“. მაგრამ იაზგანს შეუძლია იატაგანიც იშიშვლოს, თუკი საქართველოში დაივიწყებენ მოსკოვისა და ყარსის ხელშეკრულებებს, რომლებსაც მიმდინარე წელს საუკუნე უსრულდებათ! რუსეთსა და თურქეთს თავისუფლად შეუძლიათ მოსკოვის ხელშეკრულების დენონსირება, რომლის დანართსაც წარმოადგენს ყარსის შეთანხმება, რადგან დღეს აღარ არსებობს არც საქართველოს სსრ, არც სომხეთის სსრ და არც რსფსრ, რომლებმაც ხელი მოაწერეს მოსკოვისა და ყარსის ხელშეკრულებებს, რომლებიც არსობრივად დიდი ხანია მოძველებულია!

ფაქტია: 2021 წელს, სწორედ მოსკოვისა და ყარსის ხელშეკრულებებიდან საუკუნის თავზე, ერდოღანი აყალიბებს შავი ზღვის რეგიონალური უსაფრთხოების ახალ კონცეფციას, რომლის სათავეშიც თურქეთია თავისი ახალი სტამბოლის სრუტეთი, და არა საქართველო! თურქეთი, და არა უკრაინა ან ნატო! ეს ნიშნავს, რომ თურქეთის პრეზიდენტს, გარდა ბათუმის თურქეთის შემადგენლობაში დაბრუმებისა, შეუძლია ძირეულ რევიზიას დაუქვემდებაროს შავი ზღვისა და მისი სრუტეების საერთაშორისო სტატუსი თურქეთის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით! ამის დასტურია თუნდაც ერდოღანის მკაცრი პასუხი მონტრეს კონვენციის დამცველი 103 გადამდგარი ადმირალის წერილზე (რომელთაგანაც 10 დაპატიმრებულია), რომლებმაც სტამბოლის სრუტეს აშენების პროექტის კრიტიკით გამოვიდნენ! ამიტომ თურქეთი აუცილებლად გადასინჯავს მოსკოვისა და ყარსის ხელშეკრულებებს, რომლებიც რახანია, ფიქციად იქცა! ცხადია, რუსეთიც არ ისურვებს, იყოს ნატომიდრეკილი საქართველოს შემადგენლონაში მყოფი აჭარის უსაფრთხოების გარანტი, რომელიც აპირებს, რუსეთს სამხრეთიდან ევროატლანტიკური ქვეყანა მიუმეზობლოს!

და კიდევ: თურქეთი აზერბაიჯანისათვის მოკავშირეზე მეტია? ამიტომაც ყველა მცდელობა, გაჩაღდეს კონფლიქტი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, ერთი მანკიერი პროექტის ნაწილია — მოწყვიტოს აჭარა დედასაქართველოს! კიდევ ერთხელ მახვილი თვალით გადავხედოთ არცთუ შორეულ წარსულში დავითგარეჯის კომპლექსთან დაკავშირებულ მოვლენებს; მარნეულში ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის აღდგენასთან დაკავშირებულ ისტერიას; აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და „უფლებადამცველის“ მუხთარლის „გატაცების“ ანატომიას, რომელიც დღეს რატომღაც თბილისში დაბრუნდა... არც ქვემო ქართლში არჩევნების პერიოდში მომხდარი დესტრუქციული ქმედებები დავივიწყოთ და არც ფეიკ-ინფორმაციები იმის თაობაზე, რომ სამხედრო ტექნიკა სომხეთს საქართველოს ტერიტორიის გავლით მიეწოდებოდა!

არსებობს უამრავი შიდა და გარეშე ძალა, რომელსაც სურს, დაძაბოს საქართველოს ურთიერთობა მუსულმან მეზობლებთან, მათ შორის, აზერბაიჯანსა და თურქეთთან, რათა ქრისტიანობა და ისლამი უშუალოდ საქართველოს ტერიტორიაზე დააპირისპირონ ერთმანეთს. შემთხვევით როდი გააქტიურდა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წმინდა სინოდის ზოგიერთი ეპისკოპოსი და საეკლესიო განხეთქილებისა და სქიზმის ინიციატორიც კი გახდა... არც სოროსის არაქართველ წლოკვთა იგნორირება გვმართებს.

(თავის დროზე ზურაბ ჟვანიას ინიციატივით შეიქმნა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებშიც არაქართული ეროვნების ახალგაზრდები იქნენ შეყვანილი. მოგვიანებით სწორედ ეს გველის წიწილები გახდნენ სააკაშვილის მთავარი დასაყრდენი, რომელმაც ნაციონალურ უმცირესობათა გრანტიწოვია დამცველები საკუთარ დიასპორათა ხელმძღვანელებად აკურთხა და საქართველოს მთავარ სომხებად თუ მთავარ აზერბაიჯანელებად აღაზევა! ეს სააკაშვილის მიერ მაღალი რანგის სტუმრებისათვის საჩვენებლად გამწესებული ხალხი იყო, რათა მათ მაღალი წარმოდგენა შექმნოდათ მისი პრეზიდენტობის პირობებში საქართველოში არსებულ დემოკრატიის ხარისხზე. თუმცა, „ოცნების“ ხელისუფლებამ უმალ გაშიფრა, რომ „ნაციონალურ უმცირესობათა ინტერესების დამცველებს“ არანაირი ავტორიტეტი არ გააჩნიათ საკუთარ დიასპორებში და დღემდე ისევ და ისევ სააკაშვილის საქართველოში დასაბრუნებლად ირჯებიან.)

მოვლენათა ქრონოლოგია ამტკიცებს, რომ წინასწარგამიზნულად დაძაბული ურთიერთობები როგორც ქართველებსა და თურქებს, ასევე ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის სააკაშვილის კიევური ცენტრიდან იმართება და ხორციელდება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და ოპოზიციის ერთობლივი ძალისხმევით. ყოველ ჯერზე, როდესაც საქართველო ნაწილებად იშლებოდა და "კომაში ვარდებოდა", ეს არა აზერბაიჯანელების ან სომხების, არამედ ეთნიკურად ქართველი მოღალატეების ბრალი იყო, რომლებიც შიგნიდან უღებდნენ ციხესიმაგრის კარიბჭეს გარე მტერს, რომელიც უპირველესად დაანგრია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ტაძრებს ანგრევდა! სააკაშვილმა ვერ შეძლო სამხიდიანი „УРАЛ“-ით შეელეწა მართლმადიდებელი ეკლესიის კარი და ამჟამად კარის მღვდლის ცაავას შუბლით ცდილობს, დაანგრიოს უკანასკნელი ხიდი მართმადიდებელ მეზობელთან, რათა საქართველო კავკასიის რეგიონში არსებულ გამოწვევებთან მარტო დარჩეს!

სააკაშვილმა თურქოლოგ დედასთან გიული ალასანიასთან ერთად, რომელიც ფეთჰულაჰ გიულენის ფავორიტიც გახლდათ, ჯერ მიზანმიმართულად დაარღვია აჭარაში დემოგრაფიული ბალანსი მუსულმანთა სასარგებლოდ (ხელს უწყობდა თურქი მეწარმეების სათამაშო, სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესს, რომლებიც ისედაც იღებდნენ შეღავათიან სესხებს თურქეთის მთავრობისგან; ხელს უწყობდა თურქებისთვის ბორდელებისა და ნარკო–ბარების გახსნას; ხელს უწყობდა მეჩეთებისა და მედრესეების მშენებლობას; გამოცხადდა უვიზო მიმოსვლა თურქეთთან და საქართველოს მოქალაქეობა თურქებს პანტაპუნტით დაურიგა). შემდეგ კი საიდუმლო ბარძანებით აზერბაიჯანის ხელში აღმოჩნდა დავითგარეჯის ვრცელი საზღვრისპირა მონაკვეთი, რათა ორ მოძმე ერს შორის სიძულვილს ებარტყა! აზერბაიჯანელთა ჯანყი „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ და ამის საფუძველზე მათ დასახმარებლად თურქული არმიის შემოყვანა, არის სააკაშვილისათვის ის საოცნებო ანტურაჟი, რომლის ფონზეც საქართველოს მოღალატე პრეზიდენტყოფილი ღვთისმშობლის წილხვედრ მიწაზე დაბრუნებას აპირებს! ასეთია იმ ფილმის სცენარიც, რომელზედაც ზემოთ გვქონდა საუბარი! ამიტომაც უტევენ ყოველდღიურად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, რომელსაც IRI-ის უკანასკნელი გამოკითხვებით, მოსახლეობის 90 პროცენტი უჭერს მხარს!

ისტორია მეორდება მცირეოდენი ცთომილებით — რუსეთს 100 წლის წინათაც ჰქონდა 8,4 ტონა ოქრო, რომელსაც თურქეთს გადაუხდიდა ბათუმის დაბრუნების სანაცვლოდ, რუსეთთან დაპირისპირებულ საქართველოს კი, როგორც პროვოკაციულ ფილმშია ნათქვამი, არ გააჩნია მილიარდი დოლარი, რათა ბათუმი თავის იურისდიქციაში შეინარჩუნოს, თუ, რა თქმა უნდა, დაირღვევა მოსკოვ-ყარსის ხელშეკრულებები, ან მთლად უარესი — თუკი თურქეთთან ომი ატყდება!

ბოლოთქმა

2021 წელს არამხოლოდ მოსკოვისა და ყარსის ხელშეკრულებების დადებიდან გადის 100 წელი, არამედ 12 აგვისტოს დიდგორში თურქ-სელჩუკებზე ძლევამოსილი გამარჯვებიდან მთელი 9 საუკუნეც სრულდება! ეს ისე, მავანის პოლიტიკური სიბეცის, გნებავთ, გულმავიწყობის დასაძლევად!

„საქინფორმი“-ს მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი

2021 წლის 12 აპრილი
საქართველო, თბილის