სამართალი
„ნათლის მხედარმა“ ჰაიდი ჰაუტალას უკანონო ქართველ პატიმართა საქმეები გადასცა

heidi_hautala_eurooროგორც საქინფორმის კორესპონდენტი ევროკავშირის ქვეყნებში, საქართველოს ხსნის საერთაშორისო კავშირი „ნათლის მხედრის“ გენერალური მდივანი ჯულიანა დიუმა გვატყობინებს, მან 2011 წლის 28 აპრილს პირადად ჩაიტანა ბრიუსელში უკანონო ქართველ პატიმართა – გვანცა ყუფარაძის, გიორგი ალიმონაკისა და ცოტნე გამსახურდიას – საქმეები და ევროპის პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ჰაიდი ჰაუტალას სამდივნოს გადასცა.

„გვანცა ყუფარაძის საქმე ჩვენთვის თავიდანვე განსაკუთრებული ინტერესის შემცველი იყო არა მხოლოდ პიროვნული თვალსაზრისიდან გამომდინარე, არამედ ვთვლით, რომ ამ გოგონას ისტორია წარმოადგენს საქართველოში ადამიანის უფლებათა დარღვევის იმ უნიკალურ სრულყოფილ მაგალითს, რომლის სააშკარაოზე გამოტანაც აუცილებელი და სარგებლიანი იქნება არა მარტო გვანცას ინტერესებისთვის, არამედ ყველა უკანონო პატიმრისთვის საქართველოში“, აცხადებს ჯულიანა დიუმა და იქვე დასძენს, რომ, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ნათლის მხედარმა“ ყუფარაძის საქმეს ვრცელი რეზიუმე დაურთო პირადი წერილის სახით, რომლის უმეტესი ნაწილიც კონფიდენციალური ხასიათისაა.

ქალბატონმა დიუმამ საჭიროდ ჩათვალა, გაეჟღერებინა ჰაიდი ჰაუტალასადმი მიწერილი წერილის ძირითადი არსის დეტალები:

„გვანცას ირგვლივ ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები გვაფიქრებინებს, რომ საქართველოს მთავრობას ამ გოგონას პატიმრობის განსაკუთრებული ინტერესი აქვს. მხედველობაში გვაქვს აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს, ეგრეთ წოდებული უდოს კომისიის მიერ ქულების უხამსი მანიპულირება, რის შედეგადაც 28.02.11 წლის გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა შუამდგომლობა გ. ყუფარაძის პირობით ვადამდე განთავისუფლების თაობაზე. თუმცა, ექსპერტთა აზრით, გვანცა ვადამდე განთავისუფლების თითქმის ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებდა და მას შესაბამისი დახასიათებაც ჰქონდა. ამ დასკვნიდან კი, რომელიც ამავე დახასიათების საფუძველზე იქნა მიღებული, ჩანს, რომ აბსოლუტურად უგულებელყვეს გვანცას განთავისუფლების ხელშემწყობი ფაქტორები“.

ამავე წერილში „ნათლის მხედარი“ გამოთქვამს ეჭვს, რომ „არის საშიშროება, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მიღებულ იქნეს შესაბამისი ზომები, რათა ხელი შეეშალოს გვანცას განთავისუფლებას, რომელიც, წესით, 2011 წლის ნოემბერში უნდა განხორციელდეს, რადგან მას სასჯელის ვადა უმთავრდება, ვინაიდან საქართველოს მართლმსაჯულებაში ხშირია უკანონოდ დაპატიმრებულთათვის პროვოკაციების საფუძველზე სასჯელის გაზრდის შემთხვევები. ამის არაერთი მაგალითი არსებობს და კარგად არის ცნობილი საზოგადოებისთვის, რაც, ჩვენი აზრით, მიმართულია იმისკენ, რომ ხელისუფლებამ გაამართლოს უკანონო განაჩენები და დაუმტკიცოს საზოგადოებას, რომ ესა თუ ის პატიმარი მართლაც კრიმინალური მენტალიტეტისაა და შემთხვევით არ მოხვედრილა ციხეში“.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ნათლის მხედრის“ ხელმძღვანელობა სთხოვს ქალბატონ ჰაუტალას, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი და შეძლებისდაგვარად ხელი შეუწყოს სამართლიანობის აღდგენას, რაც გვანცას შემთხვევაში მისი უპირობო განთავისუფლებითა და სრული რეაბილიტაციით განისაზღვრება.

ჯულიანა დიუმას თქმით, „ნათლის მხედარი“ „მოლაპარაკებებს აწარმოებს დიდი ბრიტანეთის „Amnesty International“-თან, რათა უახლოეს ხანში დაიწყოს ინტერნეტკამპანია გვანცა ყუფარაძის განთავისუფლების მოთხოვნით. მსგავსი შინაარსის წერილი გაეგზავნა „Amnesty International“-საც, რომლის ხელმძღვანელობასთანაც ქალბატონი დიუმას პირადი შეხვედრა უახლოეს მომავალშია დაგეგმილი. „გვანცა ყუფარაძის საქმე ჩვენთვის იყო, არის და იქნება პრიორიტეტი და შევეცდებით, ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალების გამოყენებით ბოლომდე მივიყვანოთ ის და მივაღწიოთ ჩვენთვის სასურველ შედეგს“, – ამბობს დიუმა.

როგორც საქინფორმის მკითხველისთვის უკვე ცნობილია, ქალბატონი ჯულიანა დიუმა ჰაიდი ჰაუტალას 2011 წლის 1 მარტს შეხვდა ბრიუსელში ქართველ ადამიანის უფლებადამცველებთან ერთად. შეხვედრა, რომელიც „ნათლის მხედრის“ აქტიური მუშაობის შედეგად შედგა, საკმაოდ პროდუქტიული იყო იმ თვალსაზრისით, რომ „ნათლის მხედარმა“ გახსნა ოფიციალური საკომუნიკაციო არხი ევროპის პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიასთან, რაც საკმაოდ რთული მისაღწევი იყო. სამწუხაროდ, იმ დროს „ნათლის მხედარს“ არ მოეპოვებოდა სათანადო მასალები საქართველოში არსებულ უკანონო პატიმართა და ადამიანის უფლებების დარღვევების თაობაზე. თუმცა მაშინვე შეთანხმდნენ, რომ მოგვიანებით სათანადო მასალას მიაწვდიდნენ.

„ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ მხოლოდ საბუთების წარდგენით არაფერი გამოვა. ყველაზე დიდი მუშაობა ამ საქმეების ჩაბარების შემდეგ უნდა ჩატარდეს, რაც ამ უწყებებთან ხშირი და ახლო კონტაქტით და გარკვეული ეგრეთ წოდებული პრესინგის საშუალებით უნდა წარიმართოს. ამ თვალსაზრისით ჩვენ კარგი საშუალებაც გვაქვს – როგორც ევროპაში მოღვაწე ჟურნალისტებს, თავისუფლად შეგვიძლია ამ ინსტანციებში მოძრაობა“, – აღნიშნავს ჯულიანა დიუმა.

ბოლოს „ნათლის მხედრის“ გენერალურმა მდივანმა დასძინა: „შეხვედრამდე რამდენიმე წუთით ადრე ბატონმა გიორგი ფოფხაძემ, რომელიც თან მახლდა, გადმომცა დამატებითი მასალები ცოტნე გამსახურდიასთან დაკავშირებით და, ასევე, მასალები სხვა პოლიტპატიმართა შესახებ კომპიუტერული დისკის სახით, რომელიც გადავეცი ჰაიდი ჰაუტალას თანაშემწეს. თუმცა აღვნიშნავ, რომ ყუფარაძის, ალიმონაკისა და გამსახურდიას საქმეთაგან განსხვავებით, მე არ გავცნობივარ ამ საქმეებს დეტალურად, რის გამოც, შესაბამისად, კომენტარისგან თავს შევიკავებ. ბატონი გიორგის გადმოცემით, დისკზე ქუცნაშვილის, თოფურიას, კვიციანის, რატიშვილის საქმეები და პოლიტპატიმართა სრული სია უნდა იყოს განთავსებული“.