საზოგადოება
ზაალ უდუმაშვილი - დარწმუნებული ვარ, ოპოზიცია კვლავ შეძლებს შეთანხმების მიღწევას, რომ საერთო სტრატეგიით გავიდეთ არჩევნებზე

 საქართველო, 12 მაისი, საქინფორმი. თუ დღეს ვინმეზე შეიძლება საუბარი, რომ თბილისის მერობის კანდიდატი იყოს ოპოზიციიდან, რა თქმა უნდა, ეს არის ნიკა მელია. ეს არის პოლიტიკოსი, რომელსაც რეალურად შესწევს ძალა, დაამარცხოს „ქართული ოცნების" ნებისმიერი კანდიდატი, - ამის შესახებ „ნაციონალირი მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე უნდა იყოს თუ არა ნიკა მელია საერთო ოპოზიციური კანდიდატი თბილისის მერის თანამდებობაზე.

როგორც უდუმაშვილმა აღნიშნა, ამაზე ზოგადად, წინასწარ ვერაფერს იტყვის, მაგრამ მისი პირადი პოზიციაა, რომ ასეთი სწორედ ნიკა მელიაა.

„თუმცა, ეს საკითხი დღეს არ დგას დღის წესრიგში, ვიდრე ჩვენ არ გავივლით კონსულტაციებს სხვა ოპოზიციურ პარტიებთან“, - აცხადებს უდუმაშვილი.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის" გეგმებს, უდუმაშვილის თქმით, პარტია უკვე დღეიდან დაიწყებს მუშაობას იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც დაგროვდა და მოითხოვს გადაწყვეტილების მიღებას.

„მათ შორის, ეს არის შეთანხმების ხელმოწერისა და პარლამენტში შესვლის საკითხები, ასევე, რაც მთავარია მთლიანად ოპოზიციური სტრატეგიის ჩამოყალიბება, თუ როგორ გავდივართ მომავალ არჩევნებზე. ამ ყველაფერს დრო დასჭირდება და ბუნებრივია, ერთ დღეში არ გადაწყდება. თუმცა, ჩვენ დღეიდან დავიწყებთ საუბარს, როგორც პარტიის შიგნით, ასევე ნიკა მელია შეხვდება ყველა ოპოზიციონერ ლიდერს იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში, ისევ მივიღოთ საერთო გადაწყვეტილება. დარწმუნებული ვარ, რომ ოპოზიცია კვლავ შეძლებს შეთანხმების მიღწევას იმისათვის, რომ საერთო სტრატეგიით გავიდეთ ამ არჩევნებზე. ბუნებრივია, მნიშვნელოვანია და ბევრს აინტერესებს პარლამენტში ჩვენი შესვლის საკითხი და ესეც განხილვის თემა იქნება, როგორც პარტიის შიგნით, ისე პარტიის გარეთაც. პარტიაში არის განსხვავებული აზრი ამასთან დაკავშირებით. მოვისმენთ ყველა არგუმენტს, მერე მოვიწვევთ პოლიტსაბჭოს, სადაც მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას“, - აცხადებს უდუმაშვილი.