პოლიტიკა
"საერთოდ არ ვიცი დუგინი თუ არის კრემლის მთავარი იდეოლოგი" - დავით კაჭარავა ვასაძე-დუგინის შეხვედრაზე

 საქართველო, 28 მაისი, საქინფორმი. "საერთოდ არ ვიცი დუგინი თუ არის კრემლის მთავარი იდეოლოგი", - ამბობს ყოფილი მორაგბე, "ქართული ოცნების" დეპუტატი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეზე ლევან ვასაძისა და ალექსანდრ დუგინის შეხვედრის შეფასებისას. კომენტარი კაჭარავამ "მთავარ არხთან" გააკეთა.

“არ მინახავს მათი შეხვედრა, არც გამიგია… საერთოდ არ ვიცი დუგინი თუ არის კრემლის მთავარი იდეოლოგი, მაგრამ ვასაძეს ბევრი კონტაქტი აქვს რუსეთში, ის მოღვაწეობდა რუსეთში და მას უნდა ჰკითხოთ, რა სახის შეხვედრა იყო და რაზე ისაუბრეს", - ამბობს კაჭარავა.

კითხვას, ვასაძის დუგინთან შეხვედრა ხომ არ აჩენს განცდას, რომ შესაძლოა, რუსეთი საქართველოს პოლიტიკურ საქმეებში ჩაერიოს, დეპუტატი ასე პასუხობს:

“რუსეთის ჩარევა? რას გულისხმობთ ჩარევაში? შესაძლებელი ყველაფერია, მაგრამ თვითონ ბატონ ლევანს რომ ჰკითხოთ, რა სახის შეხვედრა იყო და რას მოიცავდა, კითხვებს პასუხი გაეცემა მე მგონი.

ლევანი არის გამოცდილი ადამიანი, ცხოვრებაში ბევრი რამ გაუვლია, წარმატებული ბიზნესმენი, მას პირადადაც ვიცნობ და ჩვენ არ გვისაუბრია მის პოლიტიკურ შეხედულებებზე. როგორც ადამიანს, პატივს ვცემ და ვაფასებ, დანარჩენი მისი პოლიტიკური შეხედულებები არ ვიცი”, - ამბობს კაჭარავა.