პუბლიკაციები
უკრაინის პრემიერი - „რუსეთის ფაქტორი“ არსებობს, მაგრამ არა ნატო-ს გადაწყვეტილებების მიღებაზე ზემოქმედების ფორმით, არამედ ჩვენი ქვეყნების მიმართ აგრესიის განხორციელებაში

 საქართველო, 4 ივნისი, საქინფორმი„რუსეთის ფაქტორი“, რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ არა ნატო-ს გადაწყვეტილებების მიღებაზე ზემოქმედების ფორმით, არამედ ჩვენი ქვეყნების მიმართ აგრესიის განხორციელებაში,- ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია გარანტიები იმის შესახებ, რომ ნატო-ს კარი ღიაა. შმიგალის თქმით, ნატო მხარს უჭერს უკრაინისა და საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და ჩვენს ქვეყნებს განსაზღვრავს ევროატლანტიკური გარემოს ნაწილად, ამიტომაც ალიანსის დღის წესრიგში მუდმივად დგას ორივე ქვეყნისთვის მხარდაჭერის გაძლიერებისა და თანამშრომლობის განვითარების საკითხები.

„ჩვენთვის უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება არ არის მხოლოდ პრიორიტეტი, ეს არის ერთ – ერთი მთავარი მიზანი, რომელიც კონსტიტუციაშია დაფიქსირებული. ალიანსის მომავალი სამიტის დღის წესრიგში შევა შემდეგი ათი წლის სტრატეგია. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გარანტიები იმის შესახებ, რომ ნატო-ს კარი უკრაინისთვის ღიაა.

ნატო მიესალმება და მხარს უჭერს უკრაინისა და საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და ჩვენს ქვეყნებს განსაზღვრავს ევროატლანტიკური გარემოს ნაწილად. ამიტომ ბუნებრივია, რომ ალიანსის დღის წესრიგში მუდმივად დგას ორივე ქვეყნისთვის მხარდაჭერის გაძლიერებისა და თანამშრომლობის განვითარების საკითხები, რასაც ადასტურებს, ნატო-ს ლიდერების მხრიდან გაკეთებული არაერთი განცხადება. წევრობის კრიტერიუმებთან დაახლოება და მათთან შესაბამისობა აქტიურ შიდა სამუშაოებს საჭიროებს. რაც შეეხება „რუსეთის ფაქტორს" - ის არსებობს, მაგრამ არა ნატო-ს გადაწყვეტილებების მიღებაზე ზემოქმედების ფორმით, არამედ ჩვენი ქვეყნების მიმართ აგრესიის განხორციელებაში,“- განაცხადა შმიგალმა.

მან რუსულ აგრესიაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საკუთარი პრობლემების მოგვარება არ შეიძლება სხვებს გადავავალოთ, თუმცა თუ ქვეყნის შიგნით იქნება სიმტკიცე ქმედებებში და სისტემატური მუშაობა, საერთაშორისო მხარდაჭერაც იქნება.

„ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვგრძნობთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერას. რუსული აგრესიის დასაწყისიდანვე არსებობს განცხადებები, არსებობს სანქციების პოლიტიკა, ვხედავთ უკრაინის მხარდაჭერას თანამშრომლობის ყველა შესაძლო მიმართულებით. ჩვენ მადლიერი ვართ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, უკრაინის როგორც პოლიტიკური, ასევე დიპლომატიური მხარდაჭერისთვის. საერთაშორისო პლატფორმების გამოყენების, მოლაპარაკებებისა და ზოგადად დიპლომატიური გზების გარდა ამ ვითარებაში სხვა შესაძლებლობებს ვერ ვხედავ.

რა თქმა უნდა, საკუთარი პრობლემების მოგვარება არ შეიძლება სხვებს გადავავალოთ, ჩვენ ვართ ის, ვინც უნდა მოაგვაროს ეს პრობლემები. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ თუ იქნება სიმტკიცე ქმედებებში და სისტემატური მუშაობა, საერთაშორისო მხარდაჭერაც იქნება. ეს ყველაფერი ურთიერთდაკავშირებულია,“- განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა.

interpressnews.ge