პუბლიკაციები
უკრაინის პრემიერი - დიახ, სააკაშვილი გვიზიარებს საკუთარ გამოცდილებას და კონსულტაციებს გვიწევს რეფორმების მიმართულებით, მაგრამ ის არ ახდენს გავლენას უკრაინის პოლიტიკაზე

  საქართველო, 4 ივნისი, საქინფორმი. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ მიხეილ სააკაშვილი დღეს უკრაინის მოქალაქეა, იგი უკრაინის საკონსულტაციო ორგანოში ერთ-ერთ თანამდებობას იკავებს, ის გვიზიარებს საკუთარ გამოცდილებას და კონსულტაციებს გვიწევს რეფორმების მიმართულებით, მაგრამ მას არანაირი კავშირი არ აქვს ხელისუფლებასთან, ის არ ახდენს გავლენას უკრაინის პოლიტიკაზე, მითუმეტეს, უკრაინის საერთაშორისო პოლიტიკაზე,- ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში კითხვის საპასუხოდ განაცხადა, შეიძლება თუ არა, რომ მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი, კვლავ აღმოჩნდეს ორ ქვეყანას შორის გაუგებრობის მიზეზი, იმის გათვალისწინებით, რომ მას, ამჟამად უკრაინის მოქალაქეს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში დააკავებენ.

ამასთანავე, უკრაინის მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოსა და უკრაინას განსაკუთრებული კეთილმეზობლური, პარტნიორული ურთიერთობები აქვს, რაც მომავალშიც ამავე სულისკვეთებით გაგრძელდება. მისივე თქმით, საქართველოსა და უკრაინას ბევრი საერთო ინტერესი აქვს, რომელიც ორი ქვეყნისთვის გამაერთიანებელი ფაქტორია.

„ჩვენ მუდმივ დიალოგში ვართ ქართველ პოლიტიკოსებთან, სამთავრობო გუნდის წევრებთან, ჩემი სამუშაო ვიზიტი ამის დასტურია. ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული კეთილმეზობლური, პარტნიორული ურთიერთობები. დარწმუნებული ვარ, რომ ეს მომავალშიც ასე იქნება. საქართველოს ელჩი დაბრუნდა უკრაინაში, შედგა სატელეფონო საუბარი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შორის, ჩვენ გვაქვს საერთო ინტერესი, რომელმაც უნდა გაგვაერთიანოს - ეს არის უკრაინისა და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური პერსპექტივა. მივიჩნევ, რომ ჩვენი ურთიერთობები - ეს არის საერთო ისტორია, მასშტაბური პერსპექტივები ეკონომიკური თანამშრომლობის სფეროში.

მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ დიახ, მიხეილ სააკაშვილი დღეს უკრაინის მოქალაქეა, იგი უკრაინის საკონსულტაციო ორგანოში ერთ-ერთ თანამდებობას იკავებს. ის გვიზიარებს საკუთარ გამოცდილებას კონსულტაციებს გვიწევს რეფორმების მიმართულებით, მაგრამ მას არანაირი კავშირი არ აქვს ხელისუფლებასთან, ის არ ახდენს გავლენას უკრაინის პოლიტიკაზე, მითუმეტეს, უკრაინის საერთაშორისო პოლიტიკაზე. კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებში მართლაც დიდი პერსპექტივაა და მე მზად ვარ გავაკეთო ყველაფერი, რომ უკრაინა-საქართველოს ჰქონდეთ აბსოლუტურად თბილი, მეგობრული, ძალიან პრაგმატული და ურთიერთსარგებლიანი ურთიერთობა,“- განაცხადა დენის შმიგალმა.

interpressnews.ge