პოლიტიკა
დავით ზალკალიანი - სენატის დელეგაციის ვიზიტი საქართველოსადმი ორპარტიული მხარდაჭერის კიდევ ერთი დასტურია

 საქართველო, 4 ივნისი, საქინფორმი. სენატის დელეგაციის ვიზიტი საქართველოსადმი ორპარტიული მხარდაჭერის კიდევ ერთი დასტურია, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მისი თქმით, სენატორების საქართველოში ვიზიტით ბევრი მნიშვნელოვანი შედეგი მიიღწევა.

„მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია სენატის დელეგაციის ვიზიტი. ეს არის საქართველოსადმი ორპარტიული მხარდაჭერის კიდევ ერთი დასტური. მოგეხსენებათ, ამერიკასთან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა უმაღლეს ნიშნულზეა, რისი დასტურიც არის მხარდაჭერა, როგორც საკანონმდებლო ისე აღმასრულებელი შტოს მხრიდან და სენატორების ვიზიტი სწორედ ამის დასტურია. კარგია, რომ სენატორები, რომლებიც არიან მართლაც ჩემპიონები საქართველოს მხარდაჭერაში და არაერთი რეზოლუცია არის მათი მხრიდან ინიცირებული, დღეს თბილისში არიან და კარგი შესაძლებლობაა ასევე, რომ განვიხილოთ ძალიან ბევრი საკითხი, მათ შორის რეგიონალური უსაფრთხოების თემატიკა, რომელიც მოითხოვს ჩვენს მუდმივ კოორდინაციას ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან. ამერიკის ლიდერობის და მხარდაჭერის გარეშე ჩვენი ნატო-ში ინტეგრაცია რომ რთული პროცესია, მგონი ამაზე ყველა ვთანხმდებით და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვქონდეს სენატის მხარდაჭერა.

რა თქმა უნდა, ბევრ თემას შევეხებით, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, რეფორმებს. ამერიკა მხარს უჭერს რეფორმების შეუქცევადობას და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ვიზიტის შედეგად, ჩვენ მომავალში ძალიან ბევრი პრაქტიკული ხელშესახები შედეგი გვექნება“, – განაცხადა ზალკალიანმა.