პოლიტიკა
„სტრატეგია აღმაშენებელი“, ზურაბ ჯაფარიძე, გრიგოლ ვაშაძე, ხათუნა სამნიძე და ტარიელ ნაკაიძე ერთ ფრაქციაში ერთიანდებიან

 საქართველო, 4 ივნისი, საქინფორმი. „სტრატეგია აღმაშენებელი“, ზურაბ ჯაფარიძე, გრიგოლ ვაშაძე, ხათუნა სამნიძე და ტარიელ ნაკაიძე ერთიანდებიან და საპარლამენტო ფრაქციას ქმნიან.

ფრაქციას „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“ ერქმევა. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

„დღეს ჩვენ დავარეგისტრირეთ პარლამენტში პირველი მრავალპარტიული და დამოუკიდებელი დეპუტატებით დაკომპლექტებული ჯგუფი, ფრაქცია. ჩვენი გაერთიანების მთავარი საფუძველი არის შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტი, რომელსაც თითოეულმა ჩვენგანმა მოაწერა ხელი, აიღო პარტიული და ინდივიდუალური პასუხისმგებლობა, რომ საპარლამენტო მუშაობისას გამოიყენებს ყველა ბერკეტს დოკუმენტის სრულად შესასრულებლად“, – განაცხადა სამნიძემ.

მისივე თქმით, ახალი ფრაქცია შეიქმნა სწორედ შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტის საფუძველზე.

„ამან მოგვცა საშუალება, გავერთიანდეთ ერთი მიზნის ირგვლივ. სახელიც ამ ფრაქციის შესაბამისად შევარჩიეთ. ფრაქციაში გაერთიანებული არიან სამი პოლიტიკური პარტია – „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი-მეტი თავისუფლება“, „რესპუბლიკური პარტია“ და დამოუკიდებელი დეპუტატები, გრიგოლ ვაშაძე და ტარიელ ნაკაიძე. გვექნება ჩვენი ინდივიდუალური სამოქმედო ველიც, მაგრამ გავერთიანდით რეფორმების გასატარებლად“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

ფრაქციას ხათუნა სამნიძე უხელმძღვანელებს, ფრაქციის აპარატს კი – სერგო ჩიხლაძე. ახალი ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე იქნება პაატა მანჯგალაძე.