აქტუალური
ანა ბუჩუკური ირაკლი ღარიბაშვილის ადმინისტრაციისგან „კოვიდ-19“-ის მართვასა და გავლენაზე ჩატარებული კვლევის გასაჯაროებას ითხოვს

 საქართველო, 22 ივნისი, საქინფორმი. პარტია „საქართველოსთვის” პოლიტსაბჭოს წევრი ანა ბუჩუკური პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ადმინისტრაციისგან „კოვიდ-19“-ის მართვასა და გავლენაზე ჩატარებული კვლევის გასაჯაროებას ითხოვს.

2020 წლის შემოდგომაზე საქართველოს მთავრობამ, მაშინდელი პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, დაიწყო „კოვიდ-19“-ის პანდემიის მართვასა და გავლენის ფართომასშტაბიანი კვლევა, რომელიც გაეროს და USAID-ის მხარდაჭერით ჩატარდა. ამ კვლევის მიზანი მათ შორის იყო სამართლებრივი ბაზის ანალიზი, თუ რა პრობლემებია საკანონმდებლო ბაზაში და რატომ არის საჭირო, რასაც დღეს განვიხილავთ, ასეთი ხელოვნური ჩარევები. ამ კვლევის ერთ-ერთი მიმართულება ასევე იყო, თუ რა გავლენა ჰქონდა პანდემიას და პანდემიის მართვას ადამიანის უფლებებზე, რა ნაწილიც ჩაატარა კოტე კორკელიამ. ეს კვლევა უკვე დასრულებულია”, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე.

მისივე თქმით, კვლევის შედეგები საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში გამოითხოვა პრემიერ-მინისტრისგან, თუმცა, როგორც ბუჩუკური აცხადებს, მთავრობის ადმინისტრაციიდან პასუხი დღემდე არ მიმიღია.

„ჩემი მოწოდება იქნება, ჩვენმა კომიტეტმა მოვითხოვოთ ეს კვლევა, რომელიც ნამდვილად დასრულებულია და როგორც ინფორმაცია მაქვს, ნამდვილად საინტერესო შედეგები დადო. ჩავიხედოთ ამ კვლევაში დეტალურად და გავმართოთ საკანონმდებლო ბაზა იმგვარად, რომ ყოველ ექვს თვეში ერთხელ არ დაგვჭირდეს საკანონმდებლო ჩარევები. პანდემია არის თემა, რომელიც უნდა იყოს ზეპარტიული და ყოველგვარი პოლიტიკური ინტერესებისგან დაცლილი”, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.