პუბლიკაციები
დაუბრუნეთ მოქალაქეებს საჩივრისა და წინადადებების წიგნი! - საქინფორმი საქართველოს ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილს მიმართავს

     ბატონო მინისტრო!

   მოგეხსენებათ, რომ კორუფცია და გადასახადებისთვის თავის არიდება მძიმე დანაშაულია სახელმწიფოსა და ხალხის წინააღმდეგ. ამასთან, არსებობს ცრუ მოსაზრება, რომ ქრთამს იღებენ და სახელმწიფო ბიუჯეტს იპარავენ მარტო იქ, ზემოთ, გაქსუებული ჩინოვნიკების გრილ კაბინეტებში. სინამდვილეში, ეს დანაშაულები ხდება ჩვენს, რიგითი მოქალაქეების გარშემო ყველგან და ყოველდღე, უბრალოდ ვეღარ ვამჩნევთ, ან შევეგუეთ, რადგან დავიღალეთ უსამართლობის და ყველანაირი მახინჯი მოვლენების წინააღმდეგ ბრძოლით. ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვატყუებენ და როდესაც ამას ვამჩნევთ და შევედავებით, შეურაცხგვყოფენ, გვამცირებენ, ან სულაც, გვემუქრებიან!

მაგრამ სახელმწიფოს არ აქვს ამ დარღვევების გასაჩივრების სისტემა, სამსახური, მექანიზმი, რის გამოც გწერთ სწორედ თქვენ, ფინანსთა მინისტრს, თუმცა ეს ეხება ხელისუფლების სხვა მრავალ წარმომადგენელს - აღმასრულებელ ხელისუფლებას, საკანონმდებლოს, სახალხო დამცველის აპატარტს და თბილისის მერიას. საბჭოთა საქართველოში, ისევე როგორც სსრკ–ის ყველა რესპუბლიკაში, ყველა საზოგადოებრივ დაწესებულებაში არსებობდა საჩივრისა და წინადადებების წიგნი და ნებისმიერი რევიზია, პირველ რიგში, ეცნობოდა ჩანაწერებს, რომლებსაც ტოვებდნენ უკმაყოფილო მოქალაქეები. ახლა ჩვენ კაპიტალიზმში ვცხოვრობთ, მაგრამ საბჭოთა კავშირის კონტროლის მეთოდებზე უარის თქმისას, არ დავნერგეთ დასავლური სტანდარტები, რომელთა თანახმადაც, კლიენტი ყოველთვის მართალია! როგორ ვაპირებთ ევროკავშირში შესვლას?!

გვიწოდეთ მოქალაქეები, კლიენტები, მომხმარებლები - რაც გნებავთ, მაგრამ დაიცავით ჩვენი უფლებები და სახელმწიფო ბიუჯეტი ქურდებისგან, ბატონო მინისტრო! გუშინდლამდე დარწმუნებული ვიყავით, რომ საქართველოში უამრავი სამსახურია, რომელიც მოქალაქეთა ინტერესების სადარაჯოზე დგას. დარწმუნებული ვიყავით, რომ ფინანსთა სამინისტროში არის შესაბამისი სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ანალოგიური, რომელიც იცავს როგორც მომხმარებელთა, ასევე სახელმწიფოს ინტერესებს. აღმოჩნდა, რომ ასე არ არის - როგორც ფინანსთა სამინისტროში განგვიმარტეს, თუ ვინმეს დარღვევის შესახებ შეტყობინება სურს, უნდა ვიდეს ფინანსთა სამინისტროში და განცხადება შეიტანოს… ეს რა, საბჭოთა სახლმმართველობაა, თუ 21-საუკუნის საქართველოა?! მოქალაქეს არ შეუძლია ადგილზე ჩივილი, რადგან საჩივრის წიგნი აღარ არსებობ, ხოლო ნებისმიერი ობიექტის ადმინისტრაცია, როგორც წესი, რიგითი მოქალაქეებისთვის მიუწვდომელია მას შეიარაღებული დაცვა იცავს! თურმე ასევე შეუძლებელია დარეკვა ან ელექტრონული ფოსტით ინფორმირება! უკაცრავად, მაგრამ დარღვევები მხოლოდ მოსახლეობას უნდა აწუხებდეს და არა ხელისუფლებას, რომელიც ავირჩიეთ, რომ დარღვევებზე რეაგირება მოეხდინა?! რატომ უნდა წერონ მოქალაქეებმა განცხადებები და შემდეგ ისიც ამტკიცონ, რომ არ ცრუობენ?! ობიექტების მფლობელებს ხომ სავარაუდოდ, ფინანსთა სამინისტროში ძლიერი მფარველები ჰყავთ, რომლებიც მათ დაუცველი მოქალაქეებისგან დაიცავს, ცხადია - არა მათი ლამაზი თვალებისთვის. ეს არის ნეპოტიზმისა და კორუფციის ყრუ კედელი, რომლის მიღმაც დამნაშავეებთავს კომფორტულად გრძნობენ, რადგან, ჩვეულებრივ, სასამართლოს, პროკურატურასდა პოლიციას არავინ მიმართავს - უფრო ძვირი დაუჯდება... სამაგიეროდ, მათ ცალკე დამველიც - ბიზნესომბუდსმენი იცავს! და ვინ დაიცავს მომხმარებლის უფლებებს?!

   აი ასე ყოველდღიურად ვკარგავთ არა მარტო ფულს, არამედ ღირსებასაც, რის გამოც ჩვენ მსოფლიოში აღარ გვცემენ პატივს! ამიტომ ევროკავშირი და აშშ მუდმივად გვეუბნებიან დემოკრატიული რეფორმების აუცილებლობის შესახებ, ამიტომ ჩვენი მოქალაქეები დასავლეთში მეორეხარისხოვან ადამიანებად ითვლებიან - იმიტომ, რომ ღირსების არმქონე ადამიანებს იზიზღებენ! ამიტომ ჩვენი მოქალაქეები ევროპაში მუშაობენ მხოლოდ დაბალკვალიფციურ სამსახურებში - მომვლელებად და დამლაგებლებად! და არ არსებობს დიდი და პატარა დამცირება - ნებისმიერი დამცირება, როცა თავს იკატუნებ, რომ ვირი ხარ, შენს ხარჯზე კი სხვა მდიდრდება, დამოუკიდებელი სახელმწიფოს თავისუფალი მოქალაქისთვის უღირსობაა! ამიტომ, დაგვიბრუნეთ საჩივრისა და წინადადებების წიგნი, ბატონო ფინანსთა მინისტრო! უფრო ახლოს იყავით თქვენს ხალხთან, ვინც გაცილებით მეტს შეგატყობინებთ, ვიდრე ყველა თქვენი თანამშრომელი, ფინჯანი ყავით ხელში კონდიციონერთან რომ გრილდება! მაშინ საქინფრმი ძლიერ საინფორმაციო მხარდაჭერას გამოგიცხადებთ და ყოველთვის იდგება ჩვენი მოქალაქეების ინტერესების სადარაჯოზე, რომელთაგან ასობით სიგნალს ყოველდღიურად მოდის რედაქციაში, ხოლო ამ ღია წერილის შემდეგ მათი რიცხვი ალბათ სამჯერ მოიმატებს!

   დასასრულ, მოგაწვდით ერთ ინფორმაციას, როგორც ტესტი: თუ მასზე რეაგირება მოხდება, მაშინ გვექნება იმედი, რომ ყველაფერი დაკარგული არ არის და სამოქალაქო საზოგადოებას ჯერ კიდევ აქვს შანსი. ხოლო თუ რეაგირება არ იქნება, მაშინ ყველაფერი, რაც ზემოთ ითქვა, სამწუხაროდ, დადასტურდება.

მაშ ასე:

   თბილისში, ქ. აგლაძის №15, სავაჭრო ცენტრიმეგალაინისავტოპარკინგზე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ძვირია დედაქალაქში, პარკირების საფასურის გადახდის შემდეგ, ჩეკები არ გაიცემა და არც არასდროს გაცემულა სავაჭრო ცენტრის გახსნის დღიდან. ავტოსადგომი დიდია, ცენტრშია და ყოველთვის გადატვირთულია. იმის მიუხედავად, რომ 30 წუთიანი პარკირება უფასოა, ამაშიც იმავე საფასურს იხდი, როგორც 1 საათში, ანუ - 2 ლარს. თუ ე.წ. სტაიანშიკს შეედავები ან ჩეკს მოსთხოვთ, შეგიკურთხებენ“ და თანაც, ქუჩყრ ჟარგონზე - წინ უყურე ჯობია, შენ რა, აქ კანონებს იცავო?! თუმცა უცვლელი „სტაიანშიკი“, პირველი შეხედვით, ხულიგანს სულაც არ ჰგავს… თუ რამდენს აგროვებს უცვლელი "სტაიანშიკი" ყოველდღიურად ამ წლების განმავლობაში, რამდენი მიდის ზემოთ, ზემოდნახსენებ გრილ კაბინეტებში, და რამდენს დებს ჯიბეში, მხოლოდ ვარაუდის საგანია.

   სხვათა შორის, სავაჭრო ცენტრი მეგალაინისავტოპარკინგი ერთადერთი როდია დედაქალაქში, სადაც ჩეკები არ გაიცემა, თუმცა, იქ მოქალაქეებს შეურაცხყოფას არ აყენებენ...

საქინფორმი

2021 წლის 29 ივნისი
საქართველო, თბილისი