აქტუალური
გიორგი გახარია - სახელმწიფო ვერ იცავდა ვერც კონსტიტუციას და ვერ დაიცვა მოქალაქეები ფიზიკური ძალადობისგან, ეს იყო უუნარობის გამოხატულება

 საქართველო, 8 ივლისი, საქინფორმი. ბოლო ორი დღის განმავლობაში ვნახეთ, რომ სახელმწიფო ვერ იცავდა ვერც კონსტიტუციას და ვერ დაიცვა მოქალაქეები ფიზიკური ძალადობისგან, ეს იყო უუნარობის გამოხატულება, – ასე გამოეხმაურა პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია თბილისში განვითარებულ მოვლენებს.

მისივე თქმით, სახელმწიფოს გააზრებული უნდა ჰქონდეს პასუხისმგებლობა თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით.

ეს არ არის მხოლოდ პოლიციის გადასახედიდან შესაფასებელი მოვლენა. ჩათვალეთ, ეს იყო პოლიტიკური მოვლენა, უმძიმესი საყურებელი, როდესაც ჩამოშლილი სახელმწიფო დავინახეთ. როდესაც სახელმწიფო ვერ იცავდა ვერც კონსტიტუციას, სახელმწიფომ ვერ დაიცვა ფიზიკური ძალადობისგან თავისი მოქალაქეები, ვერ დაიცვა მასობრივი დევნისგან ჟურნალისტები, ვერ დაიცვა ტურისტები, ეს უბრალოდ წარმოუდგენელი იყო, რაც ჩვენ ვნახეთ. ეს იყო გამოხატულება უუნარობის. გარდა ამისა, ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელი და გაურკვეველი იყო, როცა სახელმწიფომ, მმართველმა ძალამ გვითხრა, ჩვენ ხომ გაფრთხილებდითო. ფაქტობრივად, გვითხრეს, წინასწარ ვიცოდით, რომ ასე იქნებოდა და გაგაფრთხილეთო. ამის იქეთ, თქვენი თავისთვის თქვენ უნდა მიგეხედათო. ეს იყო არაკომპეტენტურობის რაღაც პიკი.

ადამიანებს ასე ესმით თურმე სახელმწიფო, რომ სახელმწიფომ თუ გამაფრთხილა რისკების შესახებ, ჩემს ფიზიკურ უსაფრთხოებაზე, კონსტიტუციური წესრიგის დამყარებაზე და შენარჩუნებაზე ქვეყანაში, თურმე ვიღაცა სხვები არიან პასუხისმგებლები. ეს უკვე უსუსურობაა. მმართველი ძალის დღევანდელი ბოსები ამას ყველაფერს აბრალებენ ყველას, აბსოლუტურად ყველას, მოქალაქეებს, ეკლესიას, ევროპას, როცა აწყობთ მემარჯვენეებს, მემარცხენეებს, მაგრამ საერთოდ არაფერს ამბობენ თავიანთ პასუხისმგებლობაზე, ეს კიდევ უპასუხისმგებლობაა. ჩემთვის ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი, უაღრესად მძიმეა, როდესაც მე ვლაპარაკობ ჩემს სახელმწიფოზე, რომელსაც თითოეული საქართველოს მოქალაქე უნდა ვემსახურებოდეთ. სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს გააზრებული პასუხისმგებლობა თითოეული მოქალაქის მიმართ უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით, სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს კონსტიტუციური წესრიგის დაცვის პასუხისმგებლობა.

სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს გააზრებული პასუხისმგებლობა თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით, სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს კონსტიტუციური წესრიგის დაცვის პასუხისმგებლობა და დღევანდელი პარტიული ბოსები მეუბნებიან, რომ მათ იცოდნენ ეს ყველაფერი, გაგვაფრთხილეს და ცდილობენ, ეს ვიღაცებს დააბრალონ. ამ ადამიანებს უბრალოდ არ აქვთ გააზრებული, სახელმწიფოს ფუნქცია რა არის. სახიფათოა, ეს ყველაფერი უკვე ადის ქვეყნის უსაფრთხოების დონეზე. ეს ყველაფერი რისკს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, საქართველოში გამოხატვის თავისუფლება უნდა იყოს დაცული, რაც სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს.

ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოში გამოხატვის თავისუფლება უნდა იყოს დაცული. გამოხატვის თავისუფლების ფორმებთან დაკავშირებით, სხვადასხვა ადამიანებს შესაძლოა, სხვადასხვა აზრი ჰქონდეთ, პრაიდის მოწინააღმდეგეებსაც აქვთ თავიანთი გამოხატვის უფლება და თავისუფლება. ეს ნორმალურია ნორმალურ ქვეყანაში, მშვიდობიანი წესრიგის პირობებში და სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ეს.

სახელმწიფომ ფაქტობრივად, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ გვითხრა, მე თქვენ გაგაფრთხილეთ, ახლა გვერდზე გავდგები და თქვენ, მოქალაქეებმა ერთმანეთში გაარკვიეთ ურთიერთობაო. ეს იყო უკიდურესად უპასუხისმგებლო ქმედება. ეს არ უნდა განმეორდეს. ერთი რამ უნდა გვესმოდეს, რომ ფიზიკური ძალადობა საერთოდ არ არის გამოსავალი. ვინმეს თუ ჰგონია, რომ ფიზიკური ძალადობით ან ჩვენს იდენტობას იცავს, ან ჩვენს მრწამსს იცავს, ან ფიზიკური ძალადობით საერთოდ შესაძლებელია რაიმეს დაცვა, ძალიან ცდება. ძალადობა შობს მხოლოდ ძალადობას და ეს ყველაფერი ბოლო ორი დღის განმავლობაში ვნახეთ. მინდა, კიდევ ერთხელ ხელისუფლებასა და მმართველ პარტიას მოვუწოდო, ცოტა უფრო პასუხისმგებლიანი განცხადებები გავაკეთოთ და მსგავსი რამ, როდესაც მმართველი ძალა ამბობს, რომ მე თქვენ გაგაფრთხილეთო, ეს ყველაფერი ვიცოდიო, არაკომპეტენტურობის გარდა, ეს ყველაფერი არის სახელმწიფოსთვის პირდაპირ მიყენებული ზიანი. ეს ფაქტობრივად, სახელმწიფოს ჩამოშლაა​“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.