პუბლიკაციები
ადა მარშანია: „აფხაზეთის ძირძველი მკვიდრიც ხვდება, რომ „საქართველოს ერთიანობას“ ამერიკული ადმინისტრაცია ქართველი და რუსი ხალხის წაკიდებით ნიღბავს“

ada_marshaniaსაქინფორმის სტუმარია უმაღლესი საბჭოს დეპუტატი დევნილობაში, ლორიკ მარშანიას ქალიშვილი, წარმოშობით აფხაზი, ქალბატონი ადა მარშანია.

–  ქვეყანამ რა მოიგო პროამერიკული ფრთის ანტირუსული პოლიტიკით რუსეთთან დამოკიდებულებაში? ეს პირდაპირ კავშირშია თქვენთვის ასე მტკივნეული აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საკითხთანაც...

–  მოკლე პასუხი – კატასტროფების კასკადი! ყველაზე საშინელი აგვისტოს მოვლენები იყო. აშკარაა, ჩვენი ქართული ე.წ. ხელისუფლება ემზადებოდა ამისთვის. ეს „გაბრძოლება“ თავდაცვის მინისტრ ოქრუაშვილის ქმედებით დაიწყო. ყველა მონაცემითა და ანალიზით ჩანდა, რომ კოდორის ხეობის ირგვლივ პროვოკაცია მზადდებოდა. რაღაც მოძრაობა ცხინვალის მიმართულებითაც იყო. ნათელია, რომ სახელმწიფოსა და პოლიტიკური გლობალური ძალები, რომელთაც კონფლიქტების მოგვარება არც აფხაზეთში და არც სამაჩაბლოში აინტერესებთ, ეს რუსეთი კი არა, ამერიკის შეერთებული შტატებია. ხელისშემშლელიც არა იმდენად რუსეთის ახალი იმპერიალისტური პოლიტიკა აღმოჩნდა, არამედ აშშ-ის პოლიტიკა.

–  რუსეთის ხელისუფლების მიმართ გამიზნული აგრესიული რიტორიკა, განცხადებები, რომ „ჩვენ გვინდა ტერიტორიების დაბრუნება“ და ამაში ამერიკა შიდა საქმეებში ჩარევის გარეშე გვეხმარება, ტყუილი აღმოჩნდა. ლამის სააფთიაქო დონეზეც კი, ყველგან ამერიკის ადმინისტრაციის ფინანსები ფიგურირებს. ამხელა დაფინანსებით ჩარეული სუპერსახელმწიფო დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოების უფლებას არ მოგცემს. ვებრძვით რუსულ სიტყვებს. გვიცხადებენ, რომ „ქართველისთვის წარმატების ფორმულა“ არა კარგი განათლება, პროფესიონალიზმი, ენის საფუძვლიანი ცოდნაა, არამედ, ხაზგასმით, ინგლისურისა და კომპიუტერის – „ბუშის ენის“ ცოდნა. შოთას, ილიას, ვაჟა-ფშაველას პატრონი ერისთვის რას ნიშნავს ეს „ბუშის ენა“?

–  ეს ხელისუფლების მხრიდან იმის გაცხადებაა, რომ ამერიკა არის ჩვენი ქვეყნის ფაქობრივი ბატონ- პატრონი. დაპირებული დამოუკიდებლობა და სხვა დანარჩენი კი მხოლოდ პიარად და რიტორიკად დარჩა.

–  უკვე გაყინული კონფლიქტების პირობებში, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნების სანაცვლოდ, ხელისუფლება მოსახლეობას არწმუნებდა, რომ ნატოში შესვლით დაკარგულ მიწაწყალს დავიბრუნებდით. არც ტერიტორიის დაბრუნებაზე ფიქრობს ვინმე, რაში გვჭირდება, მაგრამ არც ნატოში გვიღებენ. სანაცვლოდ, ჩვენი გენოფონდი ამერიკის ინტერესების დასაცავად სრულიად უაზროდ იწირება. ესეც, როგორც ბევრი სხვა, ამერიკის კიდევ ერთი ტყუილი აღმოჩნდა...

–  სამწუხაროდ, ქართველი ბიჭები ყველაზე იაფ „საზარბაზნე ხორცად“ აქციეს. „სტრატეგიული პარტნიორობის“ სანაცვლოდ ჩვენი სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების გაუარესება – გამოუვალი მდგომარეობა მივიღეთ. ყველა ალიანსსა თუ გაერთიანებაში შესვლას მხოლოდ ჩემს დროებით დაკარგულ რეგიონებთან მიმართებაში განვიხილავ. 22 წელია, პოლიტიკაში ვარ და ასეთი უვარგისი და მავნებელი ხელისუფლება არ მახსოვს. ამ მშვიდობიან და კონსტიტუციურ მეთოდებსაც ხალხი უკვე სკეპტიკურად უყურებს. ეს მარტივი ამოცანა არ არის... მიუხედავად იმისა, რომ ხალხი დააკნინეს და დააშინეს... გაბრძოლების ენერგეტიკას, სამწუხაროდ, ვერ ვხედავ, საქართველო ძალიან სწრაფად უნდა განთავისუფლდეს ამ ხელისუფლებისგან.

–  რა ფასად, რის სანაცვლოდ ვუმტკიცებთ ამერიკას ერთგულებას ისე, რომ ერთ-ერთ არჩევნებზე ნატოში შესვლის რეფერენდუმის შედეგებიც კი გააყალბეს მის სასარგებლოდ? ამას ქვეყანა, ხალხის სოცოცხლე და მენტალიტეტი შეიძლება ვანაცვალოთ?! ასე სძულს ხელისუფლებას თავისი ხალხი?

–  ამას შეიძლება აშშ არც ითხოვს. ეს არის მესიჯი – ხელისუფლებაში მე მამყოფე! ეს ამათი თვითშემოქმედებაა. ხელისუფლება გრძნობს, რომ მოსახლეობას სძულს. კრიმინალური ელემენტების კონსოლიდაცია სწრაფად ხდება, ეროვნული და საღი აზრი კი ეულად დადის. ვერ მოხერხდა ჯანსაღი ძალების კონსოლიდაცია. ამიტომ ყველანაირ ავტორიტეტს, მათ შორის, უწმიდესსაც ებრძვიან. ქურდები და კრიმინალებიც კი თავად ჩაანაცვლეს.

–  სტალინის ხსოვნასთან ბრძოლა ისტერიულ დონემდეა აყვანილი. არც სტალინისტი ვყოფილვარ და რეპრესირებული ოჯახიდანაც ვარ. ბოლოს და ბოლოს, ქართველია და ის მაინც უნდა ვიცოდეთ, მართალა ასე დააშავა თუ არა. გასაიდუმლოებული საარქივო მასალების გაცნობით გავიგე, რომ ის ზუსტად იმ უმსგავსობას ებრძოდა, რასაც ამერიკის სახელით ხელისუფლება ნერგავს. რუსეთის სიძულვილით სამამულო ომის ისტორიიდან ამოღება როგორ შეიძლება? ბებიაჩემის ძმა, ქერჩიდან მოყოლებული და ავსტრიით დამთავრებული, ომში იბრძოდა. ეს ჩვენი ისტორიის ნაწილია. ხალხის ნების უგულებელყოფით ამერიკას რომ ასიამოვნო, ისტორიის დამახინჯება დასაშვებია?

–  სტალინის ფიგურა დრომ მოიტანა, როდესაც რუსეთში სამოქალაქო ომი არ მთავრდებოდა. მის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება არც მე მაქვს და არც ხალხს. ეს ელემენტარული პროვოკაციაა.

–  ეს რა დამოკიდებულებაა რუსი ერის მიმართ? ოდესღაც ჰიტლერის არსებობის გამო, თან სტალინი ქართველი იყო, გერმანელი ხალხი უნდა შევიძულოთ? ამასთან, სხვების ქსენოფობიასა და ფაშიზმზე ვყვირით. სტალინისადმი ასეთი დამოკიდებულებაც დასავლეთიდან მოდის – გლობალიზაციასთან პირდაპირ კავშირშია...

–  ჩვენს სახელმწიფოში ძნელია, რაიმეს ნორმალური კომენტირება გაუკეთო. საქმე აბსოლუტურად პათოლოგიურ მოვლენებთან გვაქვს.

–  როგორ ავხსნათ ის, რომ ამერიკა, თავისი განცხადებით, „ქართველი ხალხის მეგობარია“. „მეგობარმა ამერიკამ“ ასეთი „დათვური“ სამსახური როგორ გაგვიწია, რომ ხალხის ოფიციალური დამტერორებელი დაგვისვა ხელისუფლებაში“, „დემოკრატიის შუქურაც“ უწოდა და იმ რეფორმებსაც უქებს, რომლებმაც დაგვინგრია ქვეყანა... ამას ეძახის მეგობრობას?

–  რა მოიტანეს ასეთმა ხელდასხმულმა პირებმა – ასეთი „დათვური სამსახური“, არაბულ ქვეყნებშიც დავინახეთ. დასკვნა ერთია – პირველ რიგში, ეკონომიკური ინტერესები არსებობს; დემოკრატია, მრავალპარტიული არჩევნები და სამართლიანობა კი მხოლოდ და მხოლოდ თვალისასახვევი პოპულიზმია.

–  რაც შეეხება ეკონომიკას, ევროკავშირიდან რაღაც რეკომენდაციები მივიღეთ, რომელთაც უკვე სკეპტიკურადაც ვუცქერ. საუბარი ქართული პროდუქციის ევრობაზარზე გატანას ეხება. განადგურებული ეკონომიკის პირობებში, ე.წ. ექსპერტების აზრით, საჭირო ინვესტირებას ინვესტორი მხოლოდ იაფი მუშახელის პირობებში განახორციელებს. ფაქტობრივად, ამერიკულმა პოლიტიკამ, ლათინური ქვეყნების მსგავსად, გაუნათლებელი, მშიერი და იაფი მუშახელის ქვეყანა შეგვიქმნა?

–  მსოფლიო ეკონომიკაში ნაციონალური ძალაუფლებისა და მმართველობის შესუსტების ტენდენციაა. ამით ეკონომიკური ბერკეტები ტრანსნაციონალური კორპორაციების ხელში გადადის. ამას ნაციონალური თვითშეგნებისა და ფასეულობების ნგრევაც ახლავს. ქვეყანაში არა თუ ეროვნული, ნორმალური ხელისუფლების არარსებობის პირობებში, არსებობის გასახანგრძლივებლად ხელისუფლება ამასაც ხელს შეუწყობს.

რაღაცის გაკეთება ჩვენც შეგვიძლია. ჩვენი რესპუბლიკა, თუნდაც, საბჭოთა ეპოქაში, ანგარიშგასაწევი იყო. ახლა საკუთარი ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის აყვავების ნაცვლად დასავლეთის გასაღების ბაზრად ვიქცევით.

–  ამ ტენდენციებს გლობალიზაცია ითვალისწინებს. მსოფლიოს დიდი ნაწილი რუსეთის ბაზრისკენ მიილტვის. ამ არსებულ ბაზარს მავნებლის მეტი ქვეყანას ვინ მოუსპობდა? ყველაფერი შემოტანილია, თანაც, უხარისხო. გამოდის, რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭების ერთ-ერთი მიზეზი დასავლეთისთვის ჩვენთან ეკონომიკური ბაზრის მოპოვებაც იყო, რისთვისაც რუსეთთან ურთიერთობის დაძაბვა გამოიყენეს. სკანდალური ემბარგოც, ალბათ, ისევ ამერიკის დავალებით, ჯერ „ბადაგონის“ ღვინის გადაღვრით, ერგნეთის ბაზრის გადაკეტვით სწორედ ამ ხელისუფლებამ დაიწყო, რითაც ოს და ქართველ ხალხებში პირველი დაძაბულობა შეიტანა...

–  ეს არის ჩვენი ნომერ პირველი სისულელე. ყველა თვალსაჩინო ბრენდი თუ წამყვანი ეკონომიკა ზოგჯერ კრიმინალურ გზასაც ადგება, რუსეთის უზარმაზარ ბაზარზე რომ შეაღწიოს. ეს აბსოლუტურად შეგნებული ქმედება და მავნებლობაა. პირველ პლანზე სახელმწიფოსთვის ქართულ-ოსური ურთიერთობების როლი უნდა ყოფილიყო.

ხელისუფლების ყველა ქმედება, ნაბიჯი, წასვლა-მოსვლა, ჩვენი უმთავრესი ინტერესებიდან უნდა გამომდინარეობდეს და არა – პირიქით. ამერიკა რომ ამერიკაა, რუსეთთან ის არ იფუჭებს ურთიერთობებს. ამდენი წლის მეზობელთან ურთიერთობის დალაგება ჩვენ როგორ ვერ უნდა შევძლოთ? უწმიდესმაც კი ბრძანა, სანამ მზეს შეხედავ, დილით რომ იღვიძებ, პირველს მეზობელს ხედავო. ამ უძლიერესი, თავისთავადი ფაქტორის ყველანაირი სისულელით გადაფარვის პოლიტიკა მიმდინარეობს.

თუნდაც, სტალინის ძეგლი, სამარცხვინო სისულელე – რესტორნებში რუსულად არ ვიმღეროთო... მაშინ პოლიტიკოსები რუსულად ინტერვიუებს რატომ იძლევიან?!. ამ ბუნებრივი არგუმენტაციის გაქარწყლება სურთ, მაგრამ იმდენად დიდი და აშკარაა ზარალი, რომ ეს არანაირად არ გამოვა. ვფიქრობდი, რომ შეუგნებლად მოსდიოდათ, მაგრამ უკვე ცხადია, რომ აშშ ყველანაირად ცდილობს, რუსეთთან მეგობრობის ყველა გზა და ხიდი გადაგვიკეტოს...

–  ჭკვიანური დიპლომატიით, ყველაზე მტკივნეული საკითხის – ტერიტორიების მოგვარება შეგვეძლო. არ გავაკეთეთ! რადგან ამერიკის გეოპოლიტიკისთვის არ იყო ხელსაყრელი. ხალხის ნების უგულებელყოფით, ჩვენი და რუსეთის გაფუჭებული ურთიერთობით რას იგებს ამერიკა?

–  იმას, რომ ჩვენი საშუალებით რუსეთს კავკასიაზე გავლენას უსუსტებს. შეგახსენებთ ცნობილ გამოთქმას: „Кто владеет Тбилиси, тот владеет Кавказом“. ეს არის ყველაფერი! არ აინტერესებთ ჩვენი საუკუნოვანი მეზობლობის არგუმენტი. ჩვენთან თუ რაიმე უსერიოზულესი ხდება, ეს რუსეთშიც ავტომატურად აირეკლება – ამის მოსპობა უნდათ! პრაქტიკულად, ერთ სივრცეში ვართ. ამერიკა კი, ღმერთმა უწყის, სად არის და მხოლოდ რუსეთთან საპაექროდ გვიყენებს!

–  იდეალური ორივე სუპერსახელმწიფოსთან თანაბარი მეგობრობაა, მაგრამ თუ რომელიმეს გავლენას მაინც ვერ უნდა ავცდეთ, ტერიტორიული, ისტორიული, ეკონომიკური, კულტურული და სარწმუნოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, ეს არჩევანი, ამ სახელმწიფოების ჩარევის გარეშე, ხალხმა უნდა გააკეთოს და არა ამერიკის ფულზე გაყიდულმა მმართველმა ჯგუფმა... რაღაც „კავკასიის ევროკავშირზე“ საუბარი, რომელიც საზღვრებს არ გულისხმობს, ისევ რუსეთისთვის „ნაღმის აფეთქებისთვის“ ხომ არ კეთდება და „ჩაფლავებული ფერადი რევოლუციებივით“, ესეც რუსეთის „მოსაგუდავად“ ხომ არ იქმნება?

–  ამაზე მეც მსმენია. არსებობს ასეთი გეგმა. კლიმიაშვილი საუბრობდა ამაზე. ჩემი და თქვენი სამშობლოს დანგრევისა და განადგურების ფასად არაფერი მიღირს. საქართველოს დანგრევით რა მიზნები აქვთ, არ მაინტერესებს. არც თეორიულად და არც პრაქტიკულად არ ვმონაწილეობ.

–  გვახსოვს – აგვისტოს ომით რუსეთს ნიღაბი ჩამოვხსენითო. ეს, ფაქტობრივად, აღიარებაა, რომ განგებ გააკეთეს...

–  როგორ, ნახევარი გული ჩამომაჭერი იმის სანაცვლოდ, რომ მსოფლიოს რუსეთის სახე აჩვენო? ეს რა განცხადებებია ან რა კომენტარი უნდა გავაკეთო?! სანამ ნორმალური – საქართველოს ინტერესების გამტარებელი ხელისუფლება არ გვეყოლება, ათჯერ, ასჯერ უნდა გამოვიდეთ, სანამ საშველი არ დაგვადგება!

სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკური სპექტრი არაკვალიფიციური, „უხარისხო“ და ზედაპირულია. თუნდაც, იმის გამო, რომ აფხაზეთში დავიბადე, გავიზარდე, ერთი ფრაზითაც კი, თხემით ვგრძნობ, იქ რა სიტუაციაა. ამით არავინ ინტერესდება. რამდენიმე ადამიანმა თუ იცის, იქ რა მოხდა. საზოგადოებამ უნდა აკონტროლოს პოლიტიკური სპექტრი – მას დანგრევაც ან ისეთი რამის გაკეთებაც შეუძლია, რაც არ უნდა გააკეთოს. პოლიტიკური სპექტრისაა საქართველო? ჩვენ – ხალხი, სასწრაფოდ გადარჩენის ფუნდამენტალური საკითხებით, ღირებულებებით უნდა დავკავდეთ. ამას პოლიტიკოსობა არ სჭირდება! პრიმიტიული – „სწორხაზოვანი ამერიკული პიარი“ ბევრზე აღარ მოქმედებს.

რუსეთის დღევანდელ მდგომარეობასაც ვხედავთ, მაგრამ ეს უძლიერესი სახელმწიფო   ეკონომიკურადაც და სამხედრო ძალითაც შენი ძლიერი მეზობელია. ამერიკელებს არც რეგიონი სცოდნიათ, რადგან ქართველსაც იმ პრიმიტიულ შაბლონში აქცევენ, როგორც დანარჩენ მსოფლიოს. არანაირი ფასეულობა არ მაინტერესებს, რაც ჩემს ეროვნულ ინტერესს – იდენტიფიკაციას შეეხება. რელიგიური ნიშნით კი საქართველოში არასდროს არავინ იჩაგრებოდა.

უმთავრესი მიზეზი ამერიკის სიყვარულისა არის ფული. თუნდაც ის 1 200 000 მილიონი, რომელიც ყოველწლიურად ლესბოსური ინტერესების დასაცავად იგზავნება საქართველოში... რაღაც სასწრაფოდ თუ არ შეიცვალა, საქართველო დაიღუპება!

 

ბაია ამაშუკელი

საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“