აქტუალური
პაატა მანჯგალაძე - როგორც კი გვექნება 50 ხელმოწერა, დავიწყებთ უნდობლობის პროცედურის გამოცხადებას

 საქართველო, 16 ივლისი, საქინფორმი. „სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივანი, პარლამენტის წევრი პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ როგორც კი ოპოზიციაში 50 დეპუტატის თანხმობა იქნება მთავრობის უნდობლობის საკითხს დააინიცირებენ.

როგორც მანჯგალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, ამ დროისთვის 46 დეპუტატის თანხმობაა, დანარჩენებს კი მოსაფიქრებლად ვადა ხვალამდე აქვთ.

„გომელაურის მოსმენა ჩვენ უკვე დაინიცირებული გვაქვს. მისი დაბარება პარლამენტში „ლელოსთან“ ერთად თვითმმართველობის კომიტეტის ეგიდით მოხდება.

ასევე ჩვენ ინიციატორები ვიყავით უნდობლობის პროცედურის გამოცხადების, მაგრამ არ არის „სტრატეგია აღმაშენებელი“ ისეთი დიდი, რომ შეგვეძლოს 50 კაცის შეგროვება. რამდენიმე პოლიტიკური ჯგუფი ჩამოაყალიბებს ამ საკითხთან დაკავშირებით პოზიციას. როგორც კი გვექნება 50 ხელმოწერა, მაშინვე დავიწყებთ უნდობლობის პროცედურის გამოცხადებას, რაც არის კონსტიტუციური. 50 დეპუტატის მოგროვების პრობლემა თეორიულად არ არის, მაგრამ პრაქტიკულად ჩვენ ამ წუთში 50 ხელმოწერა არ გვაქვს. ამ წუთში არის 46 დეპუტატის თანხმობა, დანარჩენები ფიქრობენ. ვადა აქვთ ხვალამდე აღებული და მოვლენებს არ დავასწრებ. მათი არგუმენტია, რომ მაინც ვერ გავიყვანთ ბოლომდე ამ საკითხს“, - განაცხადა მანჯგალაძემ.