უცხოეთი
რუსეთი უკრაინას სტრასბურგის სასამართლოში უჩივის

 საქართველო, 23 ივლისი, საქინფორმი. რუსეთმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს უკრაინის წინააღმდეგ სახელმწიფოთაშორისი სარჩელით მიმართა.

რუსეთის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, სარჩელი უკრაინის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 33-ე მუხლის საფუძველზე იქნა წარდგენილი.

ეს არის პირველი სახელმწიფოთაშორისი საჩივარი რუსეთის ისტორიაში, რომელიც რუსეთის ხელისუფლებამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს წარუდგინა.

რუსეთი უკრაინას ადამიანის უფლებების "არაერთ დარღვევაში" სდებს ბრალს.

მოსკოვის მიერ მომზადებულ სარჩელში წარმოდგენილია ბრალდებები მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვასთან, სიტყვის თავისუფლების აღკვეთასა და ანექსირებული ყირიმისთვის სასმელი წყლის ბლოკირებასთან დაკავშირებით.

რუსეთის ხელისუფლების მტკიცებით, უკრაინა პასუხისმგებელია "მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვაზე, უკანონო პატიმრობასა და ადამიანების მიმართ არასათანადო მოპყრობაზე, მათ შორის, კიევის ცენტრში მაიდანზე, ოდესაში პროფკავშირების სახლში და დონბასში ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში, განვითარებული მოვლენების დროს".

მოსკოვი თავის სარჩელში ირწმუნება, რომ კიევი დევნის სიტყვის თავისუფლებას, მედიას, ინტერნეტ პლატფორმებსა და პოლიტიკოსებს.

რუსეთის ხელისუფლების მტკიცებით, "უკრაინა ახორციელებს რუსულენოვანი მოსახლეობის დისკრიმინაციას და საზოგადოერივი ცხოვრებიდან რუსული ენის განდევნას ესწრაფვის".

რუსეთი მოითხოვს, ევროპული სასამართლოს დროებითი ზომების ამოქმედებას, რათა "კიევმა დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ისეთ აშკარა დარღვევა, როგორიცაა ყირიმში მტკნარი წყლის ნაკადის გადაკეტვა და ეროვნული და ენობრივი უმცირესობების უფლებების შეზღუდვა".

საჩივარში რუსეთი უკრაინას ადანაშაულებს მალაიზიური ბოინგის დონბასში ჩამოგდებაში, რადგან "ქვეყანამ არ დახურა საჰაერო სივრცე საომარი ზონაში და მოგვიანებით არ გამოიძია ეს გარემოება".

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო საზოგადოება ბოინგის ჩამოგდებაში რუსეთს ადანაშაულებს.

რუსეთს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უკრაინაში არსებულმა ვითარებამ მოსკოვს სხვა გზა არ დაუტოვა, გარდა იმისა, რომ საერთაშორისო სასამართლოსთვის მიემართა.

"რუსეთი ევროპული სასამართლოსგან მოელის მიუკერძოებელ და არაპოლიტიზირებულ დამოკიდებულებას ჩვენი სარჩელის მიმართ", - აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება.

ghn.ge