აქტუალური
ჯუანშერ ბურჭულაძე - მთავარ გამოწვევად რჩება რუსეთის მიერ ჰიბრიდული მეთოდებით ჩვენს წინააღმდეგ ბრძოლა

 საქართველო, 23 ივლისი, საქინფორმი. მთავარ გამოწვევად რჩება რუსეთი და რუსეთის მიერ ჰიბრიდული მეთოდებით ჩვენს წინააღმდეგ ბრძოლა, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მინისტრის თქმით, საქართველო უნდა იყოს ყოველთვის ფხიზლად და მზად რუსეთის მხრიდან მომავალ გამოწვევებთან გასამკლავებლად.

„ჩვენ დღეს წარმოვადგინეთ თავდაცვის სამინისტროს 10-წლიანი გეგმა. ჩვენ ამ მიმართულებით უკვე ერთი წელია ვმუშაობთ. რა თქმა უნდა, ჩართულები იყვნენ ჩვენი პარტნიორები, პარტნიორებთან ერთად შევადგინეთ, ფაქტობრივად, აღნიშნული გეგმა. ასევე, გამოცემულია საშუალოვადიანი გეგმები, რომლებიც პასუხობს 2021 წლიდან 2025 წლამდე გამოწვევებს და მინისტრის ყოველწლიური დირექტივები, რომლებიც უპასუხებს მომდინარე გამოწვევებს. ჩვენი მთავარი პრიორიტეტები, რა თქმა უნდა, არის ჯავშანსაწინააღმდეგო, საარტილერიო, საჰაერო თავდაცვა, საინჟინრო და სადაზვერვო. ეს გაზრდის ჩვენს მობილობას, კონტრმობილობას, შესაძლებლობებს და ჩვენი თავდაცვის ძალებს არსებითად ახალ ეტაპზე გადაიყვანს.

მთავარ გამოწვევად რჩება რუსეთი და რუსეთის მიერ ჰიბრიდული მეთოდებით ჩვენს წინააღმდეგ ბრძოლა. ეს არის როგორც თანამედროვე ტექნიკის გამოყენება, ასევე, სადაზვერვო საშუალებების გამოყენება. უნდა ვიყოთ ყოველთვის ფხიზლად და მზად ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.