უცხოეთი
სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აზერბაიჯანულ მხარეს პროვოკაციულ ქმედებებში ადანაშაულებს

 საქართველო, 2 აგვისტო, საქინფორმი. სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აზერბაიჯანულ მხარეს პროვოკაციულ ქმედებებში ადანაშაულებს. თავდაცვის უწყების მიხედვით, 31 ივლისს, 18:10 საათიდან 18:50 საათამდე, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სხვადასხვა კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნეს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის ერასხის მონაკვეთზე განთავსებული სომხური პოზიციების მიმართულებით.

სამინისტროში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანული მხარის მიერ გახსნილი ცეცხლი მიმართული იყო საკვები პროდუქტებით დატვირთული სატვირთოსკენ, რომლის შედეგადაც მანქანა საგრძნობლად დაზარალდა. ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

თავდაცვის უწყების განცხადებით, სომხურმა მხარემ საპასუხო ზომები მიიღო. ამჟამად სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მდგომარეობა სტაბილურია.

სომხეთის მხრიდან აზერბაიჯანული პოზიციების მიმართულებით ცეცხლის გახსნის შესახებ იუწყება აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროც.

სამინისტროს ინფორმაციით, პირველ აგვისტოს დილის 03:45 საათზე, სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა ვედის რაიონის სოფელ არაზდეიენის მახლობლად მდებარე პოზიციებიდან, ცეცხლი გახსნეს ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის სადარაკის რეგიონის ჰეიდარაბადის დასახლებაში განთავსებული აზერბაიჯანის არმიის პოზიციების მიმართულებით.

ინციდენტს აზერბაიჯანულ მხარეს მსხვერპლი არ მოჰყოლია. თავდაცვის უწყების განმარტებით, აზერბაიჯანელი სამხედროების მიერ საპასუხო ზომები იქნა მიღებული, მითითებულ რეგიონში კი, მდგომარეობა სტაბილურია და ოპერატიულ სიტუაციას აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ.

1tv.ge