აქტუალური
ნატალი საბანაძე გიორგი გახარიას მრჩეველი გახდა

 საქართველო, 2 აგვისტო, საქინფორმი. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ევროკავშირთან საქართველოს მისიის ასევე ყოფილი ხელმძღვანელი ნატალი საბანაძე საერთაშორისო საკითხებში მისი მრჩეველი გახდა.

გახარიამ ამის შესახებ ევროპარლამენარ ვიოლა ფონ კრამონ-ტაბუადელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სადაც მას ნატალი საბანაძეც ახლდა. კრამონი თბილისს სტუმრობს და იგი პოლიტიკური პარტიების ლიდერებს ხვდება.

მას შემდეგ, რაც ევროკავშირის თითქმის ერთთვიანი მედიაციის შემდეგ, მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ პირველ კომპრომისულ დოკუმენტზე შეთანხმება ვერ შეძლეს, ნატალი საბანაძემ ელჩის თანამდებობა დატოვა. მანამდე, ერთი თვით ადრე, გუნდთან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებაზე აზრთა სხვადასხვაობის გამო თანამდებობიდან გადადგა გიორგი გახარია.

ნატალი საბანაძე აღნიშნულ პოზიციას თითქმის რვა წელიწადი, 2013 წლის მაისიდან იკავებდა. დიპლომატიური სამსახურის დაწყებამდე იგი ჰააგაში, ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთო-ს უმაღლესი კომისრის უფროს მრჩევლად მსახურობდა. საბანაძე ფლობს დოქტორის ხარისხს ოქსფორდის უნივერსიტეტიდან და ლონდონის ეკონომიკის სკოლის მაგისტრის ხარისხს.

მანამდე, გიორგი გახარიას მრჩეველი 2013-2015 წლებში ნატოში მუდმივმოქმედი წარმომადგენელი ლევან დოლიძე გახდა. ლევან დოლიძე ნატოსთან საქართველოს მისიის მოქმედი ხელმძღვანელის, ვიქტორ დოლიძის ძმაა.