აქტუალური
პასუხისმგებლობას ვიღებთ - პრემიერი წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებაზე

 საქართველო, 4 აგვისტო, საქინფორმი. მთავრობა თავის თავზე იღებს პასუხისმგებლობას არჩევნების თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში ჩატარებაზე, განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წინასაარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყებიდან მეორე დღეს.

საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ თვითმმართველობის არჩევნების თარიღი – 2 ოქტომბერი დაასახელა. ამ არჩევნებზე ქვეყნის მოსახლეობა მერებსა და საკრებულოს წევრებს აირჩევს.

„მთავრობა იღებს სრულ პასუხისმგებლობას არჩევნების აბსოლუტურად მშვიდ, თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში ჩატარებაზე. მაქსიმალურად ვიქნებით მობილიზებული, რომ ჩავატაროთ სამაგალითო არჩევნები“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნო კამპანია საქართველოში ოფიციალურად მხოლოდ 2 აგვისტოს დაიწყო, პარტიებმა აგიტაცია ბევრად ადრე დაიწყეს.

წინასწარი პროგნოზითა და საზოგადოებრივი მოსაზრების გამოკითხვით, კენჭისყრამდე ორი თვით ადრე უკვე გამოიკვეთა სამი ძირითადი ძალა, რომლებიც ადგილობრივ ორგანოებში ძალაუფლებისთვის იბრძოლებენ. ეს პარტიებია მმართველი „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ექს-პრემიერ გიორგი გახარიას მიერ ივნისში შექმნილი „საქართველოსთვის“.