პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკიდან უნდა გავიდეს და მისი ადგილი პროგრესულმა ძალამ დაიჭიროს

 საქართველო, 19 აგვისტო, საქინფორმი. „ნაციონალური მოძრაობა“ ნელ-ნელა პოლიტიკიდან უნდა გავიდეს და მისი ადგილი საღმა, პროგრესულმა ძალამ დაიჭიროს, - ეს განცხადება დღეს ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ გააკეთა.

მდინარაძის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობა" ჯერ კიდევ მთავარი ოპოზიციური პარტიაა და არის ქვეყნის განვითარების მთავარი შემაფერხებელი.

„თუკი ვთანხმდებით, რომ ამ ქვეყანას დესტრუქცია, საბოტაჟის ენით საუბარი, ქაოსისა და არეულობების მცდელობები აზიანებს, მაშინ ასეთი პოლიტიკური ძალები უნდა დასრულდეს. ეს საზოგადოებამ უნდა უზრუნველყოს.

ჩვენ საზოგადოებას მოვუწოდებთ, რომ თუკი პოლიტიკური ძალა არის დესტრუქციული, მათ მხარი არ დაუჭირონ. ადამიანები, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობას" მხარს უჭერენ, ამაში ბოლომდე კარგად უნდა გაერკვნენ", - განუცხადა ჟურნალისტებს მამუკა მდინარაძემ.