უცხოეთი
ჯო ბაიდენი ავღანეთიდან ჯარების 31 აგვისტომდე გაყვანასთან დაკავშირებით პენტაგონის რეკომენდაციას დაეთანხმა

 საქართველო, 25 აგვისტო, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ავღანეთიდან ჯარების 31 აგვისტომდე გაყვანასთან დაკავშირებით პენტაგონის რეკომენდაციას დაეთანხმა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ერთ-ერთი ოფიციალური პირის განცხადებით, ჯო ბაიდენმა პენტაგონს საჭიროების შემთხვევაში ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის თარიღის გადაწევის შესახებ მიმართა.

ოფიციალური პირის თქმით, პენტაგონმა პრეზიდენტის ადმინისტრაციას განუცხადა, რომ არსებული უსაფრთხოების რისკებიდან გამომდინარე, აშშ-ის ჯარების გამოყვანა გეგმით გათვალისწინებულ თარიღამდე, 31 აგვისტომდე უნდა განხორციელდეს, რაზეც ჯო ბაიდენმა თანხმობა განაცხადა.

მოძრაობა „თალიბანის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ზაბიჰულა მუჯაჰიდმა განაცხადა, რომ აშშ-მა ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესი 31 აგვისტოსთვის უნდა დაასრულოს. მისი თქმით, „თალიბანი“ ევაკუაციის ვადების გახანგრძლივებას არ დაეთანხმება.

1tv.ge