პოლიტიკა
საქართველოს დღევანდელი სასამართლო სისტემა ბევრად უსწრებს ევროკავშირის მოქმედი წევრების სახელმწიფოების სასამართლო სისტემას - ღარიბაშვილი

 საქართველო, 2 სექტემბერი, საქინფორმი. მინდა ყველას შევახსენო, რომ საქართველოს სასამართლო სისტემა და დღეს არსებული სისტემა ბევრად წინ უსწრებს ევროკავშირის მოქმედი წევრების სახელმწიფოების სასამართლო სისტემას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის დაფინანსების საკითხზე კომენტირებისას აღნიშნა, საქართველოს მთავრობამ 150 მილიონის ოდენობით 2020 წელს აიღო სესხი და ამ 150 მილიონი ევროდან ნახევარი გადმოირიცხა შარშან და მეორე ნახევარი მიბმული იყო სასამართლო რეფორმაზე.

„მინდა ყველას შევახსენო, მათ შორის ევროპარლამენტარებს, რომლებიც გამოდიან აღნიშნული განცხადებებით. ჩვენ, ყველამ კარგად ვიცით და გვახსოვს ყველას, როგორი სასამართლო ჩაიბარა „ქართულმა ოცნებამ“, ჩვენ მას შემდეგ არაერთი რეალური და ხელშესახები რეფორმა განვახორციელეთ – სასამართლო რეფორმის ოთხი ტალღა, რამაც რეალურად გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული გახადა და გახსნა მთლიანად ეს სისტემა. ამასთანავე, მინდა ყველას შევახსენო, რომ საქართველოს სასამართლო სისტემა და დღეს არსებული სისტემა ბევრად წინ უსწრებს ევროკავშირის მოქმედი წევრების სახელმწიფოების სასამართლო სისტემას. ყველა კვლევით დასტურდება ეს, მათ შორის ევროკავშირის გამოკითხვებით და ძალიან მაღალია რეიტინგული ორგანიზაციების ჩატარებული კვლევის შედეგად. მინდა გითხრათ, ჩვენ, რა თქმა უნდა, რეფორმებს ვაგრძელებთ, სასამართლო რეფორმაც გაგრძელდება. მინდა აღვნიშნო, რომ იქ საუბარი იყო გარკვეულ ვადებზე. ჩვენ თუ ვსაუბრობთ შარლ მიშელის დოკუმენტზე, რომელიც იყო განსაზღვრული, იქ ვადებიც იყო გაწერილი, დაახლოებით 2022 წლის მაისი ეწერა. ჩვენ გამოვედით მიშელის ხელშეკრულებიდან, ვინაიდან „ნაცმოძრაობამ“ არ მოაწერა ხელი. მათ რომ მოეწერათ, ჩვენ დავრჩებოდით ამ ხელშეკრულებაში. შეთანხმებიდან გამოსვლის მიუხედავად, ვაგრძელებთ და ვართ ერთგული რეფორმების და აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ“, – განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, საქართველოს აქვს მაღალი ეკონომიკური, ორნიშნა ზრდა, რომელიც არ დაფიქსირებულა უკვე 10-12 წელზე მეტია, მეორე კვარტალში იყო 29-პროცენტიანი ზრდა, შვიდ თვეში 12-პროცენტიანი ზრდა, რამაც საშუალება გააჩინა, რომ ბიუჯეტში დამატებით შემოსავალი გაჩენილიყო.

„ამის შედეგად მივეცით ჩვენს თავს უფლება, რომ ეტაპობრივად დაგვეწყო საგარეო ვალის შემცირება. მოგეხსენებათ, შარშან ჩვენ მივიღეთ 3 მილიარდი დოლარის ოდენობის საგარეო ვალი, რაც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვა ჩვენს ქვეყანას. აქედან გამომდინარე, ეს სესხი, 75 მილიონი ევრო, ხაზს ვუსვამ, ეს არ არის ფინანსური დახმარება, გრანტი და ასე შემდეგ, თუმცა ძალიან ბევრი დახმარება მიუღია სახელმწიფოს ევროკავშირისგან, დონორებისგან, ძალიან მადლიერნი ვართ, ყოველთვის ვიქნებით მადლიერი“, – განაცხადა პრემიერმა.