პუბლიკაციები
ბაია ამაშუკელი: მართლმადიდებლურმა საქართველომ რწმენისა და მეზობლისადმი ტრადიციული ერთგულება საკუთარი სისხლის ფასად არაერთხელ დაადასტურა. ჯერი ახლა რუსეთზეა!

baia_photoსაქართველოსთვის ამერიკა-დასავლეთისგან თავსმოხვეული იდეოლოგიის საპირისპიროს დასტური ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს მახათას მთაზე გამართული მსვლელობა იყო. ორასი ათასამდე ადამიანი ტაძრის მშენებლობის ადგილზე, ყოველგვარი პოლიტიკური მოწოდების გარეშე, სარწმუნოებისა და ტრადიციული ფასეულობების სიყვარულმა აიყვანა. პოლიტიკოსებს, გასაგებ მიზეზთა გამო, უჭირთ და ეშინიათ აღიარება, რომ დასავლეთიდან ტირაჟირებული დემოკრატია რადიკალურად ეწინააღმდეგება სამართლიანობისა და ადამიანის უფლებების დაცვის მართლმადიდებლურ პრინციპებს.

დასამალი არც ისაა, რომ თანამედროვე პოლიტოლოგიის დასავლურ სახელმძღვანელოებში ისეთი ტრადიციული რელიგიები, როგორიცაა ისლამი და მართლმადიდებლობა, „დემოკრატიის განვითარების შემაფერხებელ ფაქტორად“ განიხილება. ამის გამო, მართლმადიდებლობასაც, ისლამის მსგავსად, დასავლელი დემოკრატები „ფუნდამენტალისტურ იარლიყს აკერებენ“. არსით კი ფუნდამენტური, რომელიც საფუძვლიანსა და ძირძველს ნიშნავს, ცუდი არ უნდა იყოს. კერძო ეთნოსისა და ტრადიციის მიმართებით, მას თავისი ისტორიული დამოკიდებულება აქვს. ეს ორი რელიგია – ისლამი და მართლმადიდებლობა, განსაკუთრებით კი, ბოლო, რის შემაფერხებელი უნდა იყოს? ერთადერთი, „რის შემაფერხებლადაც“ როგორც ერთ, ისე მეორე სარწმუნოებას შეიძლება მივუდგეთ, ეს დასავლეთის ქვეყნებიდან, „გლობალიზაციის“ სახელით გავრცელებული გარყვნილება და არატრადიციული უზნეობაა. ისიც, არათუ რელიგიურად და ზნეობრივად მოაზროვნისთვის, სამედიცინო განათლების მქონე პირის თვალსაზრისითაც, ჯანმრთელობისთვის საზიანოა; გამომდინარე აქედან, ადამიანის სიცოცხლისთვისაც საშიში და არახელსაყრელი. მართლმადიდებლობასთან მიმართებაშიც მისი აგრესიულობა საერთოდ გაუგებარია (?!).

ყველაფრიდან მხოლოდ ერთი დასკვნის გამოტანა შეიძლება: იდევნება ისეთი რელიგიური მიმდინარეობები, თუნდაც, ისეთი ძველი, როგორიც მართლმადიდებლობაა, რომელიც „ამერიკული დასავლეთის გლობალისტურ ფასეულობებს“ ეწინააღმდეგება. ვინაიდან „გლობალიზაციის სამშობლოც“ ამერიკაა, ესეც მხოლოდ ამერიკისთვის მისაღები, მართლმადიდებლობისთვის კი მიუღებელი ფასეულობების გამო ხდება. ამიტომაც ჩვენს „მეგობრად დასახელებული ქვეყნისთვის“ მართლმადიდებელი სამყაროსთვის ისტორიულად, გენეტიკურად, სარწმუნოებრივად და მენტალურად დამკვიდრებული ღირებულებებიც მიუღებელი და „დამაბრკოლებელი ხდება“.

რა შეიძლება დააბრკოლოს ასეთმა ღირებულებებმა? ადამიანის უფლებების დაცვით გათვალისწინებულ ყველა საკითხს, გარდა ერთისა, მართლმადიდებლობა ეთანხმება. ეს ერთი კი სექსუალური გადახრების მქონე უმცირესობებისა და არატრადიციული რელიგიური სექტების მიუღებლობაა.

არატრადიციული გამოვლენის ეს ფორმები, პირველ რიგში, ადამიანის სიცოცხლის უფლებების დაცვას ეწინააღმდეგება. ერთსქესიანი კავშირებით სექსუალური უმცირესობა კაცობრიობის გამრავლების შემაფერხებელია. არატრადიული რელიგიური სექტები კი, ხშირ შემთხვევაში, ადამიანის სიცოცხლის ხელყოფასაც გულისხმობს და არატრადიციულ სექსუალურ კავშირსაც.

ფართოდ გაცხადებული „მეგობრობისა და პარტნიორობის“ მიუხედავად, „მეგობრად გამოცხადებულ საქართველოს“დასავლეთი ვერ თუ არ გვიღებს ისეთად, როგორიც ვართ – მრავალსაუკუნოვანი ისტორიით, სარწმუნოებითა და, თუნდაც, დასავლეთისთვის მიუღებელი მენტალიტეტით. საქართველოს კი, მისთვის მიუღებელი მენტალობისა და ზნეობის გამო, დასავლეთის არცერთი ქვეყნისთვის მეგობრობაზე უარი არ უთქვამს. მეგობრობაც მეგობრის ნაკლით და, თუნდაც, შენთვის მიუღებელი თვისებებით მიღებას გულისხმობს. დემოკრატიის არსებობაც, ალაბათ, ასე უნდა გავიაზროთ. „შენთვის მისაღებისა“ და „ჩემთვის მიუღებლის“ უარყოფის გამო, „ჩემს ცნობიერებასთან“ ბრძოლა დემოკრატია კი არა, უკვე ძალადობაც, აგრესიაც და ცნობიერების ანექსიაცაა! „მეგობარ დასავლეთს“ კი საქართველოსთან სწორედ „ასეთი მეგობრობა“ წარმოუდგენია. „დახმარებისთვის გამოწვდილი ხელითაც“ „დაფინანსებებისა და გრანტების მაძიებლებს“ – არასამთავრობო სექტორს, ლამის ღია ტექსტით მიეთითებათ ფასეულობების, ღირებულებებისა და ტრადიციული ცნობიერების შეცვლის შესახებ.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დონეზე ფინანსდება სხვადასხვა პროექტი როგორც საგანმანათლებლო, ისე სხვა სისტემების. უნდა ვაღიაროთ, რომ პოლიტიკური ორიენტაციის გამოცვლით ამერიკასთან „დამეგობრებამდე“ საქართველოს ისტორიულ-ტრადიციულ ფასეულობებსა და მენტალიტეტთან „გარედან ბრძოლის“ პრობლემა არასდროს ჰქონია. მისთვის ყოველთვის ტერიტორიული კუთვნილების პრობლემა განიხილებოდა მთავარ საკითხად. მანამდე არც ქვეყნისა და ერის განვლილი ისტორიული გამოცდილება დაყენებულა ეჭვქვეშ.

ევროპული ქვეყნისგან განსხვავებით, საქართველო თავისი განსაკუთრებული ტოლერანტული დამოკიდებულებითაც ბევრისაგან გამოირჩეოდა. უამრავი ტრადიციული კონფესიის სამლოცველოების არსებობაც სწორედ ამაზე მიუთითებს. გრანტებით დაფინანსებული არასამთავრობოების მიერ ექსტრემიზმსა და ფაშიზმში საქართველოს დადანაშაულება აჩენს ეჭვს, რომ ამ სარჩულით დასავლეთს მისთვის მიუღებელი მართლმადიდებლური ფასეულობების განადგურება სურთ. მართლმადიდებლური ფასეულობები კი სწორედ ზოგადსაკაცობრიო ფასეულობების პრინციპებს ეფუძნება. ფაქტობრივად, იგივეა, რასაც ქრისტიანობის ათი მცნება გულისხმობს. მართლმადიდებლობის ფაშიზმად „მომნათვლელი“ ავტომატურად ათი მცნების „ფაშიზმობაზეც აწერს ხელს“. ამით კი ზოგადსაკაცობრიო ფასეულობებს უპირისპირდება.

ქართველი საზოგადოება არატრადიციულად, არამართლმადიდებლურად, ამერიკული იდეოლოგიის მიმბაძველობით დასმენებისა და ჩაშვების „დემოკრატიული ტენდენციის“ დანერგვისგანაც სულ უფრო და უფრო „შორს იჭერს თავს“. აშკარაა, რომ „დასავლური დემოკრატიის“ სახელით განხორციელებული პრინციპებითა და ფორმებით „ამერიკული დემოკრატია“ თავისუფლებასა და ადამიანის უფლებების დაცვას კი არა, „ასეთი დემოკრატიის“ ხელით ქართველი ხალხის უუფლებობას, მონობასა და გაუნათლებელ მუშახელად ქცევას ისახავს მიზნად. ამ მოსაზრებას კიდევ უფრო ამყარებს ევრობაზარზე საქართველოს გასვლის თემა ევროპული არჩევანის სახელით. არარსებული ეკონომიკის პირობებში სახელისუფლებო ექსპერტებიც ინვესტორთა შემოყვანაზე საუბრობენ. აქ კი ერთი მეტად შემაშფოთებელი ფაქტორიც – ინვესტორის იაფი მუშახელით დაინტერესების მოთხოვნა, იკვეთება, რაც პირდაპირ „გლობალიზაციის“ მოთხოვნებში შედის.

ტრანსნაციონალური კორპორაციების მიერ სხვადასხვა ქვეყანაში იაფი მუშახელის ძიება არაერთი ქვეყნის კოლონიად ქცევით დასრულებულა. ეს კი 21-ე საუკუნეში დემოკრატიისა და თავისუფლების სახელით ხდება. გამოდის, საქართველოში 70-იანი წლებიდან განვითარებული დემოკრატიული პროცესები საბოლოოდ მისი „იაფი მუშახელის ქვეყნად“ ქცევას ემსახურებოდა?!

ამერიკას, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით „დემოკრატიის მშენებლობის პრეტენზია“ აქვს, თავისი ქმედებით არაერთხელ დაუდასტურებია, რომ ცალკეული ქვეყნის მიმართ მის პოლიტიკას, „ნამდვილ დემოკრატიასთან“ საერთო არაფერი აქვს. ასე მოხდა ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკის მაგალითზე. ეთნიკური თვითგამორკვევის პრინციპის გამოყენებით, ამერიკის დიდი მხარადჭერით, აყვავებული მართლმადიდებლური ქვეყანა დაინგრა. ყოფილ იუგოსლავიასთან შედარებით, ეკონომიკურად ბევრად ჩამორჩენილი საქართველოს დაშლას, განადგურებასა და გახლეჩას ამერიკა და დასავლეთი ბევრად ნაკლები ძალისხმევით მოახერხებდა, რომ არა მართლმადიდებლური სარწმუნოება.

დამაფიქრებელი უნდა იყოს კონკორდატის, სამოციქულო ეკლესიისა და, საერთოდ, მართლმადიდებლობის მიმართ ამერიკის ადმინისტრაციის მიერ არაერთხელ (ელჩის დონეზეც კი) დაფიქსირებული უარყოფითი პოზიცია. მხედველობაშია მისაღები ისიც, თუ როგორ უსწორდება დასავლეთი, კერძოდ კი, ამერიკა, მისთვის არასასურველ ისლამურ რეჟიმებს; იქნება ეს ადგილობრივი გადატრიალებები, თუ რევოლუციები. ამ პროცესების ხელოვნურ ესკალაციაში ეჭვი არავის ეპარება. „პოსტ ფაქტუმ“ წინასწარ დაგეგმილი სცენარიც საბოლოოდ იშიფრება ხოლმე. „მისი დემოკრატიის შემფერხებელ ფაქტორებს“ ამერიკაც ნებისმიერი გზით ანეიტრალებს. საქართველო კი თავისი სარწმუნოებით ამერიკისთვის სწორედ ერთ-ერთ შემაფერხებელ ფაქტორად განიხილება. ამიტომ ნუ გამოვრიცხავთ, რომ ამერიკა-დასავლეთს ჩვენთვისაც იუგოსლავიის მსგავსი სცენარი ჰქონდეს გამზადებული.

„ამერიკის ქრისტიანობის“ მიუხედავად, „ამ კონფესიის ამერიკელი და დასავლელი მიმდევრები“ თავიანთი პოლიტიკით ქრისტეს მცნებებსაც და ღირებულებებსაც კარგახანია, დაშორდნენ. „სატანისტური სექტაც“ კი, რომლის ქრისტიანობის გვერდით არსებობა წარმოუდგენელი უნდა იყოს, ამერიკაში საარჩევნო სუბიექტადაა დაფიქსირებული და მისი წევრები ხმას აძლევენ საარჩევნო კანდიდატს. ტრადიციული სარწმუნოებებისთვის მიუღებელი ფასეულობებიც სწორედ მათთვისაა მისაღები.

გამომდინარე ზემოთქმულიდან, მართლმადიდებელ მეზობელთან ურთიერთობის მოწესრიგება კვლავ უმთავრეს ფაქტორად რჩება. თუმცა აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს „მართლმადიდებელი მეზობელი“ მეორე ერთმორწმუნესთან ხშირად არცთუ სათანადოდ იქცევა.

რუსეთი საქართველოსაც და ქართველსაც დასავლეთსა და ამერიკაზე ბევრად უკეთ იცნობს. საქართველოც, როგორც „კავკასიის ჭიპი“, ამერიკაზე არანაკლებ საინტერესოა მისთვისაც. კეთილი ნების შემთხვევაში, რუსეთს თავისუფლად შეუძლია საქართველოს კეთილგანწყობის მოპოვება. შესანიშნავად იცის, რას ნიშნავს საქართველოსთვის მიწაწყალი და მანიპულირებს კიდეც ამით. ამასობაში კი ამერიკა „თავის საქმეს აკთებს.“ ეს კი ორი მართლმადიდებლური ქვეყნის საბოლოო გადაკიდებას და „დაყავი და იბატონეს“ პრინციპით ორივეს ცალ-ცალკე განადგურებას გულისხმობს.

რუსეთის ხელმძღვანელობა ამ გარემოებას ან არ ითვალისწინებს, ან უკვე იქაც, საქართველოს მსგავსად, ამერიკული პოლიტიკის „გავლენის აგენტები“ მოქმედებენ. საქართველოს მიმართ გატარებული პოლიტიკა არც რუსეთს და არც ჩვენ სასურველ შედეგს არ მოგვიტანს. „გეიაღლუმების“, მომრავლებული მაგებისა და ჯადოქრების წამახალისებელი რუსეთი „სერაფიმ საროველის, დედა მატრონასა და ქსენია პეტერბურგელის რუსეთი“ აღარ იქნება. მას ამერიკა დაშლის, „გადაყლაპავს“ და „მსოფლიო მთავრობასაც“ ისევე მიუერთებს, როგორც არაერთი ქრისტიანული ქვეყანა მიუერთა.

რუსეთის ხელმძღვანელობა დღეს ამაზე არ ფიქრობს. ხვალ კი შესაძლოა, ძალზე გვიან იყოს. მართლმადიდებლურმა საქართველომ რწმენისა და მეზობლისადმი ტრადიციული ერთგულება საკუთარი სისხლის ფასად არაერთხელ დაადასტურა. ჯერი ახლა რუსეთზეა!

 

 

ბაია ამაშუკელი

საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“