სამართალი
გივი მიქანაძე: 15 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია პირდაპირ კავშირშია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და „ევროპულ საქართველოსთან“

 საქართველო, 10 სექტემბერი, საქინფორმი. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიები არ აწარმოებენ წინასაარჩევნო აქტიურ კამპანიას, რაც ამყარებს განცდას, რომ ისინი არა 2 ოქტომბრის არჩევნებისთის, არამედ 3 ოქტომბრის დესტრუქციისთვის ემზადებიან.

მისივე თქმით, მიზანშეწონილად მიაჩნიათ, საზოგადოებას მიაწოდონ დეტალური ინფორმაცია, „რადიკალური ოპოზიციის ქვეყნისთვის დამაზიანებელი საქმიანობისა და გეგმების შესახებ“.

„მოგეხსენებათ, რომ არჩევნებამდე სამ კვირაზე ოდნავ მეტი დრო რჩება და ოპოზიციური პარტიები, განსაკუთრებით კი რადიკალური ოპოზიცია არ აწარმოებს წინასაარჩევნო აქტიურ კამპანიას, რაც ამყარებს იმის განცდას, რომ ისინი არა 2 ოქტომბრისთვის, არჩევნებისთის, არამედ 3 ოქტომბრის დესტრუქციისთვის ემზადებიან. ამ მხრივ სხვადასხვა მექანიზმები აქვთ ჩართული და მრავალი მიმართულებით აწარმოებენ აქტიურ პროვოკაციულ საქმიანობას. ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი ხელისუფლება, მიზანშეწონილად მივიჩნევთ, რომ საზოგადოება დეტალურად იყოს ინფორმირებული რადიკალური ოპოზიციის ქვეყნისთვის დამაზიანებელი საქმიანობისა და გეგმების შესახებ, რომლითაც მათ სურთ, შეამზადონ სიტუაცია და შექმნან ფონი ვითომდაც 2 ოქტომბრის არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა მიქანაძემ.

გივი მიქანაძის განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში ჩატარებული არჩევნებიდან მიღებული გამოცდილება ნათელს ხდის, რომ არჩევნებს ნეიტრალურ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, აკვირდებიან ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციებიც, რომლებიც პირდაპირ აფილირებული არიან სხვადასხვა პოლიტიკურ სუბიექტთან.

„ხშირ შემთხვევაში, მსგავსი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლების ძირითად მიზანს წარმოადგენს საარჩევნო უბნებზე საარჩევნო პროცესის კანონმდებლობის შესაბამისად მიმდინარეობისთვის ხელის შეშლა და პროვოკაციული მოქმედებების განხორციელება, რათა როგორც საერთაშორისო პარტნიორებსა და მოკავშირეებს, ისე ჩვენს საზოგადოებას წინასწარ შეექმნას აღქმა ქვეყანაში საარჩევნო პროცესის ვითომდაც „კანონდარღვევით“ მიმდინარეობასთან დაკავშირებით. ოპოზიციური პარტიებისთვის არასასურველი შედეგის დადგომის შემთხვევაში, მათი უმრავლესობის მხრიდან ადგილი აქვს აღნიშნული „აღქმების“ გამოყენებას, ჩატარებული არჩევნების „გაყალბებულად“ წარმოჩენასა და საერთაშორისო საზოგადოებისა და ქართველი ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანის მცდელობას, რისი ნათელი გამოხატულებაც იყო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დღესა და შემდგომ პერიოდში განვითარებული დესტრუქციული მოვლენები. შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩვენ საზოგადოებას და დასავლელ პარტნიორებს წარვუდგინეთ ინფორმაცია და ვამხილეთ ის ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები, რომლებიც პირდაპირ კავშირში იყვნენ კონკრეტულ ოპოზიციურ პოლიტიკურ სუბიექტებთან (ძირითადად „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“, „ევროპულ საქართველოსა“ და „სტრატეგია აღმაშენებელთან“). ცესკო-ს მიერ, მაშინ რეგისტრირებული 120 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციიდან 32 საჯარო წყაროებით იყო მხილებული, როგორც აფილირებული აღნიშნულ ოპოზიციურ პარტიებთან. წელსაც ჩვენ განვახორციელეთ ცესკო-ს მიერ რეგისტრირებული ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების შესწავლა, რის შედეგადაც 8 სექტემბერს რეგისტრირებული ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან დაკავშირებით წარმოგიდგენთ დღეს ანგარიშს. აქვე აღვნიშნავთ, რომ ყველა მოპოვებული ინფორმაცია და მტკიცებულება წარმოადგენს საჯარო წყაროებით ხელმისაწვდომ ინფორმაციას“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

გივი მიქანაძის განმარტებით, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აფილირებული ორგანიზაციები არიან: სამოქალქო პლატფორმა 20/20; განათლების პროფესიული კავშირი; ანტიკორუფციული მედია ცენტრი; ალტერნატივა ნჯო; ამერიკის მხარდამჭერთა ლიგა; ახალგაზრდა თაობა; დევნილთა და სოციალურად დაუცველთა ორგანიზაცია თანადგომა; სოციალური გარემო; ახალგაზრდული ინიციატივა მომავალი საქართველოსთვის; აჭარის განვითარების ცენტრი; ახალგაზრდები ევროპული მომავლისთვის; მოძრაობა საქართველოს მომავლისთვის.

მისივე თქმით, „ევროპულ საქართველოსთან“ აფილირებული ორგანიზაციები არიან: დემოკრატიული საზოგადოება; მოძრაობა საქართველოს ერთობისა და გერთიანებისთვის; საქართველოს ერთიან ახალგაზრდათა კავშირი.

გივი მიქანაძე განმარტავს, რომ აღნიშნული 15 ორგანიზაციიდან მხოლოდ ერთს არ განუხორციელებია სადამკვირვებლო ღონისძიებები გასულ არჩევნებზე.

14 ორგანიზაციის დამკვირვებელთა რაოდენობა გასული საპარლამენტო არჩევნების ჭრილში – თუ დავაჯამებთ, ვნახავთ, რომ 14 ორგანიზაცია, რომელიც დღეს იქნა მხილებული კონკრეტულ რადიკალურ ოპოზიციურ პარტიებთან ურთიერთობაში, ჯამში მოიცავს 10 000-მდე დამკვირვებელს. ეს ბევრად მეტია, ვიდრე სხვა ნეიტრალური, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ თავისი რესურსითა და სხვადასხვა დონორული მხარდაჭერით უზრუნველყოფილი სადამკვირვებლო მისიები. ჩვენთვის უცნობია და საერთოდ არ არის ამ პროცესის გამჭვირვალობა, თუ საიდან იღებენ ეს ადამიანები აღნიშნულ დაფინანსებას, როგორ შეუძლიათ მათ, რომ ასეთი რაოდენობის დამკვირვებლები ჰყავდეთ. ეს ციფრი ჯამურად წარმოადგენს 2020 წლის საერთო დამკვირვებელთა რაოდენობის 21 პროცენტს. საჯაროდ მოვუწოდებთ ამ ორგანიზაციებს, წარმოადგინონ საზოგადოების წინაშე ინფორმაცია იმ დაფინანსებების შესახებ, რომლითაც მათ განახორციელეს გასულ წელს აღნიშნული ადამიანების მხარდაჭერა იმისთვის, რომ მათ სადამკვირვებლო მისიები განეხორციელებინათ, ისევე როგორც ჩვენთვის ძალიან გასაკვირი იყო, რომ ფაქტობრივად, არც ერთი სადამკვირვებლო ორგანიზაციის ანგარიშში არ მოხვდა ინფორმაცია, თუ რა მხილებები გავაკეთეთ ჩვენ ამ ორგანიზაციებთან დაკავშირებით 2020 წლის არჩევნებამდე. ახლაც მოვუწოდებთ ამ ორგანიზაციებს, რომლებიც ნეიტრალური ორგანიზაციები არიან და სადამკვირვებლო მისიას ეწევიან, დაინტერესდნენ ამ ორგანიზაციების დაფინანსებით, გამჭვირვალობით, მათი საქმიანობით. თუნდაც მოხალისეობრივი თემაც რომ იყოს, შეუძლებელია, ეს გარკვეულ ხარჯებთან არ იყოს დაკავშირებული, რომელიც თუნდაც ტრანსპორტირების, კვების, გარკვეული ეკიპირების უზრუნველყოფასთან იყოს დაკავშირებული. ჩვენთვის საინტერესოა, საიდან აქვთ ამ ორგანიზაციებს, რომლებიც საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი არიან, ეს თანხები. ჩვენი ძალიან საფუძვლიანი ვარაუდით იკვეთება, რომ ესენი არიან პირდაპირ კავშირში კონკრეტულ ოპოზიციურ პარტიებთან – „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და „ევროპულ საქართველოსთან“, მათ სავარაუდოდ აქვთ ამ პოლიტიკური ორგანიზაციებიდან ფინანსური მხარდაჭერა“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

გივი მიქანაძემ ბრიფინგზე აღნიშნული ორგანიზაციების შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინა.