საზოგადოება
„პატრიოტთა ალიანსმა“ თბილისის მერობისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, ასევე პარტიული სიის ათეული წარადგინა

 საქართველო, 13 სექტემბერი, საქინფორმი. „პატრიოტთა ალიანსმა“ თბილისის მერობისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, ასევე პარტიული სიის ათეული წარადგინა. „პატრიოტთა ალიანსის“ მხრიდან დედაქალაქის მერობისთვის გიორგი ლომია იბრძოლებს. დღეს გამართულ ღონისძიებაზე ასევე აღინიშნა, რომ მცხეთის მერობის კანდიდატი ნანა დევდარიანი იქნება, რუსთავის – თორნიკე არევაძე, რომლის ოფიციალური წარდგენა 12 სექტემბერს ქალაქ რუსთავში გაიმართება.

თბილისის მერობის კანდიდატმა, გიორგი ლომიამ საკუთარ ამომრჩევლებს გააცნო თბილისის 10 ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატები, რომლებიც ასევე დედაქალაქის საკრებულოს პროპორციული სიის პირველ ათეულში არიან წარმოდგენილი. პარტიის ლიდერმა და კანდიდატებმა იმ პრიორიტეტულ საკითხებზეც ისაუბრეს, რომლის მოგვარებას შეუდგებიან გამარჯვების შემთხვევაში. კერძოდ, საარჩევნო გეგმაში აქცენტები სოციალურ მიმართულებაზეა გაკეთებული. მათი თქმით, ქვეყანაში მთავარ გამოწვევას სიღარიბის აღმოფხვრა წარმოდგენს.

„ადამიანებზე არის დამოკიდებული ჩვენი ხვალინდელი გამარჯვება. ჩვენი პროგრამა ითვალისწინებს არა უბრალოდ დახმარებას გაჭირვებული ოჯახებისთვის, არამედ მათ გამოყვანას ამ გაჭირვებიდან. ჩვენ ვსაუბრობთ, მუნიციპალურ აფთიაქებზე, მუნიციპალურ პოლიკლინიკებზე, მუნიციპალურ საავადმყოფოებზე, სადაც ხარისხიან და დროულ მომსახურებას აღმოუჩენენ იმ ადამიანებს, რომლებსაც ეს დასჭირდებათ. სოციალური ჯგუფი ძალიან დაბალ ფასში იყიდის წამალს და ზოგიერთისთვის იქნება უფასო. ჩვენ ვთავაზობთ უფასო ტრანსპორტს, მაგრამ არ იფიქროთ, რომ ეს ილუზიებია. ეკონომისტები მუშაობდნენ ამ პროექტზე. საუბარი მიდის, რომ რომელიმე ავტობუსის ხაზი თუ სამარშრუტო ხაზი ივლის კონკრეტულ დროში, შეიძლება ერთი საათის ინტერვალით, მაგრამ იქნება სრულიად უფასო“, – განაცხადა გიორგი ლომიამ.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, დავით თარხან-მოურავის თქმით, თუ არ იქნება წვრილი და საშუალო ბიზნესი, ქვეყანა ვერასოდეს გამოვა უკიდურესი მდგომარეობიდან.

„რას ვთავაზობთ საზოგადოებას – ჩვენს ქვეყანაში არ არის წვრილი და საშუალო ბიზნესი, თუ ეს არ იქნება, ჩვენი ქვეყანა ვერასოდეს ამოვა ამ უკიდურესი ეკონომიკური ორმოდან. პირველი, რაც შეიძლება გაკეთდეს, როგორც სახელმწიფო დონეზე, ასევე მუნიციპალურ დონეზე, ეს არის: შეირჩეს ოჯახები, რომლებიც მიიღებენ საჩუქრად სახელმწიფოსგან მცირე წარმოებებს და შეიქმნება პროდუქცია ქვეყანაში, აღარ გახდება იმპორტი საჭირო. თბილისის მასშტაბით, ბიუჯეტიდან შეიძლება გამოიყოს 2,3 ან 4%-იც კი ამ საქმეზე. ეს უზარმაზარ ბიძგს მისცემს ეკონომიკას. მეორე საკითხი, თუ ჯერჯერობით ვერ ვასაქმებთ ადამიანებს, მაშინ კაცს ის პირობა მაინც უნდა შეუქმნა, რომ ეს სამსახური მან თვითონ მოძებნოს. მაგრამ ვერ მოძებნის, თუ დილით ფიქრობს, ბავშვებს რა აჭამოს. ამიტომ ვამბობ, საჭიროა უფასო სასადილოების ქსელი, რომელიც იქნება, ხელმისაწვდომი ყველასთვის“, – განაცხადა დავით თარხან-მოურავმა.