პუბლიკაციები
ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოიცა საქართველოს რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის, ბატონი ზვიად გამსახურდიასადმი მიძღვნილი წიგნი

  საქართველო, 23 სექტემბერი, საქინფორმი. "თავიანთ დროზე დაწინაურებულნი" - ასე ჰქვია ნიკოლას გორჯესტანის (კოკი გუგუშვილის) ახლახანს აშშ-ში გამოსულ წიგნს (რედაქტორი კოკი გუგუშვილი (NIKOLAS GORJESTANI), კონსულტანტი კონსტანტინე გამსახურდია).ძალიან საინტერესო პარალელური ბიოგრაფიებია ამ წიგნში: ესაა ირანის პრემიერი მოჰამედ მოსადეყი, (1951-1953 წლებში) ვინც გასული საუკუნეში დაამხო და ფიზიკურად გაანადგურა მხოლოდ ეკონომიკურ პროფიტზე, დომინირებაზე და ძალაუფლებაზე აგებულმა მსოფლიო “ბიოპოლიტიკამ” (ესაა ფრანგი გენიოსის, ფილოსოფოს მიშელ ფუკოს ტერმინი) და ზვიადი, რომელიც ასეთივე ბიოპოლიტიკოსებმა და მათმა პროვინციულმა მაჩანჩალებმა დაასრულეს. მაგრამ კვალი ისტორიას მაინც რჩება. ნიკოლას გორჯესტანი, რასაკვირველია, ქართველია, რომელიც ამჟამად აშშ-ში მოღვაწეობს. კოკი ასეთ ამბავს ჰყვება: დღესაც ირანში რაიმე პრობლემაზე ამ პრემიერის სურათი მაინც უჭირავთ. რატომ? ეკითხები. «მოსადეყის დროს ეს პრობლემა ხომ არ იყო. მოსადეყი დღეს რომ ცოცხალი იყოს, ეს პრობლემა მოგვარებული იქნებოდა», - გპასუხობს ირანელი.