უცხოეთი
აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ, მათი ცნობით, დაღუპულია ერთი აზერბაიჯანელი და დაშავებულია 6 სომეხი სამხედრო

 საქართველო, 15 ოქტომბერი, საქინფორმი. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა სომხეთის პოზიციებს სასაზღვრო ზონაში ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც 6 სომეხი სამხედრო დაიჭრა,

„აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა არცახის აღმოსავლეთ სასაზღვრო მონაკვეთზე დისლოცირებულ თავდაცვის არმიის პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგად 6 სომეხი სამხედრო დაიჭრა,“-აცხადებენ სომხეთის თავდაცვის უწყებაში.

განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს აზერბაიჯანული მხარე. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, უკანონო სომხური დანაყოფების სნაიპერის მიერ ნასროლ ტყვიას აზერბაიჯანელი სამხედრო ემსხვერპლა.

"უკანონო სომხურმა შეიარაღებულმა დანაყოფებმა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, სადაც რუსი სამშვიდობოები დროებით არიან განლაგებული, კვლავ ჩაიდინეს ტერორისტული აქტი. უკანონო შეიარაღებული დანაყოფების სნაიპერის მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად აზერბაიჯანის არმიის ჯარისკაცი დაიღუპა", – აღნიშნულია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყებამ მოგვიანებით კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა. მათი მტკიცებით, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე,სადაც დროებით რუსი სამშვიდობოები არიან განლაგებულები, უკანონო სომხურ დანაყოფებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც არიან გარდაცვლილები და დაჭრილები.

„აზერბაიჯანის არმიას ამ ინციდენტთან არანაირი კავშირი არ აქვს,“- ნათქვამია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

interpressnews.ge