სამართალი
იულია ტიმოშენკო: მიშა, მინდა გთხოვო შეწყვიტო შიმშილობა, შენს ქვეყანას ცოცხალი და ჯანმრთელი სჭირდები

 საქართველო, 15 ოქტომბერი, საქინფორმი. ძვირფასო მიშა, კარგად ვიცი, პატიმრობაში ყოფნისას შიმშილობა თითქმის ერთადერთი ფორმაა პროტესტის გამოსახატად. ასევე მშვენივრად ვხვდები შენს მოტივებს, თუ რატომ იყავი იძულებული ასე მოქცეულიყავი, მაგრამ მინდა უმორჩილესად გთხოვო, შეწყვიტო შიმშილობა. შენს ქვეყანას ცოცხალი, ჯანმრთელი და ძლიერი სჭირდები, - ამის შესახებ უკრაინის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, იულია ტიმოშენკომ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომელიც თავისუფლების მოედანზე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მიმდინარე აქციაზე გაუშვეს.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი საპატიმროდან უნდა გათავისუფლდეს.

მინდა გამოვხატო ჩემი გულწრფელი და ღრმა მხარდაჭერა მიხეილ სააკაშვილის მიმართ. 2005 წელს პრემიერ-მინისტრის რანგში, პირველი ვიზიტი სწორედ საქართველოში განვახორციელე, ჩვენთან ყველაზე ძმურ სახელმწიფოში. ჩვენ ყურადღებით ვადევნებდით თვალს საქართველოში მიმდინარე რეფორმებს და გულწრფელად ვგულშემატკივრობდით „ვარდების რევოლუციას“ და მის წარმატებას. შემდეგ კი, თავადაც წავედით მსგავსი რევოლუციური გზით. მე და მიხეილს განსხვავებული პოზიციები გვქონია, ბევრგზის გვიკამათია, მაგრამ ყველაფერი ადამიანურია. ერთი დანამდვილებით ვიცი, რომ ის გულწრფელად გულშემატკივრობს ძლიერ და დემოკრატიულ უკრაინას. მას უსაზღვროდ უყვარს და იბრძვის დემოკრატიული, თავისუფალი და მყარად მდგომი საქართველოსთვის და ეს მისთვის უმთავრესია. მე თავად გავიარე პოლიტიკური რეპრესიები და კარგად ვიცი რას ნიშნავს პოლიტპატიმრობაში ყოფნა, ამას არასოდეს არავის ვუსურვებ. უსამართლოა ადამიანისთვის თავისუფლების წართმევა, პოლიტიკური ბრძოლისა და შეხედულების გამო. ამის გამო მიმაჩნია, რომ მიხეილს აქვს უდავო და უპირობო უფლება, იყოს თავისუფალი თავის სამშობლოში და არა ციხეში. სწორედ თავისუფლებაში მყოფმა დაიცვას თავისი მშობლიური საქართველო.

ძვირფასო მიშა, მე როგორც არავინ, კარგად ვიცი პატიმრობაში ყოფნისას შიმშილობა თითქმის ერთადერთი ფორმაა პროტესტის გამოსახატად. ასევე მშვენივრად ვხვდები შენს მოტივებს, თუ რატომ იყავი იძულებული ასე მოქცეულიყავი, მაგრამ ამავე დროს, მინდა უმორჩილესად გთხოვო, შეწყვიტო შიმშილობა. შენს ქვეყანას ცოცხალი, ჯანმრთელი და ძლიერი სჭირდები. ასევე მივმართავ მის მხარდამჭერებს, მიმართონ თხოვნით მათ ლიდერს, შეწყვიტოს შიმშილობა, - ეს მნიშვნელოვანია მისი სიცოცხლისა და თქვენი საერთო ბრძოლისთვის. მიხეილ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს. მიშა შეხვედრამდე თავისუფლებაზე“, - განაცხადა ტიმოშენკომ.